დამხმარე საითიდამხმარე საითი

 ავტორი: ვ. გოილაძე
გამოცემის წელი: 2007
განყოფილება: შუა საუკ. საქ. ისტ. და წყაროთმცოდ.

საქართველოს ძველი ისტორიის შედარებით უკეთ წარმოსაჩენად, ძველ ქართულ საისტორიო წყაროთა მონაცემებთან ერთად უცხოენოვან ავტორთა ცნობებს, როგორც ცნობილია, დიდი, ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, XIX საუკუნის დამდეგიდან მოკიდებული საქართველოს ძველი ისტორიით დაინტერესებული მკვლევრები გულმოდგინედ ცდილობდნენ თხრობა უცხოენოვან წყაროებში მიკვლეული ცნობებით გაემდიდრებინათ. ასეთი მცდელობის მიუხედავად, VII ს. ბიზანტიელი ავტორის – თეოფილაქტე სიმოკატას „ისტორიაში“ არსებული მითითება თურქთა მიერ „კოლხთა ბელადებისა“ და „სამასი ათასი კოლხის ამოხოცვის“ შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიას დღემდე ყურადღების მიღმა დარჩა. სამაგიეროდ, თეოფილაქტეს დასახელებული ცნობა სათანადოდ აისახა რუსულ და აზერბაიჯანულ ისტორიოგრაფიაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თავისთავად ისმება კითხვა. რა მოხდა, ქართველმა ისტორიკოსებმა თეოფილაქტეს ცნობა ყურადღების ღირსად არ ცნეს, თუ იგი ვერ მიაკვლიეს?

ვფიქრობ, თეოფილაქტეს „ისტორიაში“ კოლხთა შესახებ არსებული ცნობა მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა, შეიძლება ვინმემ თქვას, თეოფილაქტეს მონაცემები არარეალურია, კოლხეთში (უფრო სწორად ეგრისში) ასეთი რამ არ მომხდარაო. მაგრამ, უარყოფასაც დასაბუთება უნდა. წყაროში არცერთი ცნობა უმიზეზოდ არ ჩნდება და თეოფილაქტეს რადგან ასეთი მითითება აქვს, მისი ინტერპრეტაცია ქართველ ისტორიკოსთა ვალი იყო. მითუმეტეს, ჩვენი რუსი და აზერბაიჯანელი კოლეგები, როგორც ქვემოთ ვნახავთ, თეოფილაქტეს ცნობაში არარეალურს ვერაფერს ხედავენ – ცნობის მონაცემთა სანდოობა მათ ოდნავაც არ აეჭვებთ. ამიტომ გადავწყვიტე თეოფილაქტეს ცნობა ქართველი ისტორიკოსის თვალთახედვით გამეანალიზებინა.

სანამ თეოფილაქტეს ცნობის შესახებ საუბარს დავიწყებ, მინდა მკითხველს მოკლედ თვით თეოფილაქტე სიმოკატას ვინაობა გავაცნო. რადგან, ვფიქრობ, თეოფილაქტეს ბიოგრაფია, მუშაობის მეთოდი, მსოფლმხედველობა გარკვეულწილად უნდა დაგვეხმაროს მის „ისტორიაში“ კოლხთა შესახებ არსებულ მონაცემთა გაანალიზებაში.

თეოფილაქტეს ბიოგრაფია ნაკლებადაა ცნობილი. იგი „წარმოშობით ეგვიპტიდან იყო“. განეკუთვნებოდა ბიზანტიის იმპერიის ზედაფენას. როგორც ვარაუდობენ, განათლება მას ათენში უნდა მიეღო. სწორედ აღნიშნულით ხსნიან, თეოფილაქტემ კარგად რომ იცოდა, უყვარდა და დიდად აფასებდა ანტიკურ კულტურას. ბერძნულის გარდა უნდა სცოდნოდა სირიული და სპარსული ენები. ბიზანტიელ ავტორთა შორის იგი ერთადერთია, რომელიც უშუალოდ არაბთა დაპყრობითი ომების დაწყების წინა ხანაში მოღვაწეობდა, იყო იმპერატორ ჰერაკლეს (610 – 641 წწ.) მრჩეველი.

