დამხმარე საითიდამხმარე საითი

ავტორი: ლ. ჯანიაშვილი

გამოცემის წელი: 2007

განყოფილება: კავკასიის ეთნოლოგია

გამოქვეყნებულია -კავკასიის ეთნოლოგიური კრებული, X.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საერთაშორისო რეალიების გარდა, სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზე გარკვეულ გავლენას ახდენენ ეთნოისტორიული შეხედულებებიც. ამიტომ საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებში პოპულარულმა ეთნოგენეტიკრმა კონცეფციებმა ახალი მნიშვნელობა შეიძინეს. ტერიტორიული და პოლიტიკური პრეტენზიები, როგორც წესი, სწორედ ამ წერილში მოიაზრება, რის გამოც სახეზეა იდეოლოგიურ დოქტრინათა კონფლიქტი. ქვემოთ ყურადღებას შევაჩერებთ კავკასიისათვის მეტად საყურადღებო ქემალისტურ (პანთურქისტულ) დოქტრინაზე, რომელიც პოპულარობით სარგებლობს თურქეთზე ორიენტირებულ ჯგუფებში.

თანამედროვე გეოსტრატეგიული მიზნების გათვლისას, გარკვეული ათვლის წერტილს ”ახალი მსოფლიო წესრიგის” ინციატივით წამოწყებული ძველ სამყაროსთან კონფლიქტი წარმოადგენს. ამ კონფლიქტის პოლუსები  ორი ღერძისაგან შედგება: I  ვაშინგტონი – ტოკიო, რომელიც ატლანტიკისა და წყნარი ოკეანეების საზღვაო სივრცეს აკავშირებს; II  მოსკოვი-თეირანის ღერძი, რომელიც ევრაზიის სახმელეთო სივრცეს აერთიანებს. კავკასია ამ ორი ღერძის გადაკვეთის წერტილია (ნუხაევი, 2003, 120). ამ მიმართებით საყურადღებოა, რომ უკანასკნელ ხანებამდე თურქეთი ითვლებოდა ამერიკის შეერთებული შტატების უცილობელ მოკავშირედ და რუსეთის ოდინდელ მეტოქედ კავკასიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში. როგორც ექსპერტები მიიჩნე-ვენ XIX-XX საუკუნეში დაკარგული ინიციატივის დაბრუნება და ისტორიული რევანშის იდეა თურქეთის პოლიტიკური აზროვნების ფონად იქცა და რუსეთისა და თურქეთის გეოპოლიტიკური მიზნების შეჯახება კავკასიასა და შავიზღვისპირეთში გარდაუვალია (ნაროჩნიცკაია).

თურქეთის ფაქტორს განსხვავებულად აღიქვამენ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი პოლიტიკური მესვეურები. გეოპოლი-ტიკურ გაანგარიშებებში ამგვარი დამოკიდებულება გარკვეულწილად პანთურქისტულ იდეოლოგიას უკავშირდება, რომლსაც საფუძველად უძევს თურქი ხალხის ისტორიის მეტად ტენდენციური გააზრება. პანთურქისტული ისტორიის ფილოსოფიაში ევ-რაზიის პოლიტიკური გეოგრაფია განიხილება თურქული წარმომავლობის ხალხების განსახლების პრიზმაში. პოლიტიკური პროგრამა ანატოლიიდან შუა აზიასა და ურალამდე თურქული მოდგმის მოსახლეობასა და თურქული პოლიტიკური სტრუქტურის, ”დიდი თურანის”, შექმნის პერსპექტივებს ემყარება.
   თურქულმა ისტორიოგრაფიამ განვითარების თავისებური გზა განვლო. XX საუკუნის დასაწყისამდე ოსმალეთში ოფიციალური იდეოლოგიის საფუძველს ისლამი წარმოადგენდა, რომლისთვისაც მთავარია რელიგიური კუთვნილება, ხოლო ეთნიკური განს-ხვავება არსებით როლს არ თამაშობს. ზემოაღნიშნულის გამო ისტორიკოსებიც გულგრილად იყვნენ განწყობილი თურქების ეთნიკური ისტორიისადმი. პანთურქისტული  ეთნოკულტურული დოქტრინის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია XX საუკუ-ნის დასაწყისში რუსეთსა და ანატოლიაში განვითარებულმა მოვლენებმა. ეს მიმდინარეობა XIX საუკუნის ბოლოს რუსეთში ჩაისახა. ისმაილ გასპარსკი, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქადაგებდა თურქთა ეთნიკური უპირატესობას, თავის იდეებს ავრცე-ლებდა ყაზანსა და ბაქოში გამომავალი გაზეთების საშუალე-ბით. მოგვიანებით იგი ბოლშევიკებმა თურქეთში გააძევეს (ნაროჩნიცკაია). 

იმავდროულდად ოსმალეთში წარმოიშვა მოთხოვნილება ეთნიკური კონსოლიდაცია მომხდარიყო არა მხოლოდ რელიგიური ნიშნით. თურქულ პოლიტიკურ ორგანიზმში გაერთიანებული ჯგუფების ინტეგრაციის მიზანმიმართული პოლიტიკა უკვე მე-20 საუკუნის 10-იან წლებში დაიწყო. ახალგაზრდა თურქთა ორგანიზაცის, “ითთიჰად ვე თერაკის”, პროგრამაში ნათქვამი იყო, რომ ყველა სხვა ერის წარმომადგენელთა ასიმილაცია თურქულ სახელმწიფოში უნდა განხორციელდეს ისლამისა და თურქული ენის გავრცელებით (ურუშაძე, 1989, 32).

