საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა 20-21 თებერვალს იაპონიის მნიშვნელობით მესამე, ტოჰოკუს უნივერსიტეტში, ქ. სენდაში. სიმპოზიუმის თემა იყო “ისტორიის ახალი შეფასებები”. კონფერენცია ჩაატარა ტოჰოკუს უნივერსიტეტთან არსებულმა “ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის შესწავლის ცენტრმა” (CNES). მასში მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის, შუა აზიის, მონღოლეთის, ე. წ. სოხას რესპუბლიკის (იაკუტია, რუსეთის ფედერაცია) წარმომადგენლებმა. საქართველოს, უკვე მეორედ, მე წარმოვადგენდი.

სიმპოზიუმის მიზანი იყო საბჭოთა ისტორიოგრაფიის შეფასებებისა და მეთოდოლოგიის გადაფასება.

ეს საკითხი ძირითადი იყო სიმპოზიუმზე და ყველა მომხსენებელმა, კონკრეტული მასალით სცადა მისი დასაბუთება საკუთარი ქვეყნის მაგალითზე.

ჩემი მოხსენება შეეხებოდა 1924 წლის აჯანყებას და მის შეფასებას საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიოგრაფიაში. მოხსენება ინგლისურად წარვადგინე, მაგრამ ის სინქრონულად ითარგმნებოდა იაპონურ ენაზე. მოკლე ისტორიული ექსკურსის შემდეგ (მომხსენებელს ეძლეოდა 15 წუთი, იაპონურ ენაზე მთარგმნელს ასევე 15 წუთი), მე აღვნიშნე, რომ საბჭოთა შაბლონებისგან გათავისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ XX ს-ის 90-იანი წლებიდან დაიწყო. გამოქვეყნდა რამდენიმე პუბლიცისტური ნაშრომი. ამავე დროს, დაიწყო მანამადე დახურული უშიშროების არქივების შესწავლა და ამ საკითხთან დაკავშირებული მასალების პუბლიკაცია. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნ. კირთაძის შრომები (ქუთაისი, 1996; თბილისი, 1999). შემდგომ პერიოდში ამ საკითხს იკვლევდნენ: გ. ციციშვილი, ალ. დაუშვილი, კ. წენგუაშვილი, დ. შველიძე და სხვები. საინტერესო დოკუმენტები ამ სკითხის შესახებ გამოაქვეყნეს: გ. გელაშვილმა (თბილისი, 2000) და ო. ჯანელიძემ (თბილისი, 1999).

სიმპოზიუმზე აღვნიშნე, რომ მიუხედავად იმ ძირეული ცვლილებებისა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში განხორციელდა, რამდენიმე საკითხი მაინც გადაუჭრელი დარჩა. 1924 წლის აჯანყება არ არის შესწავლილი. ახალი მეთოდოლოგიის საფუძველზე არ მომხდარა  მისი შედარება სხვა მსგავს მოვლენებთან საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ. ამასთანავე, ამ მოვლენის შეფასებისას პოსტსაბჭოთა ისტორიოგრაფიაში თავი იჩინა არასწორმა და ხშირად, პირდაპირ ანტიეროვნულმა შეფსებებმა (მაგალითად, რომ აჯანყება თავიდან ბოლომდე საბჭოთა უშიშროების ორგანოების მიერ იყო ინსპირირებული; ან კიდევ, აჯანყების მეთაურები რადიკალები კი არ უნდა ყოფილიყვნენ, არამედ კომპრომისებზე ეფიქრათ (?!) და ა. შ.).

მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ ამ საკითხების შემდგომი კვლევა, მოძველებული და მცდარი დებულებების გადაფასება ჯერ კიდევ მომავლის საქმეა.

სიმპოზიუმის შემაჯამებელ სხდომაზე იაპონური მხარის მიერ დაისვა ასეთი კითხვა: როგორია თვითეული პოსტსაბჭოთა ქვეყნის დამოკიდებულება რუსეთთან და რას ელით მომავალში ამ მიმართულებით. ამ კითხვაზე ჩემს მიერ პირდაპირ იქნა გაცემული პასუხი, რომ საქართველოს გამოცდილება ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, თუმცა, ამავე დროს, ძალიან სავალალო. ჩვენი ქვეყნის მაგალითიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსეთი (მეფის, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა) არასდროს თვლის თავს ვალდებულად დაიცვას ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულება და რომ ის თვითეულ ასეთ ხელშეკრულებას იყენებს, როგორც პლაცდარმს შემდეგში აგრესიის განსახორციელებლად.

იაპონური მხარის მიერ ეს შეფასებები უკომენტაროდ იქნა მიღებული; თუმცა არც საწინააღმდეგო აზრი გამოუთქვამს ვინმეს.

საერთაშორისო შეხვედრის ორგანიზატორთა განცხადებით, სიმპოზიუმი წარმატებული იყო და ტოჰოკუს უნივერსიტეტთან არსებული ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის შესწავლის ცენტრი კვლავაც განაგრძობს მიწვეულ კოლეგებთან თანამშრომლობას. აქ ისიც მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ყველა ხარჯი, მათ შორის: თბილისიდან სენდაიმდე მგზავრობის, ერთი კვირით იაპონიში ყოფნის და ა. შ. მიმწვევი მხარის მიერ იყო ანაზღაურებული. მასპინძლებმა ენერგია და დრო არ დაიშურეს აგრეთვე, სენდაის, მახლობელი საკურორტო მაცუშიმას ყურისა და ტოკიოს დასათვალიერებლად.

ვფიქრობ, კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო და ინტენსიური გახდება. Aამის საფუძველს გვაძლევს თბილისში გახსნილი იაპონიის საელჩო და მისი თანამშრომლების დიდი ძალისხმევა ამ მიმართულებით.

სიმპოზიუმის მონაწილის  დამადასურებელი ბარათი

სსიპ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და

ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

ისტორიის მიმართულების სრული პროფესორი

ვაჟა კიკნაძე