თეოფილაქტეს თხზულებებიდან ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა „ისტორია“, რომელიც 582 – 602 წლების ამბებს მოიცავს და VI ს. ბიზანტიელი ავტორის მენანდრე პროტიქტორის შრომის გაგრძელებას წარმოადგენს. თხრობის მთავარი თემაა ის ომები, რომელთაც ბიზანტიის იმპერია ბალკანეთის ნ.-კუნძულზე ავარებთან და სლავებთან, აღმოსავლეთში კი სასანიანთა ირანთან აწარმოებდა (Пигулевская, 1957. გვ. 10 – 11).
მიუხედავად იმისა, რომ თეოფილაქტე მის მიერ მოთხრობილი ამბების უმცროსი თანამედროვე იყო (მან თავისი „ისტორია“ 628 – 638 წლებში შეადგინა), როგორც ნ. პიგულევსკაია წერს, ცნობილი გერმანელი ბიზანტიოლოგი კარლ კრუმბახერი მას ბრალს სდებდა იმაში, რომ იგი უშუალოდ არ იცნობდა იმ პირებს, არც იმ ადგილებს, რომელთა შესახებ წერდა – სათანადო მასალა არ ჰქონდა ამ ოლქების პოლიტიკური ისტორიისა და გეოგრაფიისათვის. მაგრამ, – დასძენს ნ. პიგულევსკაია, – თეოფილაქტეს „ისტორიის“ შემდგომმა კვლევამ მნიშვნელოვანწილად შეამსუბუქა კ. კრუმბახერის მკაცრი შეფასება (უფრო ადრე, ინგლისელი ისტორიკოსი ე. გიბონი თეოფილაქტეს არასაჭირო წვრილმანების გადმოცემაში ადანაშაულებდა. Пигулевская, 1957. გვ. 14).

თეოფილაქტეს „ისტორია“, მართლაც მნიშვნელოვანი საისტორიო თხზულებაა. ქართველ მკვლევართათვის მასში განსაკუთრებით ფასეულია ბიზანტიისა და ირანის მუდმივი ინტერესების სფეროში შემავალი კავკასიის ქვეყნების (იბერიის, ეგრისის, სომხეთის), ასევე სხვადასხვა ადგილობრივი (მაგ. სვანების) და აზიიდან აღმოსავლეთ ევროპაში მოსული ხალხების (ავარების, თურქებისა და სხვა) შესახებ არსებული ცნობები. რაც შეეხება თეოფილაქტეს „ისტორიის“ წყაროებს, მენანდრე პროტიქტორის (რომელსაც ქებით იხსენიებს) თხზულების გარდა მას გამოყენებული აქვს: იოანე ლიდესა და იოანე ეფესელის „ისტორიები“, ევაგრეს „საეკლესიო ისტორია“, ელჩობების მოხსენებები, ცირკის პარტიათა და სასახლის ქრონიკალური ჩანაწერები. მისი „ისტორიის“ ერთი ნაწილი (მესამე წიგნის მე-9 თავიდან მეხუთე წიგნის მეთხუთმეტე თავის გარკვეული ნაწილი) უშუალოდ იოანე ეპიფანელის თხზულებაზე დაყრდნობითაა დაწერილი.

თეოფილაქტეს „ისტორიის“ შემდგომი მონაკვეთი, რომელშიც ჩვენთვის საინტერესო ცნობაა (წიგნი VII, თავი VIII), ნ. პიგულევსკაიას სიტყვით, ამ შემთხვევაში რა წყაროებით სარგებლობდა თეოფილაქტე, ამაზე მითითება ძნელია. მთელი რიგი შეუსაბამობანი ქრონოლოგიაში გამოწვეული უნდა იყოს წყაროს შეცვლით. უკანასკნელ წიგნებში (წიგნი VII, VIII), თეოფილაქტეს თხრობა მის მიერ ნანახ ამბებსა და მდიდარ ზეპირ ტრადიციას უნდა ემყარებოდეს (Пигулевская, 1957. გვ. 15 – 17).