1919-1920 წლებში,  პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირობებში თურქეთში ჩამოყალიბდა იდეოლოგიური მიმდინარეობა ქემალიზმი. ამ მიმდინარეობის წარმომადგენლებმა ძირითად მიზნად დასახეს ერთეროვნული სახელმწიფოს, თურქული ბურჟუაზიული რესპუბლიკის, შექმნა. ოსმალო სწავლულთა წინაშე დადგა ამოცანა მეცნიერულად დაესაბუთებინათ თურქთა ავტოქთონობა ანატოლიაში და შესაბამისად მათი უფლება მცირე აზიის ტერიტორიაზე. ქემალისტური კონცეფციის გავლენით შექმნილი ისტორიული ნაშრომების საფუძველი იყო დებულება, რომ სინამდვილეში თანამედროვე თურქები არიან ყველა იმ ხალხების მემკვიდრე და ისტორიის გამგრძელებლები, რომლებიც აქ თურქული ტომების მოსვლამდე სახლობდნენ. ამგვარ ტენდენციას გარკვული ბიძგი იმანაც მისცა, რომ იმ ხანებში ბერძნები და იტალიელები ცდილობდნენ მცირე აზიის დაუფლებისადმი პრეტენზიები ისტორიული არგუმენტაციით გაემაგრებინათ – ანატოლია ჯერ რომის იმპერიის, მოგვიანებით კი ბიზანტიის შემადგენლობაში შედიოდა (ერემეევი, 1971, 22).

ქემალ ათა თურქის მიერ დაწყებული მოდერნიზაციის პროცესი რესპუბლიკური რეფორმების გატარებაში მდგომარეობდა და მიმართული იყო საერო სახელმწიფოს შექმნისაკენ, რომელიც თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის დონემდე უნდა ასულიყო. შიდა კონსოლიდაციის მიღწევისათვის გამოიყენეს ეთნოსის თეორიაში კარგად ცნობილი სქემა. სხვადასხვა ეთნიკური იდენტობის მქონე მოქალაქეთა საერთო სახელმწიფოში გეგმაზომიერი ინტეგრაცის დროს ძირითადი აქცენტი კეთდება მათი ეთნოკულტურული თავისებურებების წაშლასა და სრულ ასიმილაციაზე. ამგვარი სტრატეგია, როგორც წესი, აკმაყოფილებს სხვადასხვა ეროვნების რიგითი ადამიანების ინტერესებს, რომელთაც სურთ რომ მათმა შვილებმა უაქცენტოდ ისაუბრონ და უშეცდომოდ წერონ, რათა კარგი განათლება მიიღონ. ამასთან, გასათვალისწინებელია ფაქტორები, რომლებიც ხელს შეუშლიან ამგვარ “ინტეგრაციას” – პირველ რიგში ცალკეულ ეთნიკურ ერთეულთა მისწრაფება თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის, რამაც შეიძლება  უკიდურესი გამოხატულებები მიიღოს (შეიარაღებული გამოსვლები, რელიგიური დაპირისპირებები და ა.შ.). საყურადღებოა ეთნიკურ დიასპორათა აქტივობის ხარისხიც, რაც ისტორიულ სამშობლოსთან ეთნიკური და რელიგიური კავშირების შენარჩუნებისაკენ სწრაფვაში გამოიხატება, ეს კი შეუსაბამობაში მოდის სახელმწიფოს ნაციონალური პოლიტიკის მიზნებთან (ტიშკოვი, 2003, 48).

 ქემალისტური იდეოლოგიის ქვაკუთხედს წარმოადგენდა ნაციონალიზმი ცხოვრების ყველა სფეროში – პოლიტიკაში, ეკონომიკაში და განსაკუთრებით განათლებაში. შემუშავებული იქნა თურქეთში მცხოვრებ არამუსულმანთა თურქიზაციის პოლიტიკა, რომლის საფუძველში იდო ”თურქიზაციის 10 ცნება”. ათა თურქის გაგებით ნაციას უეჭველად გააჩნია რასობრივი საფუძველი (თურქიზმი), მაგრამ უპირველეს ყოვლისა აერთიანებს ”ენა, კულტურა, ფსიქოლოგია და იდეალები” (სიდოროვი, 1998).

 როგორც სამართლიანად აღნიშნავს დ. ერემეევი თანამედროვე თურქთა უძველესი წინაპრები გარკვეულწილად (მაგ. ან-თროპოლოგიურად) მართლაც ანატოლიის ავტოქთონებს წარმოადგენდნენ. ისინი არიან მცირე აზიაში თურქული ტომების მოსვლამდე მოსახლე უძველესი ხალხების ისტორიის მემკვიდრეები და გამგრძელებლები. მათ გარკვეული ხარისხით შეითვისეს ანატოლიის ხალხების ძველი კულტურა. ეთნოგრაფები და ლინგვისტები დღევანდელ თურქებში პოულობენ მცირე აზიის გამქრალ (ხეთები, ფრიგიელები და ა.შ.) ან აქამდე შემორჩენილ (სომხები, ქართველები, ქურთები, ბერძნები და ა.შ.) ხალხებში არსებულ მრავალ თავისებურებას (ერემეევი, 1971, 22).

თურქმა მეცნიერებმა აირჩიეს, სხვა, საფუძველშივე მცდარი მიდგომა, გააიგივეს რასობრივი და ლინგვისტური კუთვნილება. ამ კონცეფციით კაცობრიობის ცივილიზაციის აკვანი იყო შუა აზია, სადაც თურქები, როგორც კულტურული რასა გამოჩნდნენ ქრ. შ-მდე IX ათასწლეულში. რასობრივად ეს იყო ”თეთრი” (ე.ი. ევროპოიდული) და ბრახიკეფალური რასა, რომელმაც მეზოლითსა და ნეოლითში გამოაძევა დოლიხოკეფალების უფრო ნაკლებკულტურული რასა. გამარჯვებულები ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ. ეს იყო თურქული და არა თურანული ან ურალურ-ალთაური რასა. შუა აზიიდან თურქები განსახლდნენ სხვადასხვა მიმართულებით და მაღალი კულტურა მიიტანეს ირანში, ინდოეთში, მცირე აზიასა და ევროპაში. ხეთები, რომლებიც მცირე აზიაში დასახლდნენ, ამ რასის ერთ შტოს წარმოადგენდნენ (ერემეევი, 1971, 22-23).

ქემალისტური იდეოლოგიისათვის მთავარ ვექტორს პანთურქისტული მიდგომა წარმოადგენდა. ცხადია, ათწლეულების მანძილზე ისტორიის ამგვარი, ეთნოცენტრისტული, გაშუქება გარკვეულ გავლენას მოახდენდა თურქეთის გარეთ მცხოვრებ პროთურქული ორიენტაციის ხალხებზე, იმისდა მიუხედავად ჰქონდათ თუ არა ავტორებს ამგვარი განზრახვა. თანაც აშკარაა, რომ თურქეთი სრულიადაც არ აპირებდა საბოლოოდ ეთქვა უარი მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ მონათესავე ან თურქეთზე ორიენტირებული ხალხებისათვის მხარდაჭერაზე. თანდათანობით დაიხვეწა პოლიტიკური მეთოდები და პანთურქიზმი გახდა საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ერთი ფრაგმენტი. თურქეთის ხელმძღვანელობა ცდილობს ექსპანსიის ყველა შესაძლო მიმართულების (კულტურულ-რელიგიური, ეკონომიკური, ლინგვისტური) კომბინირებას (სობკო, რუბლიოვო).

ცალკეულ ავტორთა პრეტენზია თურქების, როგორც რჩეული ხალხის (ეთნოსის) შესახებ ზოგჯერ კურიოზებამდე მიდის. ამტკიცებენ, რომ ისწავლეს რა საქონლის ჯოგების მწყემსვა, თურქებმა ეს გამოცდილება ადამიანებზე გადაიტანეს და საფუძველი ჩაუყარეს ცივილიზაციას. მათ შექმნეს პირველი საზოგადოება, რომელმაც გამოზარდა პოლიტიკური კადრები, შეიმუშავა კანონები, გაუზიარა ყველა სხვა ხალხებს სამართლის და სახელმწიფო ორგანიზაციის მშენებლობის საფუძვლები. ბევრ ხალხს არა აქვს უნარი, თურქების მსგავსად, მკერდი შეუშვიროს უჩინარ საფრთხეებს. ამიტომაც ბუნებრივია ლოზუნგი – მთელი მსოფლიო თურქული ტომების ჰეგემონობის ქვეშ! (ისაევი)

ევროპული ქვეყნები შეეცადნენ ფრთები შეეკვეცათ თურქეთის მისწრაფებისაკენ პოლიტიკური გავლენა გაევრცელებინა ანატოლიის გარეთ მცხოვრებ მონათესავე ხალხებზე. 1924 წ. თურქეთსა და ევროპულ სახელმწიფოთა მიერ დადებულ ლოზანის ხელშეკრულებაში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ”თურქეთის მთავრობას ან სახელმწიფო ორგანოებს არ შეუძლიათ თურქეთის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ იურისდიქცია პოლიტიკურ, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ საკითხებში” (ისხაკოვი 2007).  

ქემალისტური რეფორმების შედეგად სახელმწიფო გამოცხადდა სეკულარულად, მაგრამ ეს ცნება განსხვავებულია ევროპული გაგებისაგან, სადაც რელიგია და სახელმწიფო ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ინსტიტუტებს წარმოადგენენ. თურქეთის კონსტიტუციაში დაფიქსირებულია, რომ რელიგიური საკითხების სწავლება და განათლება უნდა მიმდინარეობდეს სახელმწიფოს კონტროლისა და ყურადღების ქვეშ. საბოლოოდ რელიგიური დაწესებულებები სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ აღმოჩნდნენ, რომელიც მუდმივად ერევა რელიგიურ საქმეთა სამმართველოს საშუალებით. დღეისათვის აკონტროლებენ 86 ათას მეჩეთს, სამუშაოზე ქირაობენ იმამებს, მუფტებს და მოეძინებს, უნიშნავენ მათ ხელფასებს. ქადაგებების ტექსტები და სხვა რელიგიური ხასიათის მასალები მტკიცდება ზემოდან. ყველა რელიგიური სკოლის სახელმძღვანელო და სასწავლო პროგრამა უთანხმდება განათლების სამინისტროსთან არსებული რელიგიური განათლების საკითხთა სამმართველოს გენერალური დირექტორს (ისხაკოვი, 2007). 

დღევანდელ ეტაპზე პროთურქულად განწყობილ ავტორთა მთავარი მიზანია მეზობელ სახელმწიფოებში, მაგალითად სა-ქართველოში, თურქებად გამოცხადებული ჯგუფების (თურქებში იგულისხმება ყველა, ვისი სალაპარაკო ენაც თურქულია ან ისლამის მიმდევარია – ლ.ჯ.) ავტოქთონობის დასაბუთება, რაც მომავალში პოლიტიკური პრეტენზიების საფუძველი შეიძლება გახდეს.

