წინათქმა

„დავითიზმი იყო საუკუნეებით ჩამოყალიბებული ქართველთა ეთნოფსიქოლოგიის მსხვრევა“.

ნორმალური ადამიანი, და განსაკუთრებით ქართველი (კავკასიელი), უაღრესად პატივმოყვარეა. პატივმოყვარეობის შელახვა მისთვის იმდენად ძლიერი ფსიქოლოგიური დარტმაა, რომ  იწვევს გონების თითქმის სრულ პარალიზებას – საღი აზროვნების უუნარობას გარკვეულ ეტაპზე. შემდეგ  იწყება გამოსავლის ძიება.  გონება იყენებს ყველა საშუალებას, ნებისმიერ ხერხს, რათა დაიხსნას თავი წყვდიადიდან და აღიდგინოს შელახული პატივმოყვარეობა…

ქართველი უძლებს ნებისმიერ გაჭივრებას. ვერ ეგუება პატივმოყვარეობის შელახვას. აქ მეორე ხარისხში გადადის სამშობლოც, დედაც, მამაც, შვილიც და ყველა ადამიანური ღირებულება. ასე იყო საუკუნეების მიღმა და ასეა დღესაც. მეცნიერები ხშირად კამათობენ ჩვენი ისტორიისათვის  დამახასიათებელ ყველაზე  მწვავე და გავრცელებულ ფაქტებზე – ღალატზე, ორგულობაზე, შინაგამცემლობაზე, ჩვენს მერყევ ბუნებაზე და სხვ. რატომ?  რატომ ხდებოდა, რომ ქართველთა შინაგამცემლობამ და ღალატმა პერმანენტული ხასიათი მიიღო, განსაკუთრებით გვიანფეოდალურ ხანაში და საბედისწერო გამოდგა ქართველი ხალხისთვის? ყველაფერს ამას აუცილებლად აქვს თავის გასაღები, რომელიც ქართულ მენტალიტეტში უნდა ვეძებოთ.

ერთერთი უძველესი ცნობა ქართველთა მენტალიტეტის შესახებ გადმოცემული აქვს ლეონტი მროველს. მისი სიტყვებით: „მას ჟამსა შინა ზრახვა ჰყვეს ერისთავთა ქართლისათა და თქუეს: „არა კეთილად არს ჩუენდა, რათამცა ვმსახურებდეთ ნათესავსა ჩვენს, არამედ ვიყოთ ერთად, და მოვკლათ ჩუენ საურმაგ, და ვიყვნეთ ჩუენ თავისუფალ, ვითარცა ვიყვენით პირველ, და მივსცემდეთ ხარკსა ვინცა–ვინ გამოჩნდეს მძლე, რამეთუ ესრეთ ყოფითა უფრო განვისვენებთ“ (ქართლის ცხოვრება, I, გვ.26)

იდეალური მასალაა, პირდაპირ ზედმიწევნით ასახავს ჩვენს ბუნებას 2300 წლის წინ და დღეს. საურმაგი იყო ფარნავაზის შვილი. ფარნავაზი ტახტზე ავიდა ძვ.წ. III საუკუნის 80–იან წლებში და ხელისუფლება ეპყრა 65 წელი. ფარნავაზი იყო მეფე–რეფორმატორი. მან მოაწესრიგა ქვეყნის საშინაო ცხოვრება. გაატარა ადმინისტრაციული, რელიგიური, კულტურულ–საგნმანათლებლო რეფორმები. საფუძველი დაუდო ქართველურ ტომთა ერთიანობის იდეას და პრაქტიკული მოქმედებით სისრულეშიც მოიყვანა. ქართული სახელმწიფოს წარმოქმნა და საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა მის სახელთანაა დაკავშირებული. მის პოლიტიკას აგრძელებს საურმაგიც. მან მამის მსგავსად მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა ცენტრალური ხელისუფლების გასაძლიერებლად. კერძოდ, ჩრდილოკავკასიელ ტომთა ნაწილის საქართველოში გადმოსახლება და მათთვის მიწების დარიგება: „მაშინ ამან საურმაგ წამოიყვანა იგინი ყოველთა კავკასიის ნათესავთა ნახევარნი, და რომელნიმე მათგანნი წარჩინებულ ყვნა,  და სხუანი დასხნა მთიულეთს, დიდოეთითგან ვიდრე ეგრისამდე, რომელ არს სუანეთი, და ესენი დაიპყრნა მისანდობელად თვისად, დედულნი“ (ქართლის ცხოვრება, I, გვ.27)

რატომ ურჩევნიათ ქართველ ფეოდალებს (ერისთავებს) მოკლან თავიანთი („ნათესავსა ჩვენს“)  მეფე, დაემორჩილონ უცხო ძალას,  ხარკი უხადონ მას, სამაგიეროდ  „თავისუფლება“ შინარჩუნონ? მაგრამ თავისუფლება სხვისი მორჩილების ფასად? ეს ხომ აფსურდია!  აქ საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ფარნავაზისა და მისი შვილის, საურმაგის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად შეიზღუდა ერისთავთა უფლებები. მათი მოქმედების ჩარჩოები შეკვეცა სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელმა ინსტიტუტებმა, რამაც შელახა ფეოდალთა პატივმოყვარეობა. მაგრამ უცხო ძალაც ხომ ლახავდა მათ პატივმოყვარეობას? ხარკის გადახდაც ხომ დამამცირებელია? როგორც ჩანს, ამ ფაქტიდან,  ქართველი დიდგვაროვნები ჯერ კიდევ მაშინ უპირატესობას ანიჭებდნენ უცხო ძალას, უცხოს. (რატომ ზის ქართულ ლექსიკაში სიტყვა საუცხოო?„დავითიზმი“ ბრძოლაა უცხოს მიმართ ამგვარი დამოკიდებულებისა) უცხო ძალა ვერ ლახავს მათს პატივმოყვარეობას ისე როგორც  თვისტომი ქართველი მეფე, რომელიც გაცილებით უფრო მომთხოვნი და მკაცრია მათ მიმართ, რადგან ქვეყნის ძლიერებისათვის ასეთ პოლიტიკას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამიტომ საჭიროა მისი მოცილება – მერე რა, რომ ამას შენი სახელმწიფოს ძლიერება ეწირება, სამაგიეროდ იკმაყოფილებ შენს დაუცხრომელ პატივმოყვარეობას.

მაინც როგორია ეს ქართული მენტალიტეტი? რა ფენომენია? არის რამე განსაკუთრებული მასში?

ისტორიკოსის ვალია  შეაიარაღოს მომავალი თაობები ისეთი ცოდნით, რომელიც დაეხმარება მათ, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებაში,  არ მისცემს საშუალებას  ინდეფერენტულად უყურონ  ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. მისცემს უნარს, სწორად გაიაზრონ;  რა მოუტანს  ქვეყანას ხანგრძლივ კეთილდღეობას, და რა არა? რა შეიძლება მოჰყვეს დროებით კეთილდღეობას? რა არის ამოსავალი წერტილი ჩვენი სახელმწიფოებრივი არსებობის? როგორია  ერის მენტალიტეტი? და სხვ. სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი კი, შეიძლება ქვეყანას ძალიან ძვირად დაუჯდეს. (სამწუხაროდ,  ეს, ჩვენს ქვეყანას, მისი სახელმწიფოებრივი არსებობის მანძილზე, ბევრჯერ დაემართა)

1992 წლის 13 ნოემბერს, ისტორიის ინსტიტუტში შევხვდი ისტორიკოს ლოვარდ ტუხაშვილს. (თარიღი იმიტომ მახსოვ ასე ზუსტად, რომ წიგნზე გაკეთებულია  წარწერა –  „ჩემს მამუკას სიყვარულით და პატივისცემით  ლ. ტუხაშვილი 13. XI. 92) ურთიერთ მოკითხვის შემდეგ, გახსნა ჩანთა, ამოიღო მცირე ზომის წიგნი და გადმომცა საჩუქრად. სკოლის პერიოდიდან ვიცნობდი მას. ხშირი სტუმარი იყო ჩვენი ოჯახის.  გვიწევდა კახეთში ერთად მგზავრობა, (თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში ლექციებს კითხულობდა)  ვალერიან ელანიძის ოჯახში სუფრაზე ყოფნა. ძალიან ემოციური იყო, როდესაც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებზე დაიწყებდა მსჯელობას. უყვარდა ისტორიული ფაქტების მაღალფარდოვანი სიტყვებით გადმოცემა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ისტორიკოსებს არ ჰქონდათ თავისუფალი აზრის გამოთქმის საშულება, ჩვენი ქვეყნისათვის განსაკუთრებით მტკივნეულ, ისტორიულ პროცესებთან დაკავშირებით.  მისი თაობის ისტორიკოსებისაგან, უფრო პირად საუბრებში გაიგონებდი რეალურ, ისტორიულ სინამდვილეს, ვიდრე მათ ნაშრომებში.

მას შემდეგ ოცი წელი გავიდა. ისტორიისათვის ეს ძალიან მცირე დროა, მაგრამ განსაკუთრებით ეს ოცწლიანი მონაკვეთი აღმოჩნდა საქართველოს ისტორიისათვის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო, –  დხუნძლული ისტორიული ფაქტებით და დამოვლენებით: სამოქალაქო ომებით, სახელმწიფო გადატრიალებებით, რუსული აგრესიებით, მშვიდობიანი რევოლუციებით, ხელისუფლების გადაბარებით და სხვა უამრავი ისტორიული კატაკლიზმებით, რომელიც აუცილებლად ითხოვს ობიექტურ, ანალიტიკურ  შეფასებას ისტორიკოსთა მხრივ. და რაოდენ გულდასაწყვეტია,  რომ ლოვარდ ტუხაშვილი ვერ მოესწრო ამ ისტორიულ პროცესებს.მიუხედავად ამისა,დაგვიტოვა უაღრესად მნიშვნელოვანი, ანალიტიკური მცდელობა, ქართველთა  ეთნოფსიქოლოგიური  პორტრეტისა. ვფიქრობ, ისტორიკოსმა კარგად გათვალა, როდესაც ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხის გაანალიზება სწორედ დავითი აღმაშენებლის  ეპოქას მიუსადაგა. თუ რატომ? ამის დანახვა რთული არაა. როგორც ისტორიკოსი ბრძანებს, სწორედ დავითის დროს დაიწყო „საუკუნეებით  ჩამოყალიბებული ქათველთა ეთნოფსიქოლოგიის მსხვრევა“. რა არის „დავითიზმი“, რა არის „თამარიზმი“, რით განსხვავდება სახელმწიფოს განვითარების ეს ორი მიმართულება ერთმანეთისაგან? აი, კითხვები, რომელზეც ისტორიკოსი გვაძლევს ობიექტურ და მშვენივრად ჩამოყალიბებულ პასუხებს.

როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა, 2004 წელს,  ფიცი დადო დავით აღმაშენებლის საფლავთან, გელათში,  და განაცხადა, რომ გააგრძელებს სახელმწიფოს აღმშენებლობის  დავითისეულ  გზას, ქართველი საზოგადოება აღფრთოვანებით შეხვდა ამ ფაქტს… ყველა ფიქრობდა, რომ დავით აღმაშენებლის ქვეყანა ესაა „ქართული ოცნება“ – ერთიანი ძლიერი სახელმწიფო, კეთილდღეობის ყველა ატრიბუტებით. მაგრამ, როგორი იქნებოდა გზა ასეთი სახელმწიფოს მშენებლობისაკენ, ამაზე ნაკლებად თუ ვინმეს უფიქრია. ამაზე არც არავინ  ლაპარაკობდა და არც არავინ წერდა, –  რომ  „აღმაშენებლობა ჩვენთვის იქცეოდა უმძიმეს გოლგოთად“. იმიტომ რომ, არც არავინ დაინტერესებულა, – როგორია სახელმწიფოს აღმშენებლობის დავითისეული  გზა!?  საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში ასეთი რამ არ ეწერა. საერთოდ ქართული საბჭოური ისტორიოგრაფია ბევრ საკითხებზე დუმდა. ისტორია უფრო მშრალი ფაქტებით და თარიღებით იყო გადმოცემული. ნაკლები იყო თეორიული ანალიზი, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც საშუალებას მისცემდა მომავალ თაობებს,  უკეთ დაენახათ არა მარტო წარსული, არამედ  თანამედროვე პროცესებიც.

წიგნში – „ფარაონთა და ხალიფათ ატახტების მფლობელნი“, –  რომელიც მან მისახსოვრა,  და რომლის ერთ მცირე ნაწილს უცვლელად გთავაზობთ, გადმოცემულია დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის მისეული შეფასება. აქ არ არის მთავარი აქცენტი გაკეთებული,  დიდი მეფის, რეფორმებზე, სამხედრო წარმატებებზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. აქ საუბარია ისეთ თემებზე, რომელსაც საბჭოთა პერიოდში ტაბუ ჰქონდა დადებული. საკითხი ეხება ქართველთა ეთნოფსიქოლოგიას, ქართულ მენტალიტეტს,  მისი ბუნებისა  და ხასიათის გამოვლინებას პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში. განსაკუთრებით საინტერესოა „დავითიზმის“ –  სახელმწიფოს მშენებლობის დავითისეული ფორმისა და „თამარიზმის“ – თმარ მეფი დროინდელი ეპოქის მისეული შედარებები.  გარკვეული  მინიშნებები აქვს გაკეთებული ამ ორი ეპოქის ქართველთა სახელმწიფოებრივ მენტალიტეტზე. და რაც ყველაზე მთავარია, ისტორიკოსი ცდილობს ჩაგვახედოს  შორეულ წარსულში, დაგვანახოს  იმ ეპოქის სული, ქართველთა ეთნოფსიქოლოგია, დაგვაფიქროს,  და საშუალება მოგვცეს, ჩვენ თვითონ გავცეთ პასუხი იმ უამრავ შეკითხვას, რომელიც უკვე დღეს დაგვიგროვდა, დღევანდელობაზე.

მ.დუმბაძე

დავით IV აღმაშენებლის პორტრეტისათვისამონარიდი  ტუხაშვილის მონოგრაფიიდან – “ფარაონთა და ხალიფათა ტახტების მფლობელნი”.

 „აღმაშენებლობა ჩვენთვის იქცა უმძიმეს გოლგოთად“

დიდი შემობრუნება

„ჟამი რაი წვლითა და ხმელთა

აღმოფშვინვათაი წარმოდგეს,

ზარი მეფობისაი წარხდეს

და დიდებაიდაშრტეს.

შვებაი უქმ იქმნენ,

ყვავილოვნებაი დაჭნეს,

სხვამან მიიღოს სკიპტრაი,

სხვასა შეუდგნენ სპანი,

მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო“.

 ეს სიტყვები ეკუთვნის XII საუკუნის პირველი მეოთხედის უდიდეს მოაზროვნესა და პოლიტიკურ მოღვაწეს დავით გიორგის ძე ბაგრატიონს – დავით IV აღმაშენებელს, რომელმაც სიცოცხლის ბოლოს შექმნა პარნასის სადარი ნაწარმოები, მარიამ ღვთისმშობლისადმი მიმართული „გალობანი სინანულისანი“.