ამრიგად, თუ ნ. პიგულევსკაიას ზემომოტანილ აზრს გავითვალისწინებთ, თეოფილაქტეს ცნობას თურქთა მიერ კოლხების (გულისხმობენ ეგრისის მოსახლეობას) ამოხოცვის შესახებ რა წყარო უდევს საფუძვლად, ძნელი გასარკვევია. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ მისი მონაცემები 300 ათასი კოლხის ამოხოცვის შესახებ აშკარად გაზვიადებულია, თეოფილაქტეს ამ ცნობის მთლად იგნორირება არ შეიძლება. როგორც ქვემოთ ვნახავთ, მის მონათხრობს გარკვეული ისტორიული რეალობა უდევს საფუძვლად. აზიიდან ჩრდილო კავკასიაში მოსული დამპყრობლების რისხვა ოგორების განადგურების შემდეგ, როგორც ჩანს, მართლაც, დაატყდა თავს ლაზებს, რის დამტკიცებას ქვემოთ შევეცდები.

VI ს. დასასრულის ეგრისში თურქთა ლაშქრობის შესახებ სხვა საისტორიო წყაროებში ცნობები არაა. ამიტომ თეოფილაქტეს მიერ მოთხრობილი ამბავის რეალურობა-არარეალურობის დასადასტურებლად, თვით ცნობის მონაცემთა გაანალიზებისას მიღებულ შედეგებს უნდა დავეყრდნო, გავითვალისწინო იმ დროის საერთაშორისო ვითარება.

სანამ თეოფილაქტეს ცნობის შინაარსს გავაანალიზებ, მინდა იმ მიზეზის შესახებ მივუთითო, რამაც, ჩემი აზრით, თეოფილაქტეს ცნობის ქართველ მკვლევართა თვალთახედვიდან გამორჩენა გამოიწვია.

ქართულ ისტორიოგრაფიას თეოფილაქტეს ცნობა დღემდე რომ ყურადღების მიღმა დარჩა, ამის მიზეზი, ვფიქრობ, საქართველოს შესახებ თეოფილაქტე სიმოკატას ცნობების აკად. ს. ყაუხჩიშვილისეული გამოცემაც არის. საქმე ისაა, რომ 1941 წელს გამოქვეყნებული „გეორგიკის“ IV ტომში (ნაწ. I), რომელშიც სხვა ბიზანტიელ ავტორებთან ერთად თეოფილაქტეს „ისტორიიდან“ საქართველოს შესახებ ცნობების ქართული თარგმანიცაა (თეოფილაქტე სიმოკატა, 1941, გვ. 18 – 37), თეოფილაქტეს ზემომოტანილი ცნობა არაა შეტანილი. არა მგონია, ს. ყაუხჩიშვილს თეოფილაქტეს ცნობა მისი გაზვიადებული მონაცემების გამო გამოეტოვებინა, რა მოხდა ძნელი სათქმელია. ერთადერთი სავარაუდო ისაა, რომ თეოფილაქტეს „ისტორიიდან“ საქართველოს შესახებ ცნობათა ამოკრეფისას ზემოდასახელებული მითითება მას მხედველობიდან გამორჩა. ისე კი უნდა ითქვას: უცხოელ ავტორთა საისტორიო თხზულებების შემოკლებული ქართული თარგმანი ზოგჯერ დიდი გაუგებრობების მიზეზიც ხდება. ასე მაგალითად, „გეორგიკის“ იმავე ტომში შესული ბიზანტიელი ქრონისტის თეოფანე ჟამთააღმწერელის ცნობების შემოკლებულ ქართულ თარგმანში 628 წელს თბილისის აღების შესახებ თხრობას მცირე ინტერვალის შემდეგ მოსდევს მითითება ბიზანტიელთა მიერ ქართველი დიდებულის (მთავრის) ვარსამუსეს დატყვევების შესახებ (თეოფანე ჟამთააღმწერელი, 1941. გვ. 100 – 101). ეს ტექსტი გახდა საფუძველი ა. ბოგვერაძეს ვარსამუსე თბილისის აღებისას დატყვევებულად (სინამდვილეში იგი ირანის ტერიტორიაზე, ნინევიის ნანგრევებთან გამართულ ბრძოლაში იქნა დატყვევებული. Летопись, 1884. გვ. 237) და ქართლის ერისმთავრად მიეჩნია. მისი თვალსაზრისი აისახა „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ მეორე ტომში (ბოგვერაძე, 1973. გვ. 279 – 282), რომელიც ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიისათვის დღესაც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისათვის სალექციო კურსის ერთ-ერთი ძირითადი დასაყრდენია. სტუდენტებს ათეული წლების განმავლობაში შეცდომით ასწავლიან, თითქოს, ვარსამუსე ქართლის ერისმთავარი იყო („ნარკვევების“ მეორე ტომიდან ეს შეცდომა განმეორდა ზოგიერთი ავტორის სალექციო კურსშიც. სილოგავა, შენგელია, 2006. გვ. 72 – 73).