უნდა ითქვას, რომ ქემალიზმის იდეოლოგიური ზემოქმედება საქართველოში რამდენიმე მიმართულებას გულისხმობს. I.საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, რომლებიც თურქულ-თურქმანული მოდგმის ხალხების შთამომავლები არიან და ამდენად კარგ გარემოს წარმოადგენენ პანთურქისტული იდეების გავრცელებისათვის; II. თურქეთის მო-საზღვრედ მცხოვრები (ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი) აჭარლები, რომელთა ნაწილიც ისლამის მიმდევარია და გარკვეულ ლტოლვას განიცდის თურქული კულტურის მიმართ; III. საქართველოს პოტენციური მოქალაქეები, 1944 წ. სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული ადამიანების შტამომავლები, რომელთა უმეტესობაც თურქულ ორიენტაციას ეკუთვნის.
ქემალისტური იდეოლოგიის ტიპიურ წარმომადგენლად, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ზემოხსენებულ ნაწილზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს, გვევლინება აზერბაიჯანელი მკვლევრი ა. იუნუსოვი.  იგი მიიჩნევს, რომ თურქები საქართველოში დასახლდნენ ახ. წ. II ს-ში. მათ შემდგომ ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ხაზარებმა, შემდეგ – XI-XII სს. ჩამოსახლებულმა ყივჩაყებმა და ოღუზებმა. XVI საუკუნის დამლევს კი გადამწყვეტი იყო ოსმალეთის მიერ მესხეთის დაპყრობის ფაქტი. იუნუსოვი ახალი ეთნოსის, ”თურქი მესხების”, ეთნოგენეზის ადგილად განიხილავს მესხეთს. ხოლო ამ ხალხის ერთიან ეთნოსად ჩამოყალიბების პროცესი დასრულებულად მიაჩნია (იუნუსოვი, 1999, 161-171). 

ა. იუნუსოვი თავისი ჰიპოთეზის დამტკიცებას ქართული ტოპონიმების ანალიზით შეეცადა. ამრიგად, ”გაირკვევა”, რომ თურქული ტოპონიმებია: სარკინე (სარების ციხე), ბაზალეთი, ხონი, ხუნანი, აწყური, სალიეთი, უნაგირა, ტუბა, ტობა, აბასთუმანი, ტოლოში, ზედუბანი, ხელთუბანი, კობი, გობიეთი, წყალტუბო, ბალაჯური, ბალაჩაური (იუნუსოვი, 1999, 163-166; იუნუსოვი, 2000, 24-30). ასევე თურქული წარმომავლობისაა ”აჭარა”, ყველა ტოპონიმი სადაც ურევია ”ჭალა” და ა.შ. (იუნუსოვი, 2000, 35).

რა თქმა უნდა თურქულ-თურქმანულ სამყაროსთან ხანგრძლივმა ურთიერთობამ საქართველოს ტოპონიმიკაში გარკვეუ-ლი ასახვა ჰპოვა, მაგრამ ზემომოყვანილ შემთხვევაში საქმე გვაქვს ტერმინთა ეტიმოლოგიის ელემენტარული კანონების უგულველყოფასა და ქართული სიტყვებში სპეციფიკური კავკასიური ბგერების (ჭ, წ და სხვა), რომლებიც თურქულს არ ახასიათებს,  იგნორირებასთან.
რაც შეეხება ქართულ წყაროებში მოხსენიებულ სომხითს, რომელიც მომთაბარე მესაქონლეთათვის საქართველოში ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენდა, მკვლევარი მის ლოკალიზებას სამცხე-ჯავახეთში (совр. Месхетия и Джавахети – А.Ю) ახდენს (იუნუსოვი, 2000, 165).

ქართულ საისტორიო წყაროებში “სომხითი” X ს-დან გამო-ჩნდა. არსენ საფარელი ამ ტერმინით მოიხსენიებს, როგორც ისტორიულ სომხეთს, ისე ქვემო ქართლის ნაწილსაც, მტკვრის მარჯვენა მხარეს. “ნაწილსა სომხითისასა” (საწმყსოს) არსენის დროისათვის შეესაბამებოდა შუშანიკ დედოფლის მიერ დადგენილი ცურტავის ეპისკოპოსის საყდარი, რომელიც ქართლის კათალიკოსს ექვემდებარებოდა. ეს იყო მცირე საეკლესიო ერთეული სხვა ეპარქიების – დმანისის, მანგლისის, ბოლნისის, ხნანაკერტის – გვერდით (ქართლის) სომხითის შემადგენლობაში მოიხსენიებს: გაგს, ქავაზინს, ტერენაჯანს, ნორბედს, მანასტომს, ტაელინჯარს, გაჩიანს, ციხე-ქალაქებს – ლორესა და სამშვილდეს და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ე.ი. მთელ ქვემო ქართლს. “სულთანი მოადგა სამშვილდეს და წარიღო … მოაოხრა სომხითი და წარვიდა” – მოგვითხრობს იგი (დავითის ისტორიკოსი, 1955, 318). “მატიანე ქართლისაის” ავტორი ამავე შემოსევის აღწერისას ამ ტერიტორიას ქართლს უწოდებს (მატიანე ქართლისაი,  1955; 255). ნ. ბერძენიშვილის ვარაუდით ამ შემთხვევაში წყაროები მოგვითხრობენ სულთანის მიერ ქართლის ერთი კუთხის, სომხითის ან “ქართლის სომხითის” მოოხრების ამბავს (ბერძენიშვილი, 1989, 309). ამ მხარეს სომხითი მოგვიანებით შეერქვა, რადგან ადრეფეოდალურ ხანაში აქ სომხების უპირატესობა დამყარდა, რაც კერძოდ, სომეხ კვირიკიანთა სამეფოს დაარსებაში გამოიხატა. თავად სომხები ამ ქვეყანას გუგარქს, ქართლს, კანგარს, ჩრდილო მხარენს უწოდებდნენ, მაგრამ არც ერთხელ არ მოიხსენიებენ არც ქართული “სომხითით” არც სომხური “ჰაიასტანით”, იციან რომ აქ არმენია კი არ არის, არამედ ქართლი, ქვემო ქართლი, ან “ქვენა სოფელი”, ხოლო მათთვის “ჩრდილო მხა-რე” (ბერძენიშვილი,  1989, 304). ამდენად, აშკარაა, რომ აზერბაიჯანელი ავტორი შემცდარია, ქართული საისტორიო წყაროების სომხითის ლოკალიზება უნდა მოხდეს ქვემო ქართლში და არა ისტორიულ მესხეთში.

მიუტევებელი ტენდენციურობა და პანთურქისტული განწყობილება იგრძნობა “დიდ თურქობაზე” მსჯელობისას. ა. იუნუსოვი წერს – “Всего же в XII-XIII вв. в Грузию переселилось не менее 350 тыс. кыпчаков и в основном в районы, где ныне в Грузии живут азербайджанцы и жили до 1944 г. ахыскинские (месхетинские) турки. Если учесть, что ранее, в XI-XII вв. на юге и востоке Грузии осели десятки тысяч огузов, то станет ясно, почему древнегрузинские летописцы того времени делят Грузию на “Картвелоба” (букв. “Собственная Грузия”) и “Диди Туркоба” (букв. “Великий (!) Туркестан”)” (იუნუსოვი, 1999, 167) და შენიშვნის სახით დასძენს, რომ, “Современные грузинские историки, негативно относясь к тюркам, переводят “Диди Туркоба” как “Великое турецкое засилье” или “Великая туретчина”, что конечно же неверно” (იუნუსოვი, 1999, 167). წყარო სადაც 350 ათასი ყივჩაყის ჩამოსახლებაზეა საუბარი სამწუხაროდ ციტატის ავტორს მითითებული არა აქვს. თუმცა მის მეცნიერულ “სინდისიერებაზე” ის ფაქტიც მიუთითებს, რომ თავად ქართული ენის არმცოდნე, მშობლიურ ენას “ასწავლის” ქართველ ისტორიკოსებს.

მომთაბარე თურქების გამეზობლება ქართულ პროვინციებს ძალიან დიდ ზიანს აყენებდა და ამიტომაც თავდაუზოგავად იბრძოდნენ მათ წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლა-ში უმეტესად მესხეთის მთავრები აქტიურობდნენ (ანჩაბაძე, 1991, 51-53).

ძალზე ხშირია ციფრებით თავისუფალი მანიპულირება და პანთურქისტებისათვის სასურველი სურათის დახატვის მცდელობა სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტირებულთა ისტორიასა და დღევანდელობაზე საკითხებზე მსჯელობისას. მოვიტან კიდევ ერთ მაგალითს, ა. იუნუსოვი წერს – “Накануне падения Российской империи, в 1916 г., в Ахалцихском и Ахалкалакском уездах Тифлисской губернии уже проживало 172 тыс. чел. Из них турок было 59 тыс. чел. (34%), армян – 80 тыс. (46%) и грузин – 29 тыс. (17%). Однако турки попрежнему составляли абсолютное большинство в Ахалцихском уезде – 52 тыс. чел. (72%), тогда как армяне в Ахалкалакском – 76 тыс. чел. (76%)” (იუნუსოვი, 1999, 169). ეს მონაცემები ავტორს აუღია მარატ ბარათაშვილის ბროშურიდან (ბარათაშვილი, 1998). ბარათაშვილი თავის მხრივ ამ ნაკვეთში იმოწმებს პ. ინგოროყვას. მაგრამ, რაც მთავარია, იუნუსოვთან თურქებს მიკუთვნებული 59 ათასი ადამიანი პ. ინგოროყვასთან და მ. ბარათაშვილთანაც მუსლიმ ქართველებადაა მოხსენიებული (ინგოროყვა, 1990, 16-17; ბარათაშვილი,  1998, 8). 

“გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” თანახმად მესხეთის მოსახლეობის უმეტესობაში ქართული ანთროპონიმები იყო გავრცელებული. XVIII ს-ის 30-იან წლებში ახალციხის მაზრის მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობას ისევ ქართული გვარები ჰქონდა (ლომსაძე, 80, 1997). ამ წყაროს უგულველყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა თურქ და აზერბაიჯანელ მკვლევართა შრომებში. ქართული ანთროპონიმებისათვის თურქული ჟღერადობის მიცემით ცდილობენ ცალკეული ისტორიული პირების თურქული წარმომავლობის მტკიცებას. ასე იქცა მზეჭაბუკი – მირზა ჩაბუკად, ყვარყვარე – კორკორედ, ბექა – ბეკად (ბეგად  – ლ.ჯ.) და ა.შ. (იუნუსოვი,  2000, 36-39).

რაც შეეხება ქართულ გვარსახელებს, რომლებიც დღემდე ფიქსირდება დეპორტირებულთა შორის (როგორც წესი პოლი-ტიკური ლიდერების უმეტესობას ქართული გვარსახელები აქვთ – ლ.ჯ.), პანთურქისტ მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ფენომენი 1918-21 წლებში მენშევიკური საქართველოს ხელისუფალთა იძულების შედეგად არის გაჩენილი, ხოლო მეორე კი, უფრო მოგვიანებით, 1938 წ. კომუნისტური საქართველოს მესვეურთა და ქართველი ინტელიგენციის იძულების კვალს ხედავს (სვერდლოვი, 2004, 18; იუნუსოვი,  2000, 62). გვარსახელების საკითხი ამ შემთხვევაში სრულიად გაუკუღმართებულადაა წარმოდგენილი. რეალურად კი სრულიად საპირისპირო ვითარებასთან გვქონდა საქმე. მესხეთში კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებით 1923 წლიდან მესხეთის მუსლიმანური მოსახლეობა თურქულენოვან უმცირესობად გამოაცხადეს და ოფიციალურ ენად აზერბაიჯანული (თურქული) და რუსული შემოიღეს. ამ პერიოდიდან ახალციხის რაიონში გაიხსნა თურქული სკოლები, აზერბაიჯანიდან მოიწვიეს პარტიული და სამეურნეო მუშაკები, ინტელიგენციის წარმომადგენლები და ა.შ. 1926 წელს, ახალციხის რაიაღმასკომის თავმჯდომარემ შამანოვმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც მუსულმანი მესხები, როგორც აზერბაიჯანელები (ამ ხანებში აზერბაიჯანელებს გვარსახელები ჯერ არ ჰქონდათ) ვალდებული იყვნენ გვარის გარეშე ჩაწერილიყვნენ (უმაროვ-გოზალიშვილი, 2005, 69).

1886 წლის საოჯახო სიების ანალიზით დგინდება, რომ ახალციხის მაზრის 16 სოფელში ამ დროისათვის მუსლიმთა დედაენა ქართული იყო, 51 სოფელში კი თურქული. თუმცა საგულისხმოა ის, რომ საოჯახო სიაში ყოველმხრივ თურქად გატარებული პირებიც კი ხშირად ქართველებს წარმოადგენდნენ, რასაც აღწერისას სხვათა შორის მათზე მიწერილი ქართული გვარი გვაგულისხმებინებს (თოფჩიშვილი, 1991, 33-35).

ქართულ და აზერბაიჯანულ სამეცნიერო ლიტერატურაში სრულიად განსხვავებულადაა წარმოდგენილი გვარსახელების წარმოქმნის მექანიზმი. აზერბაიჯანული თვალსაზრისით ბევრი გვარსახელი წარმოადგენს მცირედ შეცვლილ თურქულ “გილს”, პირველყოფილ გვარს. ასე მაგალითად სარაჯიშვილი წარმომდგარია სარაჯ-გილიდან, ხუციშვილი ხუცი-გილიდან, კოტეძე კოტე-გილიდან (იუნუსოვი, 2000, 60-61). მოყვანილი მაგალითები გვარწმუნებს გვარსახელის ამგვარი ეტიმოლოგიის სიყალბეში. ფუძეში “ხუცესის” და “სარაჯის” არსებობა სწორედ საპირისპიროს ამტკიცებს, რადგან ორივე გვარსახელი ისეთი პროფესიიდან არის ნაწარმოები, რომელიც მუსულმანურ სამყაროში მათი წარმოშობას გამორიცხავს. მესხური გვარების წარმოქმნის მექანიზმი მთლიანად ემორჩილება ქართული ანთროპონიმების წარმოების კანონებს (თოფჩიშვილი, 2005, 305-332).

ასევე, ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული ვარაუდი, რომ ქართული გვარსახელები, რომელიც 1886 წლის საოჯახო სიებშია დაფიქსირებული, მესხებს ყოველგვარი სტანდარტის გარეშე მიანიჭეს (იუნუსოვი, 2000, 61). მაშინ როგორ შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ თურქული აღწერის მასალებში XVI საუკუნეში სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართულ  სახელებს ატარებდა?! მ. ჯიქიამ გამოიკვლია ამ წყაროში დაფიქსირებული ანთროპონიმები და აღმოჩნდა, რომ 260  სახელი ქართულია, ასამდე  ქრისტიანული, ორმოცდაათამდე სომხური, ათამდე ებრაული. აღმოჩნდა ასევე თურქული მოდგმის ხალხთან და ისლამურ სამყაროსთან კონტაქტების შედეგად შემოსული ანთროპონიმებიც: ოცდაათზე მეტი თურქული, ათიოდე ირანული და ორმოცამდე არაბული სახელი (ჯიქია, 2004, 284).

საველე ეთნოგრაფიული მასალა ნათლად მოწმობს რომ, პირიქით, სამცხე-ჯავახეთში არსებობდა ქართული გვარსახელების თურქულ და რუსულ ყაიდაზე გადაკეთების ტენდენ-ცია. ამრიგად, კაკაბაძეები იქცნენ ათუნოვებად (მათ გვარსახელის ქართული ფორმა მოგვიანებით უკვე ათუნიშვილის სახით დაიბრუნეს); კოჭიბროლაძე გოზალოვად გადააკაეთეს (მოგვიანებით გოზალიშვილები); ნებიერიძე თელიევი გახდა (ახლა თელაშვილები); საყვარელიძეები  ხითაროვებად იქცნენ ახლა ხითარიშვილები); გვარამაძე იანუღოვად აქციეს, კიკნაძე  აღლემოვად, ვარდიძე კი ჩილინგაროვად (ჯანიაშვილი, 1997, 27).

იუნუსოვი ერთადერთი არაა ვისაც ამგვარი დამოკიდებუ-ლება აქვს საქართველოს ისტორიისადმი. მისი ანალოგიური აზრები უფრო ადრე გამოთქვა ვ. ღუკასიანმა (გოილაძე, 2007, 13) და მათი დებულებები ობიექტურ კრიტიკას ვერ უძლებენ (გოილაძე, 2007)
კ. ბარათაშვილის დაკვირვებით 1886 წ. საოჯახო სიებში სამცხე-ჯავახეთის მუსულმან მოსახლეობაში სამასზე მეტი გვარია დაფიქსირებული (ბარათაშვილი, 19, 1997), ხოლო გ. მამულიას ერთი ცნობის თანახმად დღეისათვის დეპორტირებულ მოსახლეობაში 1094 ქართული გვარი გვხვდება (მამულია,  1999, 154).

ქემალისტურმა იდეოლოგიამ ძლიერი გავლენა მოახდინა დეპორტირებული კონტინგენტის თურქეთზე ორიენტირებულ და პოლიტიკურად აქტიურ ნაწილზე. იმ პირობებში, როსდესაც შეუძლებელი იყო არსებული წყაროებით თავიანთი თურქული წარმომავლობა ემტკიცებინათ, თანაც გრძნობდნენ თურქობისადმი ძლიერ კულტურულ და ეკონომიკურ ლტოლვას, უპრიანად მიიჩნიეს საკუთარ ისტორიაში ქართველობა მხოლოდ ერთ, გარკვეულ, ეტაპად ეღიარებიათ. მე თვითონ მქონია “განათლებულ” “თურქ მესხთან” კამათი – იყვნენ თუ არა ხეთები და ურარტუელები თურქები.

საქართველოს ისლამურ თემებზე ზეგავლენას ცდილობს თურქული ისლამური ორგანიზაცია ”ნურჯულარი”, რომელიც თურქეთის “ისლამურ კაპიტალს” განასახიერებს და მისი ეკონომიკის 30% შეადგენს, აქტიურად მონაწილეობს სნგ-ს სამხრეთი რეგიონების მისიონერულ “ათვისებაში”. “ნურჯულარს” აქ გაშლილი აქვს სასწავლებლების ფართო ქსელი (დაახლოებით 200 სასწავლო დაწესებულება) სადაც დაახლოებით 7000-მდე “მოძღვარ-განმანათლებელი” მოღვაწეობს (ჩერეპახინი, 2001). აღსანიშნავია, რომ ნურჯულარის სულიერი წინამძღოლის საიდ ნურსის კონცეფციის ექსტრემისტულობის შესახებ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება შეინიშნება. მიუხედავად ამისა აშკარაა, რომ ეს ორგანიზაცია შეიძლება განიხილებოდეს, სულ მცირე, თურქული პოლიტიკური ინტერესების დამცველად მის საზღვრებს გარეთ (კევორკოვა).

ამ ბოლო ხანებში საქართველოს მუსლიმურ წრეებში სასულიერო ისლამური განათლების გასავრცელებლად მოდიან სწორედ თურქეთის მოქალაქეები. ნიშანდობლივია რომ, აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლის მედრესეში, სოფ. ქესალოში, სწორედ ასეთი ადამიანი, არაბეთში განათლებამიღებული, წარმოშობით ქართველი, ემინ შექერჯი (გოგიტიძე) ავრცელებს ისლამის ცოდნას მოზარდ თაობაში. ძნელია დაზუსტებით ითქვას, მაგრამ ასეთი ადამიანი ზედმიწევნით გამოსადეგია თურქოფილური განწყობილების გასაღრმავებლად ამ რთულ რეგიონში. როგორც წარმომავლობით ქართველი, ქართულად მოსაუბრე და ლოიალურად განწყობილი ადამიანი, იგი გარკვეულ სიმპატიებს აღძრავს.

ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს რა გავლენას ახდენს ზემოხსენებული იდეოლოგია აჭარაში. 90-იანი წლებიდან მუსულმან აჭარელთა შორის ორი ურთიერთსაპირისპირი რელიგიური ტენდენცია შეიმჩნევა, ერთი ნაწილი ეროვნული თვითიდენტიფიკაციის ძირითად საშუალებად მართლმადიდებლური ქრისტიანობის წიაღში დაბრუნებას მიიჩნევს და ქრის-ტიანულ წესზე ინათლება, მეორე ნაწილი კი წინაპართა რელიგიად ისლამს მიიჩნევს და ცდილობს სრულიად შეუსაბამოს საკუთარი ცხოვრების წესი ისლამის დოგმათა მოთხოვნილებებს. ამ ტენდენციათა სიძლიერეზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მატერიალური მხარდაჭერა. ისლამის გაძლიე-რებას აჭარაში აქტიურად უჭერს მხარს მეზობელი თურქეთის  მუსულმანური ორგანიზაციები. ყოველივე ეს მკაფიოდ აისახება აჭარის მუსლიმურ თემებშიც, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან რელიგიური დაწესებულებების მშენებლობები არა მარტო ძირითად საცხოვრებელ ადგილებში, არამედ საზაფხულო საძოვრებზეც დაიწყო. ჩვენ საშუალება გვქონდა გვენახა ასეთი “მეჩეთები” ბახმაროს იალაღებზე – კატრიანში, ზორტიყელში და ა.შ. მესაქონლეთა სულიერ ცხოვრებას ხელმძღვანელობენ ხოჯები, რომელთაც მართალია ხშირ შემთხვევაში რელიგიური განათლება არ ჰყოფნიათ, მაგრამ სამაგიეროდ არ აკლიათ ფანატიზმი და მატერიალური უზრუნველყოფა. უნდა ითქვას, რომ ჩვენთან კერძო საუბარში ერთმა ასეთმა ხოჯამ აღიარა აჭარელთა ქრისტიანული წარსული. თუმცა, იქვე აღნიშნა რომ აჭარის ხელისუფლება ცდილობს ხელი შეუშალოს ისლამის პოპულარიზაციას და ძირითადად ქრისტიანულ სალოცავებს აგებს, მაგრამ ხალხში ალაჰის შეწევნით  იზრდება მუსულმანობის მიმდევართა რიცხვი ძირითადად ახალგაზრდობის ხარჯზე (ჯუკაშვილი, 2001).

ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის პოლიტიკურ სარბიელზე დამყარებული კეთილგანწყობისა და ურთიერთთანამშრომლობის მიუხედავად, არსებობს გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნები, რომელიც შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს. ამასთანავე, მხოლოდ იმით აპელირება, რომ თურქეთი ნატოს წევრი და დემოკრატიის პრინციპების ერთგული სახელმწიფოა, არ უნდა იყოს ლოგიკური. ყველაფრის მიუხედავად თურქეთის  ინტერესებში შედის პანთურქისტული იდეოლოგიით განმსჭვალული ჯგუფების დახმარება საკუთარ საზღვრებს გარეთ და მისი რესურსების მქონე ქვეყანას შეუძლია ამ მიმართებით წარმატებესაც მიაღწიოს, მით უფრო რომ, საამისო ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყნის გარეთაც მოიძებნება. 

 


 
           დამოწმებული ლიტერატურა

ანჩაბაძე გ, სამხრეთ საქართველოს მოსახლეობის ბრძოლა მცირეაზიური მომთაბარე ტომების წინააღმდეგ. – კრ. დიდგორი, თბ., 1991
დავითის ისტორიკოსი, ცხოვრება მეფეთ-მეფე დავითისა – ქართლის ცხოვრება, ტ.I, თბ., 1955
ბარათაშვილი მ., მესხ რეპატრიანტთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში,, თბილისი, 1998
ბერძენიშვილი ნ., მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისათვის. – საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VIII თბ., 1989
გოილაძე ვ., “მიწის ენა მრუდე სარკეში”, თბილისი, 2007
თოფჩიშვილი რ., ქართველი მაჰმადიანები, ქართველი კათოლიკეები, ქართველი გრიგორიანები. –  კრ. დიდგორი, თბ., 1991
თოფჩიშვილი რ., ქართული გვარსახელები. – ეთნოისტორიული ეტიუდები, წიგნი I, თბ., 2005
თოფჩიშვილი რ., ქართული ანთროპონიმული მოდელი, წარსულში, აწმყოსა და მომავალში. – ეთნოისტორიული ეტიუდები, წიგნი I, თბ., 2005
ინგოროყვა პ., საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ, თბ., 1990
მატიანე ქართლისაი. – ქართლის ცხოვრება, ტ.I, თბ., 1955
ურუშაძე ლ., საქართველოს XV-XVIII საუკუნეების პოლიტიკური ისტორიის საკითხები XX საუკუნის თურქულ ისტორიოგრაფიაში (წაყროთმცოდნოებითი ასპექტები), სადისერტაციო ნაშრომი ისტორიის მეცნიერებათა სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ. 1989
უმაროვ-გოზალიშვილი ხ., მესხთა ტრაგედია, “კავკასიური სახლი”, თბილისი, 2005
ჯანიაშვილი ლ., ეთნიკური პროცესები სამცხე-ჯავახეთში. – პოლიტიკა, N1, 1997
ჯიქია მ., ქართული ანთროპონიმები, “გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით”. – ქართული ონომასტიკა II, 2004
ჯუკაშვილი ი., საველე ეთნოგრაფიული დღიური, 2001

Бараташвили К., Грузинские фамилии месхов-мусульман, Тб., 1997
Еремеев Д.Е. Этногенез турок, М., 1971
Исаев А., Исторические и онтологические мифологемы кемализма, http://refstudy.ru/dip/historical_and_ontologic/m/30600/1.1.html.
Исхаков Д., Из истории ислама в Турции в XX веке, № 09 на 7-14 марта 2007 года : взгляд ученого : “Звезда Поволжья”, http://tatpolit.ru
Кеворкова Н, Лингвисты и психологи против веры,  В России продолжают запрещать религиозные книги http://jhwww.narod.ru/freedomrusall6.htm
Мамулия Г., Концепция государственной политики Грузии в отношении депортированных и репатрированных в Грузию месхов. _ Централная Азия и Кавказ, №1(2), 1999 г.
Нарочницкая Н., Исламский мир: геополитическое и цивилизационное соперничество, Интернет-журнал Сретенского монастыря http://old.eparhia-saratov.ru/txts/journal/articles/02society/31.html
Нухаев Х.-А., Чечния и Россия: одно ценностное пространство _ две обществен¬ные системы, Россия и Чечня Поиски выхода, Санкт-Петер¬бург, 2003.
Сидоров В., Путем   кремля. _ «Национальная газета» № 4-5(16-17), 1998 г.
Собко А., Рублевю А.. Страшный сон Ататюрка Новый президент Турции–сын арабского имама. http://rpmonitor.ru/ru/detail_m.php?ID=5504
Тишков В., Как обновить концепцию национальной политики? //Бюллетень Сети этнологического мониторинга и раннего предупрежде¬ния конфликтов, 48
Черепахин В., Туреских исламистов снова решили судить. _ известия, №78, 2001
Swerdlow Steve, Reflections on Transnational Minorites and Human Rights: Meskhetians and Hemshins in Georgia and Krasnodar, Bulletin anthropology minoritie multiculturalism, N5, 2004.


 

Лаврентий Джаниашвили

Кемелистическая этногенетическая концепция и Грузия.

В статье рассмотрена очень важная для Кавказского региона кемалистическая доктрина, пользующаяся популярностью в ориентированных на Турцию группах. С 20-ых годов ХХ века в политике Турции Ислам представляет собой только один, составляющий внешнюю политику, фрагмент. Руководители страны стараются комбинировать все возможные направления экспансии (культурно-религиозное, экономическое и лингвистическое).

Эта идеология имеет последователей и за пределами Турции, в Азербайджане. Одна из их целей обосновать турецкое происхождение групп, ориентирующихся на Турцию, в Грузии и на Кавказе.

Из данного материала видно, что отдельные авторы ведут пропаганду пантуркических идей в мусульманском населении Грузии. Фальсификацией исторических источников, односторонним рассмотрением научной литературы, путем свободной интерпретации топонимов и этнографического материала стараются доказать, что населяющие Грузию предки мусульман были автохтонами или, в крайнем случае, поселенными в незапамятные времена турками.

Несмотря на взаимосотрудничество и доброжелательность, установленных на политическом поприще, между Грузией и Турцией, Турция имеет долгосрочные политические цели, которые могут быть разными. Поэтому, упоминаемая тенденция в будущем может стать негативным фактором в этих отношениях.