დავით IV  – ვითარცა პოლიტიკიოსი, და დავით IV – ვითარცა პოეტი, ერთი შეხედვით მთლიანად დაპირისპირებულნი არიან ერთმანეთთან. პრაგმატიკოსი მეფე მკვეთრი კატეგორიულობით ახორციელებდა რაციონალისტურ პოლიტიკას. სიკეთის სამსახურში ძალას აყენებდა. იგი იყო მკაცრი, დაუნდობელი; არ იცოდა პატიება; იგი ქვეყნად მოვიდა „მახვილად მესიისა“. მეფე პოეტი კი საკუთარი ქმედების უსასტიკესი მსაჯულია: გამოაცხადა რა თავი ყველაზე უსასტიკეს ცოდვილად, საკუთარ თავზე აიღო კაცობრიობის ყველა დიდი დანაშაული…

„გალობანი სინანულისანი“ არის ჰიმნი ადამიანზე, რომელიც სამყაროს საფეხურების დაღმავალი და აღმავალი სვლით შინაგან განწმედასა და სრულქმნას აღწევს“ (ლ. გრიგოლაშვილი). ჩვენ დავსძენთ, დავით აღმაშენებელი არის მსოფლიოში ერთადერთი დიდი პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც მოახერხა სატანისებური ძალაც კი სიკეთის სამსახურში ჩაეყენებინა. ამავე დროს იგი ერთადერთია, ვინც საკუთარი ქმედების პოეტური განსჯით მოგვცა მონანიების გზით სულიერი კათარზისის (თვითგანწმენდის) ბრწყინვალე ნიმუში. აი რა დაუზოგველად ამათრახებს საკუთარ თავს ჩვენი საამაყო მეფე: „ბუნებითნი რაი ძალნი არასჯულთაებრ ვიხუმრე“; „ბილწთა მონებად მივჰყიდე თავი“, „სჯული დავრთგუნე“, „მხეცთაგან შეზავებულსა მხეცსა ვემსგავსე“, წურბელისა მსგავსად ვერ მაძღარი სხვათა სოფლის კიდეთა ვეძებ დამპყრობად“, „ბოროტად გადავხედე საზღვართა“, „სახლი სახლსა შევრთე“, „ვიღწვი უმეზობლობასა“, „ვძლავრე საწოლსა ჩემსა“, „ვაცოდვე ერი ჩემი“… ძრწოლვით კითხულობ ამ დაუნდობელ თვითგვემას და გეუფლება გრძნობა განსაცვიფრებელი: რა სიმაღლეზე უნდა იყოს დიდი სახელმწიფოს, საერთო–კავკასიური იმპერიის აღმშენებელი, რომ ასე უმოწყალოდ მოექცეს  თავს. არა დიდების მოთხოვნა, არა ძეგლი, არა პირამიდა და მავზოლეუმი, არამედ ცდა უკანასკნელი, რომ საშინელი მსჯავრის წინაშე, იმქვეყნიერად თვითონ იტვირთოს ერის ნებსით თუ უნებლიე ცოდვა. დავითის პოეზია ისეთივე სიმაღლისაა, ვითარცა მისი საქმენი. სწორედ ასეთ პიროვნებას მიესადაგება მუხრან მაჭავარიანის ლირიკული სენტენცია: „არა იუდა უნდა იტვირთო, უნდა იტვირთო იესო თვითონ“!

დავით IV  ბაგრატიონის შინაგანი ბუნება ასევე კარგად ჩანს მისივე ხელიდან გამოსული ორი „ანდერძიდან“. „უკვდავი და დიდებისა მოყვარე და მეფობისა ტრფიალი მედგა ბუნება“, წერს იგი კრძალვითი აღიარებით და სთხოვს შთამომავლობას, ასე ილოცონ: „უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცთომილებისანი“. თუ რაოდენ „ცოდვილია“ მომნანიე ხელისუფალი, უკეთ განისჯება ასევე მის მიერ შექმნილი პოლიტიკური ფორმულიდან – საქართველო – „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ოვსეთიდგან სოერით არეგაწამდე“. მაგრამ სანამ ეს მონახაზი ახალი ტიპის ქვეყნისა ჩამოყალიბდებოდა, ერთი წამით გადავხედოთ 900 წლის წინანდელ საქართველოს, ვიდრე 16 წლის ჭაბუკი ჩაიბარებდა სამეფო სკიპტრას. 1080 წელს დაიწყო დიდი თურქობა…

„ცეცხლი უცხო და მბრძოლნი, რომლითა მოიწვა შენებული ყოველ, მდინარენი სისხლთანი, ნაცვლად წყლისა ნაკადულთა, მრწყველნი ქვეყნისანი“.

უმამაცესი იყო გიორგი II ბაგრატიონი, – თავგანწირვაც შეეძლო. „დასდგა სული თვისი და სისხლნი ქრისტიანეთა ხსნისათვის“.  ეახლა თურქ სელჩუკთა უმაღლეს სულთანს, დროებით იხსნა სამშობლო, მაგრამ მეფის გულმოწყალე, თვინიერი ხასიათი, სირბილე, პაციფისტური სათნოება ვერ გამოდგა ეპოქის შესაფერისი. გიორგი II ვერ პასუხობდა ვერცერთ პირობას, რასაც მის წინაშე აყენებდა რთული დრო. აი, რა მოეთხოვებოდა ქართველ მეფეს: „კიდეთა პყრობანი, ნაპირთა წირვანი, განხეთქილებათა კრძალვანი, სამეფოსა წყნარებისა ღონენი, ლაშქრობათა მეცადინეობანი, მთავართა ზაკვისა ცნობარი, მხედართა განწესებანი, საერონი შიშნი, სახელითა და საბჭოთა სჯანი, საჭურჭლეთა შემოსავალნი, მოციქულთა შემთხვევანი და პასუხნი, მეძღვნეთა ჯეროვანი მისაგებელნი, შემცოდეთა წყალობითნი წვრთნანი, მსახურებელთა ნიჭმრავლობანი, მოჩივართა მართალი გამოძიებანი, მოსაკითხავთა შესატყვისნი მოკითხვანი, სპათა დაწყობანი და ღონიერი მიმართებანი“.

დაშლილ დაქუცმაცებულ, მტერთაგან შეურაცხყოფილ საქართველოს ღმერთის ნაბოძები სასწაული თუ გადაარჩენდა. და აი „…იწყეს ნიავთა ცხოვრებისათა მობერვად და ღრუბელთა მაცხოვარებისათა აღმოჭვირობად, ვინაიდან ათორმეტსა წელს ჭირთა განგრძობათა ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან. დიდმა სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგმან დავით ღმრთისა მამისაგან და თვით სამოცდამეათვრამეტმან შვილმა ამის დავითისამ (ე.ი. დავით წინასწარმეტყველის 78–ე ჩამომავალმა – ლ.ტ.) დავითმან“. „თვით მამამან დაადგა გვირგვინი“.

რა თქმა უნდა, ისტორიკოსის მითითება, რომ დავით IV –ეს „თვით მამამან დაადგა გვირგვინი“, ფრიად საეჭვოა. გიორგი II ჯერ კიდევ 34–35 წლის ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, როდესაც დათმო ხელისუფლება… ამ დრო საქართველოში მოხდა უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც მოაწყო „ფილოსოფოსთა და სპასალართა სამხედრო–სასულიერო ორდენმა“ დიდი გიორგი მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელის მეთაურობით.

დავით აღმაშენებლის აღსაყდრება სრულიად ახალი სახელმწიფოებრივ–პოლიტიკური კონცეფციის გამაეჯვება იყო. ამ კონცეფციას ლიტერატორებმა „დავითიზმი“ უწოდეს (ა. ბაქრაძე). დავითიზმი ქართული მესიანიზმია, ცდაა ჯერ ბიზანტინიზმის სრულყოფისა, შემდეგ კი ბიზანტინიზმისაგან გაქცევისა. ეს იყო დრო, როდესაც ბიზანტიის ორბიტაზე ტრიალი პროვინციალიზმად იქცა. ამ ორბიტიდან გასხლტომა კი მსოფლიო არენაზე დამოუკიდებლად დამკვიდრებას ნიშნავდა. დავით IV–ემ შეძლო  შემობრუნება. მან დაარღვია ის, რასაც იოანე საბანისძე უწოდებდა „მამულისა ჩვეულებისამებრ სვლას“. მან ჯერ გააჩერა დრო, მერე უბიძგა და მხარი უცვალა მიმართულებას. მან ქართველობას დინამიზმი მიანიჭა, აქტიური დინამიზმი, პერმანენტული, აღმავალი სრბოლა. დავით აღმაშენებელი აიძულებდა ქართველობას ემოძრავათ, ყოფილიყვნენ საკუთარი ბედის გზამკვლევნი. იგი მათ „აუცილოებდა“, ე.ი. მოცლას არ აძლევდა, იღებდა მათგან პოტენციალის ნაწილს, სწორხაზოვანს ხდიდა დაუნჯებულ ენერგიას. დავითისეული ქართველი მუდმივ ტრიალშია. ან ხმალი უჭირავს, ან გუთანი ანდა კალამი. ეს დამრთგუნველი მეთოდი იყო, ძნელად მოსანელებელი, თითქმის აუტანელი. „ბელადთა ერი“ – ქართველობა დიდი მესაჭის ხელში უზარმაზარი სტიქიაა, ერთად შენივთებული კოლოსალურ ძალას ავლენს. ამის საუკეთესო მაგალითია დიდგორი.არისტოკრატია ვერ ეგუებოდა გამაერთიანებელ წნეხს, – თავისუფლებისაკენ ისწრაფოდა. ფეოდალთა თავისუფლება კი ქვეყნის ანარქიაა. გამაერთიანებელი, რეფორმატორი მეფე ყელში უჭერდა მეამბოხეებს, ძელზე სვამდა, აძევებდა, თავებს აჭრიდა, სისხლში ახშობდა და ასეთი ძალადობის მეთოდით, პირადი თავისუფლების დათრგუნვით ხელს უწყობდა დიდი საქართველოს თავისუფლებას.

და აი, შედეგიც: დავით IV აღმაშენებელმა „სულტანი მოხარკედ დასვა თვისად, მეფე ბერძენთა – ვითარცა სახლეული თვისი, დასცა წარმართნი, მოსრნა ბარბაროსნი, მრწემად მოიყვანნა მეფენი, ხოლო მონად ხელმწიფენი, მეოტად წარაქცივნა არაბნი, იავარნა ისმაიტელნი, მტვრად დასხა სპარსნი, ხოლო გლეხად მთავარნი მათნი… პირველყოფილნი მეფენი, გოლიათნი, გმირნი კაცნი იგი, საუკუნითგან სახელოვანნი, ყუველნივე, ესრეთ დასხნა, ვითარცა პირუტყვნი ყოველთა საქმისა შინა“.

“დავითიზმი“ ქართველთა არსებობის დროის ღერძზე განსაკუთრებული სიმაღლეა. დავით IV–ემ შეკრა პოლიტიკური უნისონი ქართველთა. ახალი ტიპის საქართველო შენდებოდა, ახალი ტიპის ქართველი იბადებოდა. საერთო–კავკასიური იმპერია იწყებდა ამობრწყინებას ვითარცა მთიები! ამობრწყინებას ქართულად, ქართული შინაარსით; მთელი კავკასია ქართველდებოდა. ახალ ქვეყანას ეწოდებოდა „საყდარი დავითიანი“. იგი ძველი საქართველოს („ტახტი ვახტანგეთის“) ამაღლება იყო.

აღეშენებოდა სახელმწიფო მსოფლიო მნიშვნელობისა. დავით აღმაშენებელმა მოახდინა ეროვნულ ძალთა სრული მობილიზაცია. იგია გამაერთიანებელი, გამათავისუფლებელი, თბილისის გამომხსნელი 400–წლიანი ტყვეობიდან; იგია დიდი რეფორმატორი, იდეოლოგიის მომწესრიგებელი. დავითის შემდეგ „ქართველნი“ არ ნიშნავს მხოლოდ მართლმადიდებელს. XII-XIII  საუკუნის „ქართველობა“ კულტურული ფენომენია. ქართული კულტურა კი უფრო დიდი სიმაღლეა, ვიდრე სწორხაზოვანი ქრისტიანიზმი. ქართველობა სოციალურ–ეკონომიკური, ტერიტორიული, ენობრივი, ფსიქიკური ერთობის თავისებური კრებადობაა. მოგვიანებით ამ ნიშანთა ერთობლიობას სხვა ფუნქცია მიენიჭა – გახდა პოლიტიკური მინიმუმი ქართველთა არსებობისა. „ქართველთა ღმერთმა“ დავითმა სატანური ძალა ჩააყენა სიკეთის სამსახურში. არ ვიცით გააფორმა თუ არა მან „ხელშეკრულება  სატანასთან“, ფაქტი ერთია, მის აღმაშენებლობას თანაბრად განსაზღვრავს ორგვარი იარაღი: ნაჯახი და მახვილი. ნაჯახი უხვად ირჯებოდა „რობესპიერის მეძავი გელიოტინასავით“, მახვილიც ბასრად ჰკვეთდა გარე სამანებს…

გახანგრძლივებული პოლიტიკური უნისონი უკვე ძალადობაა. ისტორია არც ძალას უარყოფს, არც ძალადობას. ძალა პროცესის დამაჩქარებელია ხშირად, ძალადობა კი ძოგჯერ პროგრესის „ბებია-ქალი“. განა მძლავრი არ იყო პეტრე პირველი? ნაჯახით ევროპულად შემოსა პირქუში ბოიარობა, რკინის მუშტით გამოტეხა ფანჯარა ევროპაში. სანკ-პეტერბურგი (ევროპული, ე.ი. პროგრესისაკენ მაცქერალი რუსეთის სიმბოლო) ადამიანთა ძვლებზეა აშენებული. რუსმა ხალხმა ყველაზე სასტიკ მეფეს დიდი უწოდა.

მძლავრი იყო დავით IV-ც. „ცოდვათა“ განსაწმენდად ანდერძად დაიბარა – გელათის კარიბჭეში დამმარხეთ, – მომლოცველებმა ზედ გადამიარონო. დიახ, მძლავრი იყო დავით IV. მსახვრელი მტერთა. ეს მან შექმნა პირველად ქართულ სინამდვილეში საოცრად ქმედითი „საიდუმლო პოლიცია“. აი, რას ამბობს მემატიანე: „პირველად ორგულობასა და ზაკვასა და ღალატსა რასმე ვერვინ დიდთა ანუ მცირეთაგანი იკადრებდა მოგონებადცა, არა თუ თქმად ვისდა; არც თუ მეუღლესა და ცხედრეულსა თვისსა თანა, ანუ მოყვასსა თვისსა, გინა ყრმათა თვისთა თანა, ვინაითგან ესეე მტკიცედ უწყოდა ყოველმან კაცმან, რომელი პირით აღმოსვლასავე, თანა სიტყვასა საცნაურ ქმნილი არს უეჭველად წინაშე მეფისა“. ტოტალურმა დაზვერვამ შიში დასცა ყველას… „ამისათვის ვერავინ განიზრახა ღალატი… არამედ იყო ყოველთაგან საკრძალუავ და სარიდო, ვერც მღვდელ-მოძღვარნი, მღვდელნი, დიაკონნი, მონაზონნი, ყოველთა კაცნი საერონო ვერ იკადრედდიან უწესოთ სვლათ შიშით მისითა“. „ვინაითგან უწყოდნენ არა-არის დაფარულობა წინაშე მისისა“.