ახლა რაც შეეხება იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში აზიიდან თურქების (იგივე ტურკიუტები) მოსვლისა და მათ მიერ ჩრდილო კავკასიის დაპყრობის შემდეგ შეიქმნა.

ჩრდილო კავკასიასა და მის მიმდებარე ველებზე მცხოვრებმა ხალხებმა ჰუნ-თურქთა პირველი დიდი დარტყმები, როგორც ცნობილია, IV ს. 70-იან წლებში ცენტრალური აზიიდან წამოსული ჰუნთა მრავალრიცხოვანი ურდოებისაგან განიცადეს. ჰუნების შემდეგ მდ. ვოლგა არაერთმა ჰუნურ-თურქულმა და თურქიზირებულმა უგორულმა ტომმა გადმოლახა და სამომთაბარეოდ დროებით ჩრდილო კავკასიისა და აზოვის ზღვისპირეთის აღმოსავლეთით მდებარე ველებზე შეჩერდა. დროთა განმავლობაში მათ იქ სახელმწიფო გაერთიანებები შექმნეს. რომელთაგან მნიშვნელოვანი იყო კასპიის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით საბირთა, ხოლო აზოვის ზღვის აღმოსავლეთით თურქულ-უგორულ ტომთა გაერთიანება. ამ უკანასკნელ გაერთიანებაში შედიოდა უფრო ადრე ჩრდილო კავკასიის ველებზე მოსული სარმატული წარმოშობის ალანები და ჩრდილო კავკასიის აბორიგენი მოსახლეობის ნაწილი.

ჩრდილო კავკასიისა და აზოვისზღვისპირეთში არსებული გაერთიანებების, ერთი შეხედვით, მშვიდი ცხოვრება VI ს. შუახანებში ცენტრალური აზიიდან გამოქცეულმა ჟუან-ჟუანებმა (ჟუჟანებმა, რომლებიც აღმოსავლეთ ევპროპაში ავართა სახელით გახდნენ ცნობილნი) დაარღვიეს. ავარები თავიანთ ყოფილ ქვეშევრდომებს ტურკიუტებს (თურქებს) გამოექცნენ.

ტურკიუტებმა გადამწყვეტი გამარჯვება ჟუჟანებზე 553 წლის შემოდგომაზე მოიპოვეს. დასავლეთისაკენ ჯოგების გარეშე გამოქცეულ ჟუჟანებს 554 წლის გაზაფხულზე, იმ ხანად გარდაცვლილი, თურქთა (ტურკიუტთა) სახელმწიფოს (კაგანატის) შემქმნელის კაგან ბუმინის მომდევნო ძმა – ისტემი (მისი ტიტული იყო „იაბღუ“– „ჯაბღუ“, რაც კაგანატში ღირსებით მეორეს ნიშნავდა) დაედევნა. 555 წელს ისტემიმ უკვე „დასავლეთის ზღვას“ (არალის ზღვას გულისხმობენ) მიაღწია. ლაშქრობისას დაიმორჩილა ცენტრალური ყაზახეთი, შვიდმდინარეთი, ხორეზმი. არალის ზღვის ჩრდილოეთით მის ლაშქარს დიდი წინააღმდეგობა გაუწია ხუნუს (ხიონიტების), უარისა და ოგორთა ტომებმა. მათი დამარცხება ისტემიმ მხოლოდ 558 წელს შეძლო და მდ. ვოლგის აღმოსავლეთით მდებარე ველებს მიადგა. უფრო ადრე – კერძოდ 556 წელს ისტემის უფროსმა ძემ ყარა-ჩურინმა მამის ნებართვით დაიმორჩილა სამხრეთი ჯუნგარია და აბარების მიწაზე თავისი საუფლისწულო სახანო შექმნა (მისი რეზიდენცია ჩრდილო ტიანშანში – აკდაღის მთებში იყო). 558 წელს ყარა-ჩურინი მონაწილეობდა ურალსა და ვოლგისპირეთში ისტემის ