ისტორიის ინსტიტუტის საგრანტო პროექტი

საქართველოს ისტორიის ელექტრონული ვერსია სრულყოფილი სახით დღემდე არ არის განთავსებული ინტერნეტულ ქსელში, იმ დროს, როდესაც ამგვარი ვერსია გააჩნიათ არა მხოლოდ დიდ ქვეყნებს, არამედ ცალკეულ რეგიონებს, ქალაქებსა და სოფლებსაც კი (მაგ. თურქეთში…). ასეთი ვერსიის შექმნა-დამუშავება უაღრესად საშურია იმდენად, რამდენადაც საქართველოს ისტორიის ცალკეული ფაქტები თუ გარკვეული მონაკვეთები ტენდენციურად და ხშირ შემთხვევაში – გაყალბებული სახითაც არის გადმოცემული. მაგ. აფხაზეთისა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო ხელისუფალთა შეკვეთით განთავსებულ საიტებზე ან სხვა “კეთილმოსურნე” ქვეყნების ვებ-გვერდებზე. წარმოდგენილი პროექტი ემსახურება ამ მეტად მნიშვნელოვანი ხარვეზის შევსებას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ საქართველოს ისტორიის ენციკლოპედიური ხასიათის, სრულყოფილი, ინტერაქტიული (ფორუმები, ბლოგები), მდიდარი მედიის (ფოტო, ვიდეო, აუდიო) შემცველი ინტერნეტ-პორტალი (კარიბჭე), რომელსაც ექნება მრავალმხრივი გამოყენება: ზოგადსაგანმანათლებლო, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლებისათვის, სამეცნიერო წრეებისათვის და ზოგადად – დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის. განხორციელების შემთხვევაში პროექტი უდიდეს მნიშვნელობას შეიძენს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორისათვის თურქეთში, ირანში, აზერბაიჯანში და მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ჩვენს მიერ შემუშავებულ ინტერნეტ-ვერსიაში მეცნიერულ-პოპულარული ენით ასახული იქნება საქართველოს ისტორიული გეოგრაფია, პოლიტიკურ-ეკონომიკური ისტორია, მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის ისტორია, ნუმიზმატიკა, ქართული წარმართული რელიგია და ორიათასწლოვანი ქართული ქრისტიანობის ისტორია.

ისტორიკოსთა ჯგუფის მიერ პირველ ყოვლისა უნდა განისაზღვროს ძირითადი საბაზო ტექსტი, რომელშიც ასახული იქნება საქართველოს ისტორია დასაბამიდან XX საუკუნის დამლევამდე. აქვე წარმოდგენილი იქნება ფართო საილუსტრაციო მასალა (ტაბულები, გენეალოგიური ცხრილები, რუკები და სხვ.). ასევე ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვანი ქართული და უცხოური წყაროები.

ტექსტი აღჭურვილი იქნება ბმულებით, სადაც მოცემული იქნება დეტალური ინფორმაცია ისტორიული პირების, ქალაქების, სოფლების, გეოგრაფიული პუნქტების, ისტორიული ძეგლების, მნიშვნელოვანი ფაქტების, სოციალურ ტერმინთა, ნუმიზმატიკური და ხუროთმოძღვრული ძეგლებისა და სხვ. შესახებ, რაც თავის მხრივ გულისხმობს მათ ირგვლივ უკვე არსებული თუ ახლადმოძიებული წყაროებისა და მასალების მიხედვით შედგენილი სრულფასოვანი ინფორმაციული სტატიების დამუშავებას. მომდევნო ეტაპზე მოხდება აღნიშნული სტატიების განთავსება ვებ-საითზე და მათი მიბმა ძირითად, საბაზო ტექსტთან.