იყო „შიში და ზარი“. თვით მემატიანესაც ეტყობა შიში: „ნუ ამას ეძებ მკითხველო, თუ ვითარც იქმოდა ასე“… ე.ი. არ გვიმხელს დავითისეული დაზვერვის შინაგან მექანიზმს, ოღონდ მიუთითებს: „…არამედ ამას ცნობდე, თუ რა სარგებელი პოვოს ამათ მიერ“. ასეთ პიროვნებას ხალხმა „აღმაშენებელი“ უწოდა. განა ესოდენ მკაცრ „უნისონს“, მემატიანემ რომ დაგვიხატა და თვით დავითმა დაგვიდასტურა, არ ახლდა გადახვევები? განა მეფის ყველა ინფორმატორი კეთილშობილური მიზნით მოქმედებდა? ამას ხომ გამორიცხავს ადამიანთა მანკიერი ბუნება. ალბათ ბევრი უდანაშაულო თავიც გაგორდა მაშინ შეცდომით თუ აშკარა ქვენაგრძნობითი დასმენით. მეფის „მაბრალობელთა“ დიდი ჯგუფიდან იქნებ საქმეთა უზენაესმა სიკეთემ „შიშის და ზარის“ დამნერგავი კაცი ეროვნული გმირის წმინდა კვარცხლბეკზე აიყვანდა… და აიყვანა სრულიად დამსახურებულად. ამიტომ გვჯერა ისტორიკოსისა, რომ ესოდენ სიმკაცრეს დავით აღმაშენებელი „არა ცუდად რადმე და განსაკითხავად საგიობელეთა საქმეთაი ანუ საკითხელად ვიეთათვისმე იქმოდა“. ე.ი. მეფეს ძალაც, ძალადობაც, საიდუმლო სამსახურიც სჭირდებოდა სიკეთისათვის, – ძალა ძალის წინააღმდეგ ხომ სიკეთეა ყოველთვის.

დავითიზმი ბუნებრივად გადაიზარდა თამარობაში. საყდარი დავითიანი თამარმა დაასრულა. ამ ორ მოღვაწეს შორის პირდაპირი კავშირია, მაგრამ იგრძნობა უდიდესი სხვაობაც. მეფე-წმინდანმა თამარმა დაარღვია პოლიტიკური უნისონი. თამარის საშინაო პოლიტიკა შემწყნარებლობითია, „მგელისა და ცხვრის“ ძმობის ჰარმონია, საგარეო პოლიტიკა –  თავდაცვითი.

დავითი ძალას ემყარებოდა, თამარი – სათნოებას. შესაძლოა, ეს პროცესი ბუნებრივად მემკვიდრეობითობის გამოვლენაცაა. დავითი მხვნელ-მთესველსა ჰგავს, თამარი – ჭირნახულის ამღებს. დავითის საქართველო ნაზამთრალია, თამარის – მცხუნვარე ზაფხულია, სავსე შემოდგომის დასაწყისია. დავით აღმაშენებელს არ ჰქონდა მიტევების უფლება. იგი ჰქმნიდა, ყამირს სტეხდა, ცოდვას იდებდა თავს, გამოსაშვებ სისხლს უშვებდა. თამარს უკიდეგანო სამეფო დარჩა, მდიდარი, განათლებული. მას შეეძლო ფუფუნება კაცთმოყვარეობაზე – დათმობა, პატიება. მან აკრძალა საიკვდილით დასჯა, „ნასაღით განპატიჟება“.

დავით IV-ეს დახვდა დაუძლურებული სამეფო, უდიდესი იმპერიული ამბიციებით, თამარს – იმპერია, ოღონდ იმპერიული ამბიციების გარეშე. დავითის მმართველობა იყო წესრიგი ექსტრემალურ სიტუაციებში, თამარის მეფობა – ექსტრემალური სიტუაციების მიღმა.  თამარს არ სჭირდებოდა შენივთებული ძალა. საუბედუროდ, ნაადრევი აღმოჩნდა თამარის სათნოება… იგი ეროვნული თავისთავადობის რომანტიკული, თუმცა არასაიმედო მეთოდი გამოდგა. „ცხოვარივით“ სათნო კი იყო თამარი, მაგრამ მგელ-აფთართა გარემოცვაში ცხოვრობდა. აი, რა ვერ გაითვალისწინა „მზეთუნახავმა ანგელოსმა“.

ძალა და სათნოება

… დავით IV-ის პოლტიკური პორტრეტი პირველად არსენ ბერმა შექმნა. მერე დიდხანს დუმდა ქართული კლიო (ჰეროიკული პოეზიისა და ისტორიის მუზა). თუმცა ყოველთვის იგრძნობოდა რაღაც სიდიადისადმი მოკრძალებული თავმოხრა. XIX საუკუნეში გაგვახსენდა, რომ „დავითობა“ იყო ეროვნული ხსნის მეთოდი. ნ. ურბნელმა დაუდო სათავე დავითოლოგიის მეცნიერულ ინტერპრეტაციას. ივ. ჯავახიშვილმა წარმოაჩინა უდიდესი რეფორმატორი. ჩვენს დროში დიდი ქართველის პიროვნების აკადემიური, ისტორიოგრაფიული სრულყოფა აკად. რ. მეტრეველმა მოგვცა. ეთნოფსიქოლოგიური კუთხით სცადა გაეხსნა სული აღმაშენებელი ლ. ღვინჯილიამ… და მაინც რჩება კითხვა ურთულესი: ვინა ხართ თქვენ, ბატონო დავით?

საკუთარ თავს თვითონ უწოდა „უდიდესი ცოდვილი“, თანამედროვეებმა „ მახვილი მესიისა“ შეარქვეს, ისტორიკოსებმა – „ქართველთა ღმერთი“; ეკლესიამ „მეფე-წმინდანად“ შერაცხა. ლიტერატორები, ვგონებ, დაიბნენ…ზოგიერთმა ისე „შეაქო“ მეფის ჰუმანიზმი, თითქმის პაციფიზმის იდეოლოგად წარმოადგინა, – უარყო ძალა დავით IV-ის მოღვაწეობაში. თითქოს ძალა მიმართული ძალის წინააღმდეგ სიკეთე არ იყოს უტყუარი. ბევრი ვერ ახერხებს, ილიას სიტყვით რომ ვთქვათ, ჯერ „დროის ქერქში ჩაჯდეს“. ისტორიული პროცესი მოქმედი რეალობაა. ისტორიული ფაქტი უკვე მომხდარია. მისი შესწავლა შეიძლება, – შემეცნებაც; მიჩქმალვასაც ვახერხებთ, არასწორად წარმოჩენასაც. ის კი არსებობს ჩვენს გარეშეც, ჩვენთან ერთადაც. ზეგავლენას ახდენს მომავალზე. მისი გადაკეთება ან უკუგდება არ შეიძლება. ინტელიგენცია დააშინა უახლოესი ეპოქის დიქტატორულმა უზნეობამ, და აი… არ შეიბღალოსო აღმაშენებელი მეფის კეთილი სახელი, ლამის ცრემლად დაიფრქვან, არაო, არავითარი ძალადობის მქადაგებელი არ იყოო „ღმერთი ქართველთა“. დავით IV თურმე გამორიცხავდა ტერორს, რეპრესიებს, დაწოლას საზოგადოებაზე; არ სურთ „მძლავრის“ ხსენება. („მძლავრი“, „მოძალადის“ დამთრგუნველი მნიშვნელობით, იოანე საბანისძესთან გვხვდება, თანამედროვე ლიტერატურაში სულ ახლახან დაამკვიდრა ნ. წულეისკირმა). ასეთი მიდგომა საკითხის გაუბრალოებაა. ისტორია არც ძალას უარყოფს, არც ძალადობას. ერთიც და მეორეც მყარად „ფუნქციონირებს“, – ხშირად ჰუმანისტური მიზნითაც. ჰიუგოს „წამოცდა“ ერთობ საშინელი სენტენცია, რომ ტერორის ქვაბში შეიძლება პროგრესის დადუღება. გააჩნია ვის წინააღმდეგ, რა მიზნით, რა ოდენობით, ვის მიერ არის მოხმობილი ძალადობა. ძირითადი კი ეგაა, რა შედეგი მოჰყვება ამ ძალას. აქედან აითვლება შეფასების ხარისხი. არც მაკიაველიზმია მისაღები უშენიშვნოდ. ლოზუნგი „მიზანი ამართლებს საშუალებას“ ხშირად არაეთიკური ხდება. საშუალებამაც უნდა გაამართლოს მიზანი. მიზნისა და საშუალების ურთიერთმიმართებაც თხოულობს თავისებურ „ოქროს კვეთს“ – ძნელად მისაგნებ „შუალედს“.

ლიტერატორ-ფილოლოგთა თავგამოდება ხანდახან უცნაურობამდე მიდის. „გალობანი სინანულისანი“ არის ჰიმნი ადამიანზე, რომელიც სამყაროს საფეხურების დაღმავალი და აღმავალი სვლით შინაგან განწმენდასა და სრულქმნას აღწევს“, – შესანიშნავად წერს ქ-ნი. ლ. გრიგალაშვილი. ოღონდ ვერ დავეთანხმები შემდგომ განცხადებას: „დავით აღმაშენებლის მსგავს პიროვნებათა ბიოგრაფიაში საძებნელია არა რაიმე მძიმე შეცოდება, არამედ შეცოდებათა არაჩვეულებრივი უნარი და მაღალი ეთიკური მრწამსი. („ჩადენილი შეცოდებანი“, ავტორის აზრით, არის არა დავითის კონკრეტული, არამედ კაცობრიობის ზოგადი შეცოდებანი). ეს უკვე გულუბრყვილობაა. დავით IV ამბობს აღსარებას: „მეცა სიტყვაო (ე.ი. ღმერთო) აღმსარებელსა მომხედენ“ რა არის აღსარება? დავიჯეროთ დავითი საღვთო წერილში ასახულ ცოდვებს ინანიებს? აღსარება საიდუმლოებასაც გულისხმობს. სასულიერო მწერლობაში ათასგზის კომენტირებული ცოდვების მონანიება რა საიდუმლოს შეიცავდა? ან რატომ უნდა ეკისრა ქართველ მეფეს? „გალობანი სინანულისანი“ მანიშნებელია დავით IV-ის დიდი განსწავლულობისა თეოლოგიაში. ჩვენ ვიცით, რა ინტენსიურად ეცნობოდა მეფე საღვთო წერილს, – მხოლოდ, „სამოციქულო“ ერთ წელიწადში 24-ჯერ წაიკითხა. ამიტომაც მას შეეძლო პირადული კონკრეტული შეცოდებანი, საერთო ცოდვათა რანგში შეეხიზნა. ის ხომ უდიდესი პოეტია! ერთდროულად კონსპირატორიც, – არ ამხელდა დრომდე ზრახვებს. მან უწყოდა, რომ ღმერთს არაფერი გამოეპარებოდა. იგი აღსარებას ამბობდა ისე, რომ ღმერთს გაეგო, მკითხველს კი ვერა. წერილობით ინანიებდა, ოღონდ სულიერ მოძღვართან კი არა (ვისთანაც, ალბათ, უფრო გულღია იქნებოდა), არამედ ღვთისმშობელი მარიამის მეშვეობით ამყარებდა კავშირს ღმერთთან. ნაწარმოებში ბევრია ისეთიც, რომელიც არ იძებნება საკაცობრიო ცოდვების რკალში, იქაც იდუმალება იგრძნობა. მეფე-პრაქტიკოსი მეფე-პოეტთან სრულ შესაბამისობაშია.

“ჟამი რაი წვილთა და ხმელთა აღმოფშვინვათაი წარმოადგენს, ზარი მეფობისა წარხდეს და დიდებაი დაშრტეს, შვებანი უქმნ იქნენნ, ყვავილოვნება დაჭნეს, სხვამან მიიღოს სკიპტრაი, სხვასა შეუდგნენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო“. ეს მეცხრე გალობაა, აშკარად „მიწიერ“ სურვილს გამოსახავს, ისიც ზოგადშია დაშიფრული. ზუსტი არაა ასეთი კომენტარი: „სხუად უნდა ვიგულისხმოდ არა სამეფო დინასტიის ჩვეულებრივი წარმომადგენელი, რომელმაც დავით აღმაშენებელი უნდა შეცვალოს, როგორც მეფე, არამედ ბნელეთის მეუფე ანტიქრისტე, რიმელიც სამყაროს მოევლინება განკითხვის დღის დადგომამდე და თავის თავს უწოდებს ღმერთსა და მეუფეს. მისი მიზანია კაცთა წარწყმედა მოტყუებითა და ძალადობით“ („სახალხო განათლება“, 8 თებერვალი, 1989 წ.). უბრალოდ ვიტყვით: აქ მეფე დავითი უაღრესად კონკრეტულია. მას გაცნობიერებული აქვს, რა მისია აწევს მხრებზე, იბრძვის ერის გამოხსნისათვის. ამ გზაზე შეგნებულადაც და უნებლიედაც სჩადის ცოდვას, სხვა გზას ვერ ხედავს. იგი შესთხოვს ღვთისმშობელს, დაიცადოს ბოლომდე მიიყვანოს საქნელი, როდესაც „დაშრტება დიდება“, „სხვას შეუდგებიან სპანი“, „სხვას გადაეცემა სკიპტრა“, მაშინ „შეიწყალონ“; ამჟამად კი,  სანამ საპანიც ემორჩილებიან, სკიპტრაც მისია, – უნდა აცალოს არსთა გამრიგემ დაასრულოს ქართული „მესაქმე“. მეტისმეტად გაუბრალოებულია, თუმცა აბსოლუტურად სწორია. ნუ დავტოვებთ დავითს უდაბნოს მღვიმეში დაყუდებულ მოაზროვნეთა სათვისტომოში. ის არც „გარე მსჯელი“ დავითია, არც იოანე პეტრიწი: მეფეა, მოვლენათა შუაგულში მდგარი პიროვნება, ყველა მისი სიტყვა უნდა ავხსნათ მთელი მოღვაწეობით. ზოგიერთნი სერიოზულად ამტკიცებენ, რომ მეფე დავითს არავინ დაუსჯია. თვით ლიპარიტ ბაღვაშიც კი შეიწყალაო. მიამიტობაა! დავით IV -ემ ამოაგდო ბაღუაშები, მოსპო „სახლი გამამწარებელთა“, ამოძირკვა „იქედნეს ნაშობნი“, კიბორჩხალებივით უკუმავალ ბაღუაშებს წაართვა ბაღუაშობა. კლდეკარის საერისთავო სამეფო დომენად გამოაცხადა, კაცხის მამული – საეკლესიოდ. ამ დროს უნდა შექმნილიყო ცნება „ჯავახთუფალი“, რაც ტახტის მემკვიდრის საუფლისწულო მამულების მმართველობას უდრიდა. (შემდეგში „ჯავახთუფალიც“ და მეფე „ალასტნელიც“ იყო ლაშა გიორგი“).

თრიალეთიდან იწყებოდა „ჯვახთუფალის“ სამფლობელო. მეფე პირადად სისხლისმაძიებელი კი არ იყო, ან თემურლენგივით სადისტი, რომ პირადი ანგარიშსწორება დაეწყო. არავინ დაუსჯიაო? გრიგალივით გადაუარა ჰერ-კახ აზნაურებს ერწუხში 1104 წელს. მაშინ იქნა „დიდი ძლევაი“. უწყალოდ ჩეხავდა თურქებსაც და მათთან მოკიდებულ ქართველებსაც. მხოლოდ თამარის დროს ეპატიათ მაშინდელი დანაშაული ერის მოღალატეებს.  სანთელი იყო დავითი ერის წმინდა ბომონზე ანთებული. საკუთარი წვის ფასად უნათებდა გზას მომავალში. შუქის გამოცემაც შეეძლო და დაწვაც. მოწყალე იყო ერთგულთათვის, მრისხანე – ორგულთა მიმართ.

„და ერწუხს ქმნნა წყობანი დიდნი და ხმაგასმენილი იყო დიდი ძლევა, რომელი მცირედითა ლაშქრითა და განწირულითა ერითა დახოცნა სულტნისა იგი ურიცხვნი სპანი, ათაბაგი განძისა და უმრავლესნი კახთა და ქვეყნის ერთა მტერთავე თანა შემოდგომილი ჩვენდა“. გაშმაგებული მეფე, ქართველთა ღალატისაგან გაგიჟებული, პირადად იბრძოდა „სამნი ცხენი გამოუკლა… და მეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულყო მის დღისა ომი“. არ აკლდა საქართველოს განზე გამხედვარნი! მეფეს მსაჯულის ნაჯახიც ეჭირა და „საჯილდაო ქვაც“. თავი წამოყვეს ვიეთთა დასავლეთში: „და მასვე ზამთარსა ჩავიდა აფხაზეთს ბიჭვინთამდე და განაგნა საქმენი მანდაურნი“. გულჩვილი გიორგი II-ის მსგავსად კი არ მოქცეულა, რომელიც მოაჯანყეებს მხოლოდ საჩუქრებით მოამშვიდებდა ხოლმე: „ღირსნი წყალობისანი შეიწყალა, შემცოდენი დაიპყნა და წვართნა“. ეს იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი. ასე შეიქმნა უნიტარული სახელმწიფო „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ოვსეთით სოერითგან არაგაწამდე“. ეს ფორმულაც დავითს ეკუთვნის. პირველად გვხვდება შიომღვიმისადმი მეფის მიერ დატოვებულ „ანდერძში“.

მხატვრულად კონსტანტინე გამსახურდიამ ახსნა შედარებით უკეთ დავითისეული „ძალმომრეობა“. „რაც ხეთა შორის ძელქვაა, იგივეა კაცთა შორის მეფე დავითი“, – ახასიათებს რომანის პერსონაჟს, მეფეს მისი ერთგული შერგილ ლიპარიტიანი. იქვეა განმარტებული ძელქვის მნიშვნელობა. შუბის ტარიც მტკიცეა მისგან გაკეთებული, ერქვანიც უტეხია. ახლა მეფეს მოვუსმინოთ: „შენ სისხლი გაშინებს, მამიდა ბატონო, – ეუბნება ბიზანტიის დედოფალ მარიამ ბაგრატიონს, – მაგრამ ესაა სავალალო კაცთათვის. უსისხლოდ ჯერ არავის აუღია ციხე-ქალაქი, არც არავის შეურჩენია იგი. ზედმეტი სისხლი უნდა გამოვუშვათ, ავგუსტა, ამიტომ დაასხამენ ხოლმე სნეულს სახსარზე წურბელას“.

უფრო მკაცრია გამსახურდიასეული დავითი გვარამ ბეჭისციხის პატრონთან დიალოგში: „სულგრძელობაო? სულგრძელობა სხვა არაფერია, თუ არა ორლესული მახვილისათვის თავის შეშვერა, ეგ ეგრეა, გვარამ ბატონო, უცილოდ“.

დავით IV-ის შესახებ სიტყვაკაზმულ მწერლობაში მსგავსი ნაწარმოები ჯერ არ შექმნილა. მაინც გვრჩება უკმარისობის გრძნობა. რომანი არც მწერლის ნიჭის შესაფერია და არც პროტატონისტის სიდიადის სადარი. არა ჩანს სული აღმაშენებელი. სადაც მწერალია ძლიერი, იქ დავითი მეოცნებე რომანტიკოსს ჰგავს. უღიმღამოდ გამოიყურება დედისიმედისა და მელიტას უფრო სრულყოფილ სახეთა შორის. სადაც დავითის დავითობა იჩენს თავს, იქ ფერმკრთალდება მწერლური ტონები, სჭარბობს ქრონიკოსი. ეს მანკი საერთოდ გასდევს ქართულ ლიტერატურას. ვერ ვიხსენებ ლიტერატურულ პერსონაჟს, ზედმიწევნით ახლოს რომ მისულიყო ისტორიულ პერსონალიასთან. (რეალური ფარნავზი, ვახტანგ გორგასალი, ლუარსაბ II, გიორგი I, სულხან-საბა ორბელიანი, ერეკლე II და ა.შ. ყოველთვის აღემატებიან მათ ლიტერატურულ პორტრეტებს). საოცარია, ყველა პროტოტიპი უკეთესია დამუშავებულ მხატვრულ სახეზე!

ლიტერატურულ „დავითიანში“ ცნება „დავითიზმი“ შემოიტანა აკაკი ბაქრაძემ. („დავიწყებული იდეა“). დავითიზმი არის თეორიული აზრისა და პრაქტიკული საქმიანობის გაერთიანების საფუძველზე გასრულებული პოლიტიკური ფორმულა: ერთიანი კავკასია საქართველოს მეთაურობით. შესაძლოა დავითიზმის აკ. ბაქრაძისეული დეფინიცია ზუსტი არ იყოს, მაგრამ აქ უკვე მოცემულია ქართული მესიანიზმის სისტემა: ბიზანტიისაგან თავდაღწევა; „დასავლეთისა და აღმოსავლეთის თვითმპყრობელობის“ რეალიზაციის ცდა, „ჩრდილოეთისკენ ორიენტაცია (რაც გვიანი საუკუნეების ორიენტაციისაგან დიამეტრალური განსხვავებაა და ნიშნავს იმიერკავკასიაში გაჭრის პრეტენზიას); სამების მეოთხე ჰიპოსტაზად ქართველი მეფის შეყვანა და ა.შ. ინტერპრეტაცია გაბედულია და საყურადღებო. აქ მინიშნებულია ზღვარზე. ქართველთა არსებობის დროის ღერძზე ეპოქალური ნიშანსვეტები დაახლოებით ასე შეიძლება დალაგდეს: ქართლოსი-ფარნავაზი-მირიან მეფე და ნინო კაბადოკიელი-დავით აღმაშენებელი-თამარი-600 წლიანი „დიდი ღამე“ ოდნავ მბჟუტავი შუქის მორცხვი ათინათებით. მათ შორის დავითის მთიები ყველაზე შთამბეჭდავია.

ნიშატი „ქართველთა“

დავითიზმი ნახტომისებური ტეხილია – რევოლუციური. მისი გამათავისუფლებელ-გამაერთიანებელი მოღვაწეობა გადიოდა საზოგადოების გარდამქმნელ პროცესებზე. ამ პროცესებს თვითონვე ქმნიდა. აჩერებდა დროს, მერე ატრიალებდა გაჩერებულ დროს, სხვა მიმართულებას აძლევდა, ანიჭებდა დინამიზმს, ამოძრავებდა დაუნჯებულ ენერგიას. ვითარცა სუბსტანცია, ბიძგს აძლევდა მაცოცხლებელ იმპულსს. არ ანებებდა მოსვენებას ქართველობას; ძალმომრეობდა; მძლავრობდა სიზარმაცეზე, სიდუნეზე, გაუტანლობაზე, მეშუღლეობაზე, შურზე, ღვარძლზე, ორგულობაზე; დავით IV „განასხამდა ეშმაკს“ ქართველთა სხეულიდან. „ვინაიდან ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს პირველითგანვე თვისთა უფალთა, რამეთუ, რაჟამს განდიდდნენ, განსუქნენ და დიდება პოონ და განსუენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგვითხრობს ძველი მატიანე ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი“. არსენ ბერის თხზულების ეს ციტატა გაუგებრობას იწვევს; მკითხველს და კომენტატორებს არ მოსწონთ „ქართველთა ორგულობის“ ხაზგასმა. აქ არაფერი შეურაცხმყოფელი არ არის. ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ ქართველები (უმთავრესად არისტოკრატია), ყოველთვის არ ერთგულებენ („ორგულ ბუნება არს“) ძველთაგანვე („პირველთაგანვე“) ხელისუფლებას („თავისთა უფალთა“). ეს როდი ნიშნავს, რომ ისინი ორგულობენ ღმერთს, სამშობლოს, მოყვასს, აღთქმულ პირობას. არა, ორგულობენ მეფეებს, ერისმთავრებს. მათ ისეთივე თვისება ჰქონიათ, როგორც ძველ გალებს – ფრანგთა წინაპრებს. არ უყვარდათ დიქტატორი მმართველები. ბუნებით „რესპუბლიკელები“ იყვნენ. ეს დაახლოებით იგივეა, რაც მოგვიანებით მეფე-პოეტმა არჩილმა ასე გამოხატა: „ავი რამ ზნე სჭირთ ქართველთა დიდებულთ, გინა მცირეთა, აზვავდებიან, იტყვიან უჩემოდ ვინ იმღერეთა“. ეს სენი ერთდროულად სიძლიერის მაჩვენებელიცაა და სისუსტისაც. სიძლიერისა იმიტომ, რომ ინდივიდი თავს სუვერენულ სუბიექტად თვლის, არა აქვს მონური სული, უბრალო გლეხს შეუძლია მეფეს უთხრას: „მეფეო, ათი რომ შენა ბრძანო, ერთი ჩემიც გაიგონეო“. სიძლიერეა იმიტომაც, რომ სწრაფვა სიმაღლისაკენ ქართული ეთნოსის ყველა სოციალურ ფენას ახასიათებს. ასეთი რამ იშვიათია! გვაქვს არისტოკრატიული ამბიცია. მაგალითად, ესპანელი იდალგოების ყოყოჩობაში გადასული რაინდიზმი, – დაპირისპირებული პლებეებთანაც და დროშიც კონსერვირებული. ასევე რაინდულად, თუმცა გულისტკივილით, გამასხრებული სერვანტესისეული დონ-კიხოტიზმის სახით. ვიცით გაუცნობიერებელი აღმოსავლური ქადილიც. უბრალო ავღანელი მეჯოგე ასე იფიცავს ხოლმე: „ინდოეთში ფადიშაჰობა არ მეღირსოს, თუ ვტყუოდე“…საოცარი ფიცია, არა? ისტორიულად ავღანელებში ჩაჯდა იდეა, რომ რიგითი მომთაბარე შეიძლებოდა ფადიშაჰი გამხდარიყო, ასეც ხდებოდა ზოგჯერ. მაგრამ ავღანური ინდივიდუალური ამბიცია სასიკეთოდ არასოდეს წასდგომია ავღანეთს (ერთხელ კი მართლაც შეიკრნენ ერთად და ირანიც დაიპყრეს). ყოყოჩა და უსაქმურმა ესპანელმა იდალგოებმა ოდესღაც მსოფლიო იმპერია მესამეხარისხოვან სახელმწიფოდ ჩამოაქვეითეს, თუმცა უნაკლოდ ფლობდნენ მახვილს. ქართველებს აქვთ ასეთი პრეტენზია. ყველა მპყრობელი ქვეყნის უმაღლეს წრეებში გააღწია ქართველმა: გაყიდული მონები სულთნებად, იმპერატორებად იქცნენ. ჩამოყალიბდა „ბელადთა ერის“ ფსიქოლოგია. თამარის შემდეგ ქართველთა სიამაყე გადაეწნა დეგრადაციის ხანას და მიიღო სასაცილო გაფორმება. ქართველს შეიძლება ემღერა „ქართველო ხელი ხმალს იკარო“ და თავი დაედრიკა მპყრობელის წინაშე. ეს შეუსაბამობა თვითონვე აბნევდა. „სამშობლოს ვერვინ წაგვართმევსო“, ამაყად იკვეხნიდნენ. სამშობლო უკვე წართმეული ჰქონდათ.

თითოეულ ფეოდალში პატარა „მეფე“ იჯდა. დავითის წინ იდგა რთული ამოცანა. საჭირო იყო ერის შენივთება, ჯერ საერთო ნიადაგის მოძებნა, მერე კი პოლიტიკური უნისონის პლატფორმის შემუშავება. ექსტრემალურ სიტუაციაში უნდა დაითრგუნოს „მე“ „ჩვენის“ წინაშე, უნდა წაიშალოს პირადული საზოგადოებრივის სასარგებლოდ. დავით IV-ის „აღმოცისკრებისას“ აუცილებელი იყო არა კონფრონტაცია, არამედ შეკავშირება მონოლითურ ერთიანობად. „ამისთვისცა-მეფემ – არასოდეს მოაცალა ამისად განზრახვად (ე.ი. ხელისუფალთა მიმართ ორგულობისათვის), ანუ განსუენებად, ანუ შეკრებად და ქმნად რასამე ესევითარსა არამედ საქმეთა, რომელთა იწყო ქმნად, გაასრულნაცა მაღლად და შუენიერად“… მეფე ერს შეკრების ნებასაც არ აძლევდა. დავითის სურვილი იყო, ცალკე ქართველი კი არ მოქცეოდა ბიზანტიას თუ ირანს სათავეში, ქართველობა ქცეულიყო სამყაროს მესიად. მას ქართველი არ აინტერესებდა, არამედ ქართველობა და ქართველები.

დავითიზმი არის თვითდამკვიდრებისაკენ სწრაფვა, თვითდამკვიდრების მეთოდის მოძებნა და, რაც მთავარია, თვითდამკვიდრების პრაქტიკული განხორციელება. დავით IV-მ შეაერთა ქართველობა ერთიან ძალად, წარმართა ეროვნული ინტერესებისათვის. შეერთებული „ნათესავი ქართველთა“ აქცია საერთო-კავკასიური იმპერიის ბირთვად. იგი არ ეძებდა დახმარებას უცხოეთში. არც სურდა მფარველობა. თვით ერი იწყებდა საკუთარი ბედის მართვას. ასეთი ქმედებით ქართველთა ლიდერი მართლაც გადაიქცა კაცად, „რომლისა აჩრდილსა შეკრებულ იყვნეს ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ხელმწიფენი ოვსეთის და ყივჩაღეთისა, სომხეთისა და ფრანგეთისანი, შარვანისა და სპარსეთისანი“. დავითიზმი არის წესრიგი. ცენტრს დაქვემდებარებული მწყობრი ორგანიზაცია. თანამიმდევრული რეფორმებით დავით IV-მ თანდათანობით შექმნა მსოფლიოში უნიკალური ბიუროკრატიული აპარატი. საინტერესოა, რომ სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემაში არსად იძებნება დასჯის ორგანო. უკვე აღნიშნული გვქონდა; დავითიზმის ერთ-ერთი მეთოდი იყო ძალა, მაგრამ დამსჯელი ორგანოს მიგნება ძნელია. ეს აიხსნება ორი გარემოებით: დავით IV სახელმწიფო მართვის ასეთ რგოლს ჰქმნიდა დროებით, ერთდროულად კი ათავსებდა სასულიერო იერარქიაში. ეს კი ნიშნავს, რომ მსტოვართა ინსტიტუტი და „პოლიტიკური პოლიცია“ არ მიაჩნდა ბუნებრივ მოვლენად. მტკიცე მობილურობამ ქართველობა, ვითარცა შედუღაბებული თვისებრიობა, გადაიყვანა რაოდენობრიობაში. ამით აიხსნება, რომ დავით IV ადვილად სძლევდა 1500 ტაძრეულით 100 000 თურქს, 56 000-იანი ლაშქრით სრესდა სელჩუკთა უზარმაზარ ურდოებს. დავითის სახელმწიფო, „საყდარი დავითიანი“, აგებული იყო სამხედრო-სასულიერო ორდენის მაგვარი სტრუქტურის მსგავსად. მაგრამ გასამხედროების წესს არ დაუჩრდილავს დავითიზმის კულტურულ-იდეოლოგიური და სოციალ-ეკონომიკური საყრდენები.

დავით IV-ემ  შეძლო შეეცვალა ტრადიციული ბრუნვა ქართველთა ბედისწერისა, შემოატრიალა „მამულისა ჩვეულებისამებრ სვლა“, იოანე საბანისძისეული ჭირთა თმენის „ფილოსოფია“. ისტორია მძლავრობდა ჩვენზე, ქართულ რაინდულ ბუნებას ამუხრუჭებდა გარემოცვა. ჩვენ ხომ „ყურესა ამისა შინა“ მარტონი ვიყავით დარჩენილი, თითქმის არ გვახსოვდა ცენტრი. ეროვნული სული უმთავრესად განაპირა ხეობებში გახიზნული, ამოუცნობი მექანიზმით, რაღაც სიურეალისტური ხილვებით ბრუნდებოდა ერთიანობისაკენ. ეს ასაზრდოებდა ჩვენს ნიშატს. ისტორიული ბედი კვებავდა ეროვნულ ხასიათს. დათმობა, ტოლერანტიზმი, ალტრუიზმით ნაჯერი „სხვათა სიყვარულის“ ცნება „სა-უცხო-ოთი“ გამოხატული (ო, როგორ სძულდა სიტყვა „საუცხოო“ – საუკეთესოს აღმნიშვნელად შალვა დადიანს), აპირობებდა თავგანწირულ სიმამაცესაც და სულმოკლეობასაც. გმირებიც ბევრი გვყავდა, რენეგატებიც. ადვილად ხელის ჩაქნევაც ვიცოდით, მცირედით დაკმაყოფილებაც. ეს თვისება უდარდელობაშიც გადასულა, ეროვნულ უპასუხისმგებლობადაც განვითარებულა. უკიდურეს გამძლეობას ვიჩენდით უკიდურესი გაჭირვების ჟამს. „სიმშვიდისას“ ნაკლებად ვიტკივებდით თავს. გული გადაგეწურება, როდესაც ამოიკითხავ ძველ მატიანეებში საოცარ წინგაუხედაობას. არაერთ მტერს შევხვდით მოუმზადებელი. უზარმაზარი ურდოები მოდიოდნენ ხმაურით, ღრიალით, ზარ-ზეიმით, მემატიანე კი აღნიშნავს: მოულოდნელად გაჩნდაო მომხდური. ინგრეოდა ხშირად აღმოსავლეთი, მზადდებოდა შფოთის გრიგალები, გახარებული ქართველი კი სწერდა: მტერი არსაით გვიჩანდაო. ეს ნაკლოვანება გვიანაც შემოგვრჩა (დღესაც მ.დუმბაძე). გენერალი მაზნიაშვილის მოგონებებში გადმოცემული ამბავი, ერთდროულად სასაცილოცაა და სატირალიც. დაშნაკებთან კონფლიქტის დროს ქართველებმა დაიკავეს სტრატეგიული სიმაღლე, ღამე შესცივდათ, მიატოვეს, – დილით ისევ ავიღებთო. მეორე, მესამე დღეს იგივე განმეორდა. აიღებდნენ სიმაგრეს, ისევ დათმობდნენ და ა.შ. დავით IV-ის დროს გამორიცხული იყო ასეთი „კაზუსები“. მან ქართველობას მიანიჭა მსოფლიო მაჯისცემის შეგრძნების უნარი. ქართულ საქმეებს უფარდებდა საერთო პოლიტიკური მოვლენების მიმდინარეობას. „ჩვეულებისამებრ მამულისა სვლა“ იყო ხანგრძლივი მოთმინება.

პლ. იოსელიანი ამბობდა: „ქართველი ერი ძველი და მრავალთა ჭირთა შევიწროებათა მნახველი, ადვილად მიიღებდა მწუხარებასა და ადვილად განიკურნავდა თავს, ვითარცა ჭირნახადი. გავლილი ცეცხლსა ვითარცა ბრძმედსა შინა, ოქრო იყო ნედლად წმინდათ საჩვენებელი…

…ქართველთ ესრედ მრავალსაუკუნოებით, გამოცდილთა ცეცხლში ვითარცა პური გამომცხვარი, ვერ ერეოდა ვერცა შინაგანი, ვერც გარეგანი მწუხარება, გაღელებული თავისუფლებით და განლაღებული მთებით, ეცნობოდა ბედსაცა და უბედობასაცა. ქართველთა გამოსწოვეს ტვინი სპარსთა, შეჭამეს იმპერია რომისა… შეჭამეს ბიზანტია და თვით დაშთა შეუჭმელად მათთვის, რომელნიცა ჰგინებდნენ მათსა შეჭმასა… მახესა დაგებულსა მტერთაგან, თვით მტერნი გაებნენ. საფრთხე შეიმუსრა და ჩვენ განვერენით…

…ესრეთი არის თვისება და ხასიათი ქართველთა ნათესავისა, ძველსა კაცთა ნათესავთა შორის“. (პლ. იოსელიანის ეს გამონათქვამები უაღრეად საყურადღებოა ქართული მენტალიტეტის შესასაწავლად, ამიტომ ამახვილებს ვტორი მასზე ყურადღებას.  მ.დუმბაძე)

დავით IV-ემ უარყო ეს პასიური მეთოდი. თვითონ შეუტია გარე სამანებს. ასუნთქა ქართველობა ჭეშმარიტი თავისუფლებით. ლეგენდების სამყაროს თუ გამოვთიშავთ, დავით IV-მდე ნამდვილი თავისუფლება არ გვქონია. ფარნავაზიც სხვისი ვასალი იყო, ფარსმან ქველიც, მირიანიც, ვახტანგ გორგასალმაც ვერ მოიშორა ირანული უღელი. დავით IV-მ მოიპოვა აბსოლუტური სუვერენიტეტი. არსი დავითიზმისა ქართველთათვის აღმოჩნდა ერთობ მოულოდნელი. ვერ ავითვისეთ პრაგმატისტული ცხოვრების წესი. აღმაშენებლობა ჩვენთვის იქცა უმძიმეს გოლგოთად. (აქ კი უნდა დაფიქრდეს ქართველი. მ.დუმბაძე) ახალი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური კონცეფცია არ მოერგო ნაციონალურ ხასიათს – „საყდარი დავითიანი“ თამარობაში გაცხადდა 65 წლის შემდეგ. მეფე-ღმერთს „გაექცა“ ქართველი, მეფე-დედას სიხარულით შეეხიზნა. ძალა უარვყავით, სათნოებას დავემყარეთ. შევქმენით მსოფლიოში პირველი და ერთადერთი სახარებისეული ქრისტიანული სახელმწიფო. „დავითიზმის“ „თამარობაში“ „გადასვლა“ ლოგიკური განვითარება იყო სიმაღლისაკენ. ვაი, რომ ძალზე ნაადრევი აღმოჩნდა ეს თვისებრივი ნახტომი. „დავითიზმის“ მსუსხავ რეჟიმს გარიდებული გალაღებულ-განებივრებული ქართველობა ცურავდა ამქვეყნიურ სიამეთა მორევში. ჭაბუკი მეფე ლაშა, დარდიმანდი „რაინდი“, თავისუფალი სიყვარულის რაინდი, უდარდელად ეძლეოდა ზმანებებს ჰაშიშით გაბრუებული. ქართველნი „როკავდნენ, იმღერდნენ, სმურობდნენ, განიხარებდნენ!“ ყარაყორუმის მიწა კი უკვე კვნესოდა თათარ-მონგოლთა დაუჭედავ ცხენებზე ამხედრებულ ურდოთა სიმძიმისაგან შეძრწუნებული.

ნაციონალური ხასიათი – ნიშატი ერისა, გენეტიკურ ძირებს ემყარება. ძნელად დასაძებნია მისი საფუძველი. არავის ძალუძს ზუსტად მიგვანიშნოს, რა არის ქართველის ქართველობა, სად გადის „კათოლიკე ძარღვი“ ქართლოსიანთა. ცალკეული ნიშნების ჩამოთვლა იოლია, ერთიანობის ფოკუსის განსაზღვრა რთულდება; მიახლოებით თუ შეგვიძლია დადგენა საკითხისა, ისტორიული ბედი აპირობებს ნიშატს, თუ პირიქით, ნიშატი ახდენს ისტორიული ბედის მეტამორფოზებს. სულხან-საბა ორბელიანის აზრით, ნიშატი ბუნებითი ძალაა, ე.ი. ის ენერგეტიკული წყაროა განვითარებისა. ეს ენერგეტიკული საწყისი ერთობ მოდუნებული ჩანს. ქართველების ერთგულება მშობლიური მიწა-წყლის მიმართ უფრო პასიურ სიჯიუტეს წააგავს, ვიდრე პატრიოტიზმს. ასევე კონსერვატიზმით თუ აიხსნება ე.წ. ისტორიული ზომიერება. ორივე დღეს საამაყოდ მიგვაჩნია, თავს ვიქებთ იმით, სტრაბონისეული საზღვრები აქამდის რომ უცვლელი გვაქვს, თვით დიდი იმპერიული ზეობის – თამარის მმართველობის დროსაც არ გაჭიმულა ძალზე შორს ეთნიკური ხაზი ქართველთა. ისტორიული პროცესის ანალიზი გვარწმუნებს, რომ „ვიკინგური სული“ წინსწრაფვისა (ესოდენ რომ გაცხადდა ანგლო-საქსურ და ნორდ-გერმანულ ხალხებში, ხოლო ვარიაგთა გავლენით რუსებში), აგრეთვე თურქული მოდგმის ეთნიკური ექსპანსიის უნარი, სრულიადაც არ აღმოჩნდა დამღუპველი. ჩვენმა ალტრუიზმმა კი ბევრი ვერაფერი შეგვმატა. დავით IV-მ სცადა ჩვენი ხასიათის შეცვლა. მან ძალით ააგლიჯა ვიწრო ხეობებს ჩაბღაუჭებული ქართველი, „საერთო სახლის“ საშენ მასალად აქცია. არ მისცა მოცალეობა არავის. ზვიადი კოშკებიდან გულგრილად გადმომზირალი სვანი „ყოველი საქართველოს“ მოქალაქედ დაასაქმა. აბა, შეუდარეთ დავითისეული ეპოქის სვანი ვარგები გვიანი შუა საუკუნეების ჩაკეტილ მახვშებს. XII-XIII საუკუნეების უშგულში განგაშის ზარებს რეკდნენ, შორეული შირვანის საზღვარზე ერთი ქათამიც რომ დაეკარგა ქართველობას. XIII საუკუნის მერე ერთი ორჯერ თუ გამოიხედეს სვანებმა ბარისკენ, ქუთაისი გაძარცვეს და უკან წავიდნენ. დავით აღმაშენებელმა ომი გამოუცხადა პარტიკულარიზმს. მან „საქართველოებიდან“ „ყოველი საქართველო“ შექმნა. XV საუკუნეში უკუპროცესი დაიწყო.  „ყოველი საქართველო“ ჯერ 8 „საქართველოდ“ დაიშალა. მერე ცალკეულმა „საქართველოებმა“ დაკარგეს „საქართველოობა“, – კახეთად, ქართლად, სამცხე-ჯავახეთად, იმერეთად, სვანეთად, გურიად, სამეგრელოდ, აფხაზეთად გადაიქცნენ. XVIII საუკუნის ბოლოს სოლომონ ლეონიძემ დაიტირა „სახლი სადავითო“, კვლავ იქადაგა „მავასხელობითი სიყვარული ქართველთა“. „მავასხელობითი“ ურთიერთსავალდებულო სიყვარულს ნიშნავს. ამ თეორიის მიხედვით კახელს – ქართლელი, ქართლელს – მეგრელი, მეგრელს – გურული და ა.შ. კი არ უნდა უყვარდეს უბრალოდ, არამედ ვალდებულია, რომ უყვარდეს. ეს ვალდებულება არის ხსნა. თუ ქართველი ქართველს არ მოეხვევა, მაშინ მას სხვა მოეხვევა ისე მაგრად, შესაძლოა მოახრჩოს კიდეც. სოლომონ ლეონიძემ ააღორძინა „სადავითო სახლის“ იდეა. სამწუხაროდ, აღარსად იყო დავით IV. 54 წელი კი იმეფა გმირმა პატარა კახმა _ ერეკლე II-მ… მაგრამ… ძნელი ეგ არის, „ვერ იდავითა პატარა კახმა“. პოეტის ცრემლიან სიტყვებში არი მწარე სიმართლე.

დავით IV იბრძოდა ევროპეიზაციისათვის. მას ჰქონდა გამოკვეთილი ევროპული ორიენტაცია. ეს რომ უკეთ გავიგოთ, უნდა ვიცოდეთ, რა არის ევროპეიზმი. ევროპეიზმი თვისებრივი სიმაღლეა, მუდმივი განვითარების აღმავალი დინამიკა. იგი გამორიცხავს სტაგნაციას. ის სრბოლაა მუდმივი, უწყვეტი. ამ თვალსაზრისით, აღმოსავლეთი არასოდეს არ უსწრებდა ევროპას, რომელიც უკვე ელინურ-ლათინური ეპოქიდან ცივილიზაციის კანონმდებელია. ხშირად ლაპარაკობენ ევროპელი რაინდების უვიცობაზე. ავიწყდებათ, რომ წერა-კითხვის უცოდინარი ფრანგი თუ ინგლისელი რაინდები უმაღლესი ხარისხის ფოლადის თორში იჯდნენ, მტკიცე ხომალდებით სძლევდნენ ოკეანეთა და ზღვების ქარტეხილებს და ქრისტეს საფლავის განთავისუფლებისათვის მოისწრაფოდნენ პალესტინაში. უხეშ სალდაფონებს გვერდში ედგნენ ასტრონომიის, ნავიგაციის ღრმა ცოდნით შეიარაღებული სულიერი მამები. დავით IV-მ საქართველო შეაბრუნა ევროპეიზმისაკენ, თამარი ჯერ თითქოს მის კვალს გაჰყვა, მაგრამ მერე დაუშვა აღმოსავლური სიდუნე და კვლავ გამოთიშა მოძრავი მაძიებელი ევროპისაგან. თამარის დროს იძალა დავითის მიერ უარყოფილმა ბიზანტინიზმმა, რომელიც შეამსუბუქა არაბულ-სპარსულმა „სინაზემ“. შემთხვევითი როდია, დავითის ეპოქის ქართულ კულტურაში წამყვანი ფილოსოფიური აზროვნება. თამარის დროს ფილოსოფიაში გენიოსი აღარ გვყავს, სამაგიეროდ პოეტური პარნასია აღმატებული.

დავით IV-მ მახვილი შეაბა ქართველობას, მაგრამ მეორე ხელში წიგნი დააჭერინა. შექმნა გელათი “მეორე იერუსალიმად“, „სხვად ათინად“. ჩამოაყალიბა თავისებური „მეცნიერებათა აკადემია“, გააწესა მოძღვართ-მოძღვარის სახელო (ეს თანამდებობა, თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, აერთიანებს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიტენტის, განათლებისა და კულტურის მინისტრების პოსტებს). ყოველდღე ეძებდა სასულიერო ლიტერატურაში სახელმწიფო ზნეობის საძირკველს. უკვე ავღნიშნეთ, მეფე ძალას ემყარებოდა. ისიც მივუთითეთ, ეს ძალა იძულებითი მეთოდი იყო, დროებითი გამოსავალი, ექსტერმალური სიტუაციისათვის შესაფერისი. იგი არ წარმოადგენდა საბოლოო მიზანს, ამიტო მწიგნობარი მეფე დაუცხრომლად ცდილობდა ეპოვა ქართველთა მომავლის პოლიტიკური პანაცეა. ეცნობოდა ყურანსაც, სომხურ ღვთისმეტყველებასაც, ბერძნულ ორთოდოქსალიზმსაც, კათოლიციზმსაც. ვფიქრობთ, გენოისმა მოაზროვნემ ვერ მოასწრო მოეხდინა ღრმა თეორიული ცოდნის განზოგადება იდეოლოგიურ დოქტრინად. ეგებ არც „ბუნებითი“, არც „წიგნის სჯული“ არ აკმაყოფილებდა, ყოველ შემთხვევაში, ეს არ ასახულა შემორჩენილ მემკვიდრეობაში. დავით IV-მ მომავალს დაუტოვა სახელმწიფოს ისეთი აპარატი, რომელიც აუცილებელი იყო კრიზისულ მდგომარეობაში. საომარ ვითარებაში სრულყოფა შთამომავლობას უნდა მოეხდინა.

შეცვალა თუ არა დავით აღმაშენებელმა ნიშატი ქართველთა? რა თქმა უნდა, ვერა! ნიშატი ხომ ენერგეტიკულია, საიდუმლო გენეტიკით ნასაზრდოები. მაგრამ „ქართველთა ღმერთმა“ შეძლო აღეზარდა ახალი ტიპის ქართველი. მან ქართველობა გაათავისუფლა შიშისაგან, მოუხსნა მორჩილების კომპლექსი, მიანიჭა იმპერიული ამბიცია, აამოძრავა, გამოაფხიზლა, საზოგადოებრივი „ჩვენით“ გარკვეულ დონემდე დათრგუნა პირადი „მე“. დავით IV-მ გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელების „ნაციონალისტური“ მსოფლმხედველობის უნივერსალიზაცია მოახდინა, მიაჩვია განათლებული ქართველი კრიტიკულ აზროვნებას. ეს იყო დავითიზმის ეთნოფსიქოლოგიური ასპექტი.

 „მაბრალობელნი“ დავით აღმაშენებლისა

 „დავითიზმის“ გადაზრდა „თამარობაში“

 „მაბრალობელნი“ „ქართლის ცხოვრებაში“ ოპოზიციონერებს ჰქვიათ. დავით IV აღმაშენებლის მმართველობას მძაფრი წინააღმდეგობა ხვდებოდა. „მაბრალობელნი“ ჰყავდა ყველა ენერგიულ მეფეს. XI-XII საუკუნეთა შესაყარზე ოპოზიცია განსაკუთრებით აქტიურობდა. სამწუხაროდ, არ შემონახულა უშუალოდ „მაბრალობელთა“ თხზულებანი. ამიტომ, უმრავლეს შემთხვევაში, დისიდენტთა თვალსაზრისის აღდგენა მათი დამთრგუნველი, გამარჯვებული იდეოლოგიის მებაირახტეთა წყალობით ხერხდება. (მკითხველს ვთხოვთ, დისიდენტიზმი მოდერნისტულ ტერმინად არ ჩაგვითვალოს. ეს ლათინური ცნება – „უარისთქმა“ რომის იმპერიიდან დღემდე ცნობილი იყო ყველა ეპოქაში). დავითის ისტორიკოსის, არსენ ბერის ცნობით, მოწინააღმდეგეები მეფეს საყვედურობდნენ:

1.    „ესოდენ მჭირსედ მოქალაქეობისა და მოლაშქრეობისათვის“, საყოველთაო-სამხედრო ბეგარის შემოღებისათვის.

2.    „მხედრობათა მისთა განუსუენებელისა მიმოსვლისათვის“, პროფესიულ მეომართა განუსაზღვრელი დასაქმებისათვის. „არცა მშვილდი თავს  იდებსო, მარადის გარდაცმულობისა, არცა ძალი ორღანოსა მარადის განსხირპულობასა“.

3.    „სხვასა ბრალობასა შემოღებულ მეტყველნი შეიყვარნის ვინმე და განადიდნეს ვინმეო და კვალად მოიძულნეს ვინმე და დაამცირესო, ასე აღმმაღლის და ესე დაამდაბლისო“. მაშასადამე, „ბრალის“ არსი მდგომარეობდა მეფის თვითმპყრობელური ნების გამოვლენაში. სინამდვილეშიც ოპოზიციის ძირითადი ბრალდება ეხებოდა სამეფო ხელისუფლების აბსოლუტიზმისაკენ სწრაფვას.

4.    მეფე დავითს გაუჭირდა არისტოკრატიის დარწმუნება ყივჩაღთა შემოსახლების სიკეთეში. აშკარაა, მას ასეთი განზრახვა ადრევე ჰქონდა (ყივჩაღთა მბრძანებელს ათრაქა შარაღანისძეს დაუმოყვრდა). დედოფალ გურანდუხტის საქართველოში ჩამოსვლა დროში უსწრებს გადმოსახლებას. ჩრ.კავკასიის მეტისმეტად მერყევი ეთნიკური სახე, აქ მოსახლე მოუსვენარი ტომები ყოველთვის იპყრობდა ქართველთა ყურადღებას. ალან-ოსთა სამხედრო სამსახური ჩვეულებრივი მოვლენა იყო. დავით IV-მ განსხვავებული მეთოდი აირჩია. მან გადაწყვიტა პოლიტიკურად დაექვემდებარებინა ჩრ.კავკასია, ოდითგანვე „სადგური და საბანაკე ძეთა მაგოგისათა“ (იოანე საბანისძე). ამიტომაც აქცენტი აიღო ყივჩაღებზე. ეს უდიდესი რისკი იყო. უცხო ეთნიკური ელემენტის ათვისება მოითხოვდა სახელმწიფოს სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ-იდეოლოგიური ძალების სრულ მობილიზაციას. ამ ამოცანას დავით IV-მ შეწირა პირადი ბედნიერება. გაშორდა პირველ ცოლს – სომეხ ბაგრატიონთა ასულს, გატეხა ქართველ დიდებულთა წინააღმდეგობა და გადმოიყვანა თითქმის ნახევარმილიონიანი ურდო, 40 000 ოჯახი, „50 000 შებმული მეომარი“.

სუსტი ხელისუფლების პირობებში ყივჩაღებს შეეძლოთ ქვეყნის დაპყრობაც, მაგრამ დრო იდგა დავითიანი. მეფემ „აღთვალა“ ყივჩაღნი; გვარად-გვარად მოაწყო; უჩინა საზამთრო და საზაფხულო სადგური; დაუდგინა სპასალარნი (სამხედრო მეთაურები),მმართებელნი (სამოქალაქო გამრიგენი); დაუწესა უმკაცრესი კონტროლიც; განასრულა ცხენებით. მოკლე ხანში ქართველთა ხელში მოექცა უაღრესად მობილური, ბრძოლისუნარიანი, პირველხარისხოვანი რეგულარული არმია… დაყოფილი „გუნდებად“ (60-150-300-500-1000 და ა.შ.). ყივჩაღები დაასახლეს ჩრდილოეთ სომხეთში, ქვემო ქართლში, ჰერეთშ. მათი ნაწილი გასომხდა ან გაქართველდა, ზოგი შარვანელთ შეერია. უმთავრესი მასა კი უკან წავიდა დავითის სიკვდილის შემდეგ. ქართული სამხედრო ხელოვნების მიხედვით ორგანიზებულმა ყივჩაღებმა მძიმე დარტყმები მიაყენეს რუსეთს. ყივჩაღთა საკითხი მაჩვენებელია, რა გრანდიოზულია საქმენი სადავითიანო. მოგვიანებით ჩვენ ვეღარ შევძელით ეთნიკური პროცესების მართვა: არა თუ უცხოთა სამსახური ვერ გამოვიყენეთ, საკუთარი, სისხლით ქართული, მტერთა კირთებისაგან გაუცხოებული მოძმე ეთნიკური ჯგუფები აგვიმხედრდა. დავით IV ზურგით კავკასიონს მიებჯინა, ჩრდილოეთ კავკასიის „ველური“ ენერგია წარმართა სამხრეთისაკენ. მას ჰქონდა ტიტულიც: „მეფე რუსთა“, რაც შესაძლოა აღნიშნავდეს ყივჩაღთა მბრძანებლობასაც, ტამანის ნახევარკუნძულზე აღმოცენებული რუსული სამთავროს ტმუ-ტარაკანის ფლობასაც. XIV საუკუნიდან ჩრდილოეთ კავკასიამ აქეთ შემოგვიტია, – რამაც განსაზღვრა კიდევაც ჩვენი ძნელბედობა. „მიიდრიკა“ კავკასიის მთიანეთი, „მიიდრიკა“ მესხეთიც – ქართული კულტურის აკვანი. ჩვენ რაღა ვქენით? “მიდრეკილთ“ გავემიჯნეთ. შეგვეშინდა, ვაითუ ვერ ავითვისოთო „გაუცხოებული“, შეგვეშინდა და… გავწირეთ „ჩვენი“ სხვათათვის! ესეც ლოგიკური იყო. დიდი ხანია ჩამკვდარიყო დავითიზმი, დიდი ხანია დაწყებულიყო ქართველთა „კიდურების განგრენა“. უკვე დავიწყებული გვქონდა დავითისეული უნარი თვითლიკვიდირებით ეროვნულ ძალთა კონსოლიდაციისა (თვითლიკვიდირებაში ავტორი გულისხმობს საკუთარი კეთილდღეობის დათრგუნვას ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. მ.დუმბაძე) და „პასიური“ ლოდინის რაინდებად ვქცეულიყავით.

უყვარდათ თუ არა დავით აღმაშენებელი ქართველებს? ამ კითხვასაც აღშფოთებით შეხვდება მკითხველი. როგორ, განა „ქართველთა ღმერთი“ არ ჰქავია დავითს?… მოდით, მშვიდად განვიხილოთ ეს პრობლემა. დავით IV არის ყველაზე დიდი მეფე ქართველთა. მაგრამ იგი არ არის ყველაზე პოპულარული. ხალხური პოეზია, ორიოდე გამონაკლისის გარდა, გვერდზე სტოვებს ამ ღმერთკაცს. (ხალხური პოეზიის საყვარელი მეფეებია თამარი, ერეკლე II, ვახტანგ გორგასალი). არც შუასაუკუნოვანი ლიტერატორები იკლავდნენ თავს, გუნდრუკი ეკმიათ მეფე-ღმერთისათვის. ლეგენდებიც არა გვაქვს. (ერთადერთია გელათის კარიბჭეში დამარხვა). ფრესკაც ფერმქრთალია.  დავით IV-ის შემდეგ ქართველი დავითით არ ცხოცრობს, ის თამარელია, თამარის მოტირალი, თამარზე შეყვარებული. ბაზალეთის ტბის ფსკერიდან ახალ დავითს კი არ ელოდნენ, არამედ – თამარს. თამარი გახდა გვიანფეოდალური ქართული რომანტიზმის ოცნების სიმბოლო. არა, არ უყვარდათ ქართველებს მეფე დავით IV აღმაშენებელი. ქართველი არ იქნებოდა ქართველი, მას რომ დავითიზმი ნებსით მიეღო. დავითობა იყო სიმძიმე მაშვრალთა, ტვირთი ძნელად საზიდი. ქართველი დავითიანი რომ დარჩენილიყო, მას ექნებოდა იმპერია უდიდესი.

აბსოლუტური სრული სრულყოფას ქართულ სასაშიც აღწევს, ამტკიცებდა ჰეგელი. თვითონვე ხსნიდა, თუ რატომ არ ხდებოდა აბსოლუტური გონის ქართველში რალიზება. მისი აზრით, ქართველობას ამუხრუჭებს მერყევი სული, უნებისყოფობა. სისრულე ანუ ლოგოსის (სიტყვის, იდეის) განსხეულება მიიღწევა ნიჭიერებითა და შრომით. აზიას მზა ფორმები უყვარს, ევროპას შემოქმედება ახასიათებს, მუდმივი ძიება. ქართველებს? ნუ გვეწყინება, ნიჭს ვუწევთ ექსპლოატაციას, ოფლი გვეზარება ერთობ. რამდენიმე ხნის წინ ავსტრიიდან დაბრუნდა პასუხისმგებელი მუშაკი. აღფრთოვანებული იყო ამ ქვეყნის წარმატებებით. აღტაცებამ რომ გაუარა, სერიოზულად დაამატა: არა, ძმაო, არაფრით არ ვიცხოვრებდი იქ, ყველაფერი გათვლილია, დაგეგმილი. კაცი ნარდს ვერ ჩაუჯდება, დომინოს ვერ ითამაშებს, ვერ იქეიფებს! დავით IV რაციონალისტი იყო, მუხლჩაუხრელობის მქადაგებელი. შეუყვარდებოდათ ქართველებს ასეთი მომთხოვნი ლიდერი? დავითით ამაყობდნენ, დავითს პატივს სცემდნენ, აღიარებდნენ; დავითის ეშინოდათ, ღმერთად მიაჩნდათ, მაგრამ სიყვარული? არა გვგონია! დიდ პიროვნებათა პოპულარობა, თუ ის ხელოვნურად დანერგილი არ არის, ყოველთვის გვიან მჟღავნდება. საერთო-სახალხო სიყვარულს კი მუდამ სწორი მისამართი არ აქვს. პოპულარობა არ გამოხატავს პოპულარულის სიმართლეს. ხშირად სწორედ ის არ უყვართ, ვინც ნამდვილი თაყვანისცემის ღირსია. პოპულარულია ის, ვინც უდასტურებს ხალხს მის სურვილს, – ოდნავ უკეთ, ოდნავ გასაგებად. თუ სახალხო სურვილი ღრმად გამოხატე, შესაძლოა ვერც აღიქვას მასამ; თუ ზუსტად ისე უთხარი, როგორც იცის, ჩვეულებრივად მოეჩვენება. მაშასადამე, საჭიროა ოდნავ უკეთ და ოდნავ გასაგებად. მაშინ ხარ გმირი! მაგრამ გმირობა ეს როდია. გმირია პროგრესის ნიშანსვეტის მაძიებელი. დავით IV გმირი იყო, – ის ქმნიდა პროგრესს. მისი მეთოდი საერთო-სახალხო არაა, – მისი გაგება შეუძლებელია. აღიარებაც მერე უნდა მოსულიყო. მაგრამ აღიარებამ დააგვიანა, რადგან დავითობას თამარობა ჩაენაცვლა. ასე მგონია, დავით IV-ის შემდეგ არისტოკრატიამ თავისუფლად ამოისუნთქა. თამარის ხაზი დავითის ხაზის გაგრძელებაა. თუმცა არის დიდი სხვაობაც. დავით აღმაშენებლის სახელმწიფო გარეგნულად ინარჩუნებდა „სამეფოების“ („შვიდი სამეფოს“) სტატუსს. იურიდიულად თითოეული ძველი „სამეფო“ – „აფხაზთა სამეფო“ (ე.ი. დას. საქართველო), „ქართველთა სამეფო“ (ქართლი, ტაო-კლარჯეთი, სამცხე-ჯავახეთი), „რანთა და კახთა სამეფო“, „სომეხთა სამეფო“ (ლორე, ტაშირი), შენარჩუნებული იყო. სინამდვილეში კი აშკარად დომინანტობდა „აფხაზთა სამეფო“. დავით IV-ემ „ყოველი საქართველო“ შეკრა დასავლეთ საქართველოს ძალებით. ამიტომაც ამ „სამეფოს“ ტრადიციულად შემორჩა მისი უპირატესობა გაერთიანებულ სახელმწიფოში. ნაწილობრივ პრივილეგირებული იყო ტაო-კლარჯეთიც. აღმოსავლეთელი ფეოდალები „დაჩაგრულად“ გამოიყურებიან. სწორედ აღმოსავლეთში გავრცელდა ე.წ. „შეწყალება“. აქ წარმოიშვა პირობითი მიწათმფლობელობა, მსახურეული აზნაურობა.  დავით IV-მ სამხედრო ოლქებად დაჰყო აღმოსავლეთისა და სამხრეთის პროვინციები. აქვე წარმოიქმნა „სამონაპიროები“. დავით IV ახდენდა სახელმწიფოს უნიტარიზაციას, შლიდა თემობრივ ზღუდეებს, შლიდა სამანებს, ცენტრს ამაღლებდა. მაგრამ ეს პროცესი ვერ დაასრულა… IIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო დავითიზმის კრიზისი, რაც გადაიზარდა „სამოქალაქო ომში“. ერთმანეთს ჩაეხლართა რამდენიმე ძირითადი წინააღმდეგობა. ერთმანეთს დაეჯახნენ: აღმოსავლეთისა და დასავლეთის დიდებულები, ძირძველი და „უგვანო“ აზნაურები, ქალაქური წრეები და „პროვინციალები“, ეკლესია და სამეფო კარი… გამარჯვებული გამოვიდა სამეფო კარი, რომელიც ეყრდნობოდა აღმოსავლეთ-ქართულ პროვინციებს. მაგრამ სახელმწიფო უკვე აღარ იყო. „საყდარ დავითიანზე“ უკვე ფრიალებდა თამარის დროშა. აი, ამ პერიოდში ისევ იჩინა თავი დავით IV-ის „მაბრალობელთა“ დასმა. სწორედ მათ თვალსაზრისს ასახავენ თამარის ოფიციალური ისტორიკოსები.

თამარის ე.წ. მეორე ისტორიკოსი, რომელსაც ივ. ჯავახიშვილი პირობითად ბასილი ეზოსმოძღვარს უწოდებდა, აშკარად უპირისპირებს ერთმანეთს თამარის სათნოებასა და  დავითის ძალას. მიუთითებს, რომ თამარმა „ყოველი მახლობელი სამეფო გარშემო ქართლისა განათავისუფლა, “რაოდენთა მომძლავრებულთა უკუნ სცა სამეფო თვისი“. იგულისხმება, რომ „მიმძლავრებულთა“  შორის ივარაუდება ქართველთაგან „მიმძლავრება“. ესენი არიან: შარვანი, დარუბანდი, ღვანძეთი (დაღესტანი), ოვსეთი, ქაშაგეთი (ყაბარდო-ჩერქეზეთი), კარნუ ქალაქი (არზრუმის ამირა), ტრაპიზონის იმპერია. მაშასადამე, ოფიციალური ქართული ცნობით, თამარის ექპოქაში საქართველომ მეზობელ სამეფოებს აღუდგინა პოლიტიკური დამოუკიდებლობა, თუმცა ყველა ეს ქვეყანა (სულ შვიდი სამეფოა) დარჩა ქართულ კულტურულ გარემოში. ეს ერთადერთი, თითქმის გაუგონარი მოვლენაა შუა საუკუნეების მსოფლიოში… მაგრამ აქ არ თავდება თამარისეული „ინტერნაციონალიზმი“. იგი „ბჭედ იჯდა შორის თავისი თვისისა და მეზობელთა მეფეთა, არა მიშვებად ბრძოლისა, არცა გარდაგდებად უღელსა მძლავრობისასა ურთიერთს“. საქართველომ არა თუ განათავისუფლა მეზობლები, არამედ იკისრა მათი მფარველობის ფუნქცია, იგი არ აძლევდა მათ ნებას ერთმანეთის მიმართ გამოეჩინათ „მძლავრობა“. თამარის ისტორიკოსი მკაცრად აკრიტიკებს დავით აღმაშენებლის „ცოდვებს“, თვითგვემით რომ მოინანია „გალობანში“. აქებს დავით IV-ის „ცოდვათა“ საწინააღმდეგო თვისებებს თამარისას. „არა იღუწოდა უმეზობლობასა, არცა შერთვიდა  სახლსა სახლსა ზედა, არცა აგარაკსა აგარაკსა ზედა უცხოსა, არამედ თავისით მამული ძველი კმა იყო… არა შინებით უთქმიდა მეზობელთა, არამედ უფროსღა სცვიოდა მაშინებელთაგან… შორს განიოტა (ე.ი. განაგდო) წურბლის მსგავსი ვერ-მაძღრობა“.

…ქართული ხასიათი ნაადრევად დარბილდა. საქართველომ მახვილის სიბასრე დაკარგა გარემომცველი სამყაროს აგრესიულობის ზრდის პარალელურად. თათარ-მონგოლთა გრიგალს ვეღარც „პოლიტიკური უნისონი“ დაუპირისპირდა, ვეღარც სამრეწველო ნაციისათვის დამახასიათებელი საერთო-სახალხო თავდაცვის ორგანიზაცია; ქართველობა ვერ გასრულდა სამრეწველო ნაციად. მსოფლიოს ერთ-ერთი პირველხარისხოვანი იმპერია მოულოდნელად იოლად გაისრისა ნახევრადველური ნომადების დარტყმებისაგან. უეცრად გამოირკვა, რომ თამარისეული ტოლერანტიზმი, მისი „ისტორიული ინტერნაციონალიზმი“ ქვიშაზე ყოფილა აშენებული. გამართლდა შუა საუკუნეების საეროვნებათაშორისო ურთიერთობის რეაქციული ფორმულა: „შენდებოდეს – შეეწიე, ინგრეოდეს – შეესიე“; თბილისის კარები მომხდურს მაჰმადიანებმა გაუღეს, „განთავისუფლებულმა“ მეზობლებმა განაპირა მხარეების ჩამოთლა დაიწყეს. დაეცა სათნოების ქვეყანა. კოლექტიურ მეხსიერებაში დაილექა რომანტიკული ტკივილი თამარის „ოქროს ხანაზე“, რომელიც უკვე XIV საუკუნეში დაიტირა უცნობმა გენიოსმა – ჟამთააღმწერელმა.

XIX საუკუნეში გაგვახსენდა დიდი დავით აღმაშენებელი? არა, არც მაშინ (და არც დღეს) აღორძინებულ მეფე-ღმერთს არ შეუცვლია მზეთუნახავი ანგელოზი პირიმზე თამარი. მაინც აღსდგა მთელი სიგრძე-სიგანით იდეა – დაგვბრუნებოდა „მახვილი მესიისა“. ეს მოვლენა იყო სიმპტომატური. თამარი „იდეალურზე“ ოცნებაა, პერსპექტივის ხედვა, დავით IV კი გზაა „იდეალურისაკენ“. (ურთულესი გზაა: თავისი შეცდომებით, ტკივილით, მსხვერპლით, ზოგჯერ უსამართლობით და უკანონობით, დაშინებით, ძალის გამოყენებით და სხვა. მაგრამ, რომელი სახელმწიფო აშენებულა ამის გარეშე? მ.დუმბაძე) ეპოქას უკვე დავით IV შეეფერებოდა. მოვიდა ახალი დრო. დრო ურთულესი: „არა და, ისევ დღის წესრიგშია ბედი ქართლისა და ქართლის ჭირი“.

  „მახვილი მესიისა“

ქართველთა ეროვნული ხასიათი რბილი რაინდიზმია. ჩვენი რჯულთშემწყნარებლობა უნიკალურია. აფხაზთა გარდა, ყველა არაქართული ტომი ლტოლვილთა სახით შევიფარეთ. ეს „ისტორიული ინტერნაციონალიზმის“ პირდაპირი გამოვლენაა, – საამაყო და სნიმუშო. შეგვიძლია ე.წ. „ეთნიკური სიმბიოზების“ დათარიღებაც. ზუსტად არის დადგენილი, ვინ, როდის და როგორ შემოვიდა. საქართველომ არ იცის ინკვიზიცია, ანისემიტიზმი, “ერეტიკოსთა კოცონები“, „კუდიანებზე ნადირობა“ და ა.შ. ზოგმა ეს ძლიერებად ჩაგვითვალა, ზოგმა – სისუსტედ. ასეთი იყო ნიშატი ჩვენი, ბუნებითი ძალა ეროვნულობისა. ალბათ ერთადერთი ერი ვართ, რომელსაც საუკეთესოს აღმნიშვნელად აქვს ცნება „სა-უცხო-ო“. ბერძნები და რომაელები სხვებს „ბარბაროსებს“ უწოდებდნენ. ასევე იქცეოდნენ აქემენიანი სპარსელებიც. რა არის „საუცხოო“? თაყვანისცემა უცხოურისადმი? იქნებ თავის დადრეკაც, როგორც ეს მოხდა ევროპელთა მიმართ XVIII საუკუნის რუსეთში. არა, ეს პატივისცემაა, შინაგანი კულტურა სათნოებისა, რომელმაც ალტრუისტული შინაარსი შეიძინა და რომელიც ხშირად არასწორად იყო გაგებული. ეს თვისება ახლაც შემოგვრჩა. ასეთ ფონზე გაოცდება მკითხველი: დავით აღმაშენებელი მძლავრი? ეს ხომ მკრეხელობაა! მაგრამ დავით აღმაშენებელი აღაშენებდა არა მარტოოდენ საქართველოს, არამედ ქართველობასაც. ქართული სულის გარდაქმნისათვის უნდა შემუსვრილიყო ქართველთა მთვლემარე ბუნება, სიზარმაცე, უდარდელობა, მხოლოდ ნიჭზე დაყრდნობა (ყველას ახსოვს, მშობლებისაგან  საკუთარი ბავშვის მისამართით გაკეთებული „ფრთიანი“ ფრაზა – „ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი“. მ. დუმბაძე), მცირედით დაკმაყოფილება. დავით აღმაშენებელმა ერთდროულად წამოიწყო რამდენიმე ომი: გამათავისუფლებელი (თურქთა წინააღმდეგ მიმართული), გამაერთიანებელი (დაქუცმაცებულობის მომშლელი), სულის გამწმენდი (ეროვნული ამაღლების). დავითი წინამძღოლობდა სამამულო და სამოქალაქო ომს. ორივე ერთმანეთთან იყო ჩაწნული. დავით IV პრაქტიკულად ახორციელებდა ლოგოსის (სიტყვის, იდეის) განსხეულებას. ამ ბრძოლაში იყო შეუპოვრად თანმიმდევარი, ჯიუტად წინმსწრაფი. იგი ერთადერთი მეფეა, რომელმაც შეძლო ეპოვა ყველა პრობლემის დასასრული.

ავიღოთ ბაღუაშთა არისტოკრატიული სახლის ისტორია. ამ რენეგატებმა სისხლი გაუშრეს ბაგრატიონებს. ეს რიგითი ფეოდალური ქიშპობა არ იყო. ბაგრატიონები ერთიან ქართულ შენობას ქმნიდნენ, ბაღუაშები შლიდნენ ამ შენობას. სიცოცხლე გაუმწარეს ბაგრატ III-ს, გიორგი I-ს, ბაგრატ  IV-ს, გიორგი II-ს. ხან ურიგდებოდნენ მეფეებს, ხან ებრძოდნენ. მეფეებიც ერთ მეთოდს იყენებდნენ – ხან შეიწყალებდნენ, დააჯილდოებდნენ, ხანაც შეუტევდნენ. ვერც ერთმა მოიფიქრა რაიმე ახალი. მათ ეშინოდათ დაერღვიათ არისტოკრატიული იმუნიტეტი – შეუვალობა. დავით IV-მ დასვა წერტილი, ძირიანად ამოძირკვა „სახლი გამამწარებელთა“, „ნაშობნი იქედნესი“. ბაღუაშთა წაქცევა ადვილი როდი იყო, ბაღუაშობა ყველა ფეოდალში იყო გამჯდარი. მეფემ ამ აქტით ომი გამოუცხადა მთელ არისტოკრატიას. მათ ე.წ. „შეწყალებულნი“, „მსახურეულნი“ დაუპირისპირა. („შეწყალებულნი“-ს მნიშვნელობა აქ ასე უნდა გავიგოთ: მეფე თავის ქვეშევრდომს – იქნება ეს მოლაშქრე, აზნაური თუ სხვა – აძლევს „შეწყალებას“ერთგული სამსახურისათვის. დასავლეთ ევროპაში ამას „ბენეფიციუმს“ ეძახდნენ და გამოიხატებოდა მეფის – სიუზერენის მიერ, მიწის ან სხვა უძრავი ქონების ბოძებას ერთგული ვასალისადმი. ეს არის პირობითი მიწისსაკუთრების გავრცელებული ფორმა, როგორც დასალეთ ევროპაში ისე საქართველოში. ასეთი ბენეფიციარები და „შეწყალებულნი“ დაინტერესებული იყვნენ მეფის ხელისუფლების გაძლიერებით, რადგან მათი კეთილდღეობა უშუალოდ მეფე-სიუზერენზე იყო დამოკიდებული. იგვეა „მსახურეულნი“ –  მსახურეული აზნაურებიც მიწებს მეფისაგან ღებულობდნენ, ერთგული სამსახურის პირობით. მ. დუმბაძე)

რადიკალური იყო დავით IV კახეთ-ჰერეთის შემოერთების საკითხშიც. ეს უმდიდრესი ქართული ქვეყანა დიდი ხნით იყო მოწყვეტილი დედა-სამშობლოს. მისი დაბრუნება არაერთგზის სცადეს. გიორგი II ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ მან მოულოდნელად შემოხსნა ვეჯინის ალყა და ქუთაისში გადავიდა აჯამეთის ტყეში სანადიროდ. მეფის საქციელი ფრიად მოულოდნელია. ჩანს, გიორგი II-ს არ სურდა ქართველთა სისხლის დაღვრა ქვეყნის დამაქცევარ თურქ-სელჩუკებთან ერთად. ამ პოზიციამ საშინლად გაანადგურა ივრისპირეთი და გარეკახეთი. გულმოწყალება გაცილებით ძვირი დაჯდა. დავით IV-მ ერწუხთან გრიგალივით გადაუარა თურქებსაც და მათთან შეკავშირებულ კახ აზნაურებსაც. მეფე პირადად მიუძღოდა ჯარს. სამი ცხენი მოუკლეს, მეოთხე ცხენით დაამთავრა მთელი დღის ომი… და აფრიალდა ქართული დროშები ხორნაბუჯის ზესთა გოდოლზე, ნუხა-გიშის თავზე, დარუბანდში. ქართველებმა მახვილები კასპიის ზღვაში განბანეს. საქართველოში შევიდა ქრისტიანული დასავლეთი შირვანი.

„დავითიზმი“ იყო საუკუნეებით ჩამოყალიბებული ქართველთა ეთნოფსიქოლოგიის მსხვრევა, რაღაც არასწორის გასწორება, ბუნებით დაუდგომლობის წაღმართ წარმართვა. დავით IV არ აძლევდა „სიმშვიდეს“ ქართველობას, აიძულებდა აქტიურობას. დიდი საქმეებისაკენ მოუწოდებდა. პატივმოყვარეობის ჭიას, გულში რომ ჰქონდა თითოეულს ცალ-ცალკე, საერთო-ქართული სიდიადის გრძნობად აყალიბებდა. განსხამდა ქართველისაგან შიშს უცხოურისადმი. მეფემ უარყო ბიზანტიური ტიტულები. არ მიიღო იმპერატორის წოდებაც. არაფერი სურდა სხვათაგან ნაბოძები. უწყოდა: ქართველი უნდა ესწრაფოდეს თვითდამკვიდრებას. თუ ეს ვერ შეძლო, უსაქმურობის ჭაობში ჩაეფლობა. შემთხვევითი როდია, რომ დიდი ცოტნე დადიანის ჩამომავლები გვიან ერთმანეთის რბევაში გაიწაფნენ. უძრავ XIX საუკუნეში ვნებააშლილი დათიკოები და მცონარა ლუარსაბები აღმოცენდნენ. აბა, ერთმანეთს შეუდარეთ XVII საუკუნის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ფეოდალები. აღმოსავლეთში გმირები სჭარბობდნენ, დასავლეთში – მეშუღლარები. განა ერთი სისხლისანი არ იყვნენ? განა ნიჭით, მოხრხებით, ლევან  II დადიანი ჩამორჩებოდა გიორგი სააკაძეს, თეიმურაზ I-ს, ლუარსაბ წამებულს? განსხვავება ის იყო, რომ ამიერში საგარეო მტერს ებრძოდნენ, იმიერში – ერთმანეთს. ამ სენის ამოძირკვა სურდა დავით IV-ს. მისი ლოზუნგი იყო: გარე სამანებს უნდა შეუტიო საკუთარი სამანების დასაცავად, თუ გარე სამანებში შენს სამანებს ემუქრებიან. დავით IV-მ თვისებრივად გარდაქმნა არისტოკრატია, გადააადგილა ტერიტორიულად. არსებობს აზრი, რომ გადაალაგა მოსახლეობაც. ჰერეთში გადაასახლა გურულებისა და ოდიშართა ერთი ნაწილი და პირიქით. ამით თუ აიხსნება ტოპონიმიკური უცნაურობანი. მაგალითად, ალაზანი გურიაში და ეგრის-წყალი საინგილოში. მეფე ეროვნულ მიწა-წყალს ისევ ეროვნული ეთნოსით ავსებდა; ებრძოდა კუთხურობას;  მოგვიანებით დადიანი – დასავლეთ საქართველოს მეფისნაცვალი, ქართლში იჯდა, სვანეთსა და გურიას ერთი ერისთავთერისთავი ჰყავდა, ბედიისა და ალავერდის კათედრები შეერთებული იყო, შორეულ შირვანში ქალაქი „აფხაზი“ აშენდა, სვანი ფეოდალები კახეთში, კახელები კი ქვემო ქართლში საქმიანობდნენ. XII საუკუნის პირველი მეოთხედიდან აზნაურობასა და მთავრებს მუდმივი სამხედრო ვალდებულება დაეკისრათ. ეს წესი იმდენად გაჯდა ძვალ-რბილში, რომ გიორგი III-ს დროებითი „მშვიდობიანობის“ დროს აუჯანყდნენ მსახურეული პირები, ომების წამოწყება მოსთხოვეს. ამიტომ ამბობს მეფის ეპიტაფიაში არსენ იყალთოელი: „თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალში შთამესხნეს“, – რაც საქართველოს გამთლიანების მხატვრული ასახვაა.

დავით IV იყო ქართული სულის აღმაშენებელი. მან სრულყო ეროვნული ქრისტიანიზმი… მოახდინა ეკლესიის დემოკრატიზაცია, – დაუმორჩილა რა უშუალოდ მეფეს, სასულიერო მმართველობას საერთო გამგებლობის კონტროლი დაავალა. შეიქმნა რთული საერო-სასულიერო იერექია, ორიგინალური როგორც მართლმადიდებელ, ისე კათოლიკურ სამყაროში.  დავით IV-მ  ქართველობის ახალ თვისებრიობას საფუძვლად დაუდო წიგნიერება. ააგო გელათი „სხვა ათინად“, „მეორე იერუსალიმად“. განათლება „დავითიზმის“ ქვაკუთხედია. დავით IV ხომ უბადლოა, ვითარცა სარდალი, მაინც სჭარბობს მასში ფილოსოფოსი. წიგნი იყო მისი საზრდო უპირველესი. წერდა და კითხულობდა ლაშქრობისას, ბრძოლათა შორის ხანმოკლე შესვენებისას. ერთ წელიწადში მხოლოდ „სამოციქულო“ ჩაიკითხა 24-ჯერ. ჰქონდა მოძრავი (აქლემებსა და ჯორებზე აკიდებული) ბიბლიოთეკა. უპირველესი პოეტი წიგნებში ეძებდა ჭეშმარიტების ძირებს, მომავლის გზას, „სამარადისო ცხოვრების“ აზრს.

დავითის თანამედროვენი მეფეს ალექსანდრე მაკედონლზე მაღლა აყენებენ. ალექსანდრე მაკედონელმა ელინიზმს უბიძგა, ელინიზმმა აზია გამოაფხიზლა, დავით IV-მ ქართული ფენომენი ააღორძინა, „ნათესავით ქართველი“ „კულტურულად ქართველად“ განვითარდა, რამაც შეკრა საერთო-კავკასიური რენესანსური იმპერია. დავით აღმაშენებელმა  უარყო ხსნის ტრადიციული გზა – ძიება დიდი მოკავშირისა. („უფროსი ძმის“ მ.დუმბაძე) მესიას კი არ ეძებდა, თვით იტვირთა მესიის როლი. მან ორიენტაცია აიღო თვით ქართველთა ერთიანობაზე, ქართველთა რეალური პოტენციალის სრულ გამოვლენაზე. მთიდან დაქანებული ზვავის ძალა მიანიჭა ჩვენს დაუნჯებულ ენერგიას.  რა საოცრად ჰგავს მეფე-ღმერთის მეთოდს – ქართველთა იძულებითი ამოძრავების მეთოდს, მისგან 800 წლით დაშორებული მეორე ღმერთკაცის – ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისი. რამდენი რამ განასხვავებთ მათ (დრო, ეპოქის შინაარსი, პირადი მდგომარეობა), მაინც რა ახლოს არიან ერთმანეთთან. გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის შემზარავად მამხილებელი სტილი, მისი მოწოდება მარადიული მოძრაობისაკენ, მისადმი წაყენებული ბრალდებანი (მისი აღიარება: „ჩემზე ამბობენ, ის სიავეს ქართველისას ამბობს“) და კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ არსენ ბერის თხზულება დავითის „მაბრალობელთა“ (ე.ი. ოპოზიციის) შესახებ.

„ვინაითგან ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს…რაჟამს განდიდდნენ, განსუქდნენ და დიდება პოონდა განსვენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგვითხრობს ძველი მატიანე ქართლის და საქმენი აწ ხილულნი, და ესე მან უბრმესმან ყოველთა კაცთამან კეთილად სადმე უწყოდა, ამისათვის არასოდეს მოაცალა ამისად განზრახვად, ანუ განსუენებლად, ან შეკრებად და ქმნა რასამე ესევითარსა. არამედ საქმეთა რომელთა იწყო ქმნად, გაასრულნაცა მაღლად და შვენიერად… ნუ უკუე და ლომსაც, აბრალონ ეგევითართა, რამეთუ არა ციდამტკაველად იხედავს, არცა კუერნაულად კრთების“ (ციდამტკაველა ძველ ქართულში მაიმუნს ერქვა).

დავით აღმაშენებელი (ისე როგორც მისი შორეული მემკვიდრეების მამა დიდი ილია) მტკივნეულად აღიქვა ქართველობამ. „დავითიზმი“ იყო განგების მიერ მოვლინებული უდიდესი ლიგოსი, რომლის ხორცშესხმა განვითარდა აღმავალ ქართულ იმპერიად, მაგრამ დიდი ტვირთიც იყო, გოლგოთა. მისი სჯეროდათ,  ეიმედებოდათ, სამსხვერპლო ბომონად მიაჩნდათ, ეამაყებოდათ – მაინც საკრალურად კრძალული დარჩა. ნაკლებად არის მასზე ხალხური ლექსები, სიმღერები, – თითქოს ვერ შეუბედიათ შთამომავლებს. „საყდარი დავითიანი“, ახალი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური სისტემა თამარობაში განსხეულდა. დავითის თაყვანისმცემელნი თამარის შვილებად დავრჩით. ამ მოვლენამ განსაზღვრა ჩვენი ერის მომავალი.

დავითს ებრძოდნენ ცხადად და მალვით, ებრძოდნენ სასტიკად – მტერნიც, ბედისწერაც. „მრავალგზის მრავალთა მიზეზთა და განსაცდელთა სიკვდილისათა შთავარდა“. ერთხელ ნადირობისას ცხენი წაექცა, სამ დღეს უსულოდ მდებარე იყო უძრავად. მეორეჯერ ალყაშემორტყმული ცხენიდან შემოსტყორცნეს ისარი, რომელიც მოხვდა ყელზე ჩამოკიდებულ მთავარანგელოზის ხატს, „საღმრთომან განარინა მშვიდობით“. მრავალგზის სცადეს მეფის სიკვდილი ყივჩაღთა: ხმლით, შუბით, ისრით. „არასოდეს მიუშვა ღმერთმან კვერთხი ცოდვილთა მართალსა ზედა“, მრავალგზის უსაჭურვლო გადაურჩა თურქთაგან დევნას. თუმცა ვერ გაექცა ბოლოს საწურთოს. 52 წლის ასაკში ღმერთმა მიიღო „ზედან სუფევლად“ სამოთხეში, სადაც არს ცხოვრება, რომელსა ვერა შეამღვრევს სკვდილი“.

ყველაზე დიდი მეფე ქართველთა არის დავით IV, ყველაზე პოპულარული – თამარი. პირველი ძალაა, მეორე სათნოება. დავითი მხვნელ-მთესველია, საფუძვლის ჩამყრელი – იმპულსი და სუბსტანცია, იგი აღმაშენებელია. თამარი სიმაღლეა, მოსავლის ამღები, განმანათლებელი. დავითისათვის სიკეთე ფუფუნება იყო, – იგი „პოლიტიკურ უნისონს“ კრავდა. მან სისასტიკის მქადაგებელი ფილოსოფოსები და მხედრები „შემოიხვია“ გარს. ბოროტებას  ბოროტებით ებრძოდა. სიკვდილი და ბოროტება, წარმართული ბოროტების წინააღმდეგ, სიკეთედ იქცა. თამარი შლიდა მახვილზე დაყრდნობილ „პოლიტიკურ უნისონს“; საერთო ჰარმონიას ზნეობრივ საყრდენებზე აგებდა. მას უკვე ჰქონდა ფუფუნების უფლება, – სულის ზრდისაკენ ისწრაფვოდა. მას სძულდა სისასტიკე, სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი იყო. დავითი გმირია, თამარი – წმინდანი, მზეთუნახავი ანგელოსი. დავითობა იყო ეროვნული ხსნის აუცილებელი მეთოდი, ოღონდ მეტისმეტად მძიმე, ქართველთა ბუნებისათვის მოულოდნელად ძნელად ასატანი;მისი სჯეროდათ და ეშინოდათ! თამარობა არის “შიშისაგან გათავისუფლება“, ფეოდალური „პლურალიზმი“. მისი სჯეროდათ და უყვარდათ. დავითობა ბუნებრივად  გადაიზარდა თამარობაში. სამწუხაროდ, ნაადრევი აღმოჩნდა გადასვლა. აფთართა ხროვაში ვცხოვრობდით, კბილების სიბასრე არ უნდა დაგვეკარგა! ღრმად სწამდა ქართველობას: ძალას უნდა გაეკვეთა გზა მომავლის სინათლისაკენ. მაინც თამარის შვილებად დავრჩით. რვა საუკუნეა თავს ვუდრეკთ ღმერთკაც მეფეს – ერთადერთ და განუმეორებელ დავით მეოთხეს, გულით კი თამარისაკენ მივისწრაფვით, მას მივსტირით, მის საფლავს დავეძებთ. ეს ლტოლვა რელიგიური ექსტაზით არის ეგზალტირებული, საკრალური შინაარსისაა, გაუცნობიერებელი. ამაღლებული უფრო ბრმა თაყვანისცემით, ვიდრე ანალიტიკური ახსნით. დღემდე ამ ფენომენს ვერც შესაფერისი მხატვრული განზოგადება მივეცით, ვერც მეცნიერული განმარტება. თამარს გაურბის მწერალიც და ისტორიკოსიც. ვერცერთს ვერ შეუბედავს. დავით აღმაშენებლის ცხოვრება ზედმიწევნით ვიცით, თამარისა – ბუნდოვნად. უცნაური ხიბლი აქვს ყველაზე სასტიკ, მაგრამ უდიადეს მეფეს 900 წლის შემდეგაც. გაიძულებს იფიქრო, იაზროვნო;  კრძალვა და რიდი ვერ მოგვიშორებია. თამართან მიახლოებისას კი სიყვარული გეუფლება, სიხარულის მაჟორული სიმფონია გეღვრება გულში; თამარის სახე ერთნაირად ჰგავს სატრფოსაც და დედასაც. დავითის სახე სამსხვერპლოს გაგონებს, თამარისა – საკურთხეველს. პირველი სალაშქრო სიმღერის რიტმით აგიყოლებს, მეორე – საგალობელით გადუნებს. და მაინც, თამარის შვილები ლამპარივით მივჩერებივართ დავითს, ქართველთა ღმერთს, ქართველთა მესიას.

_______________  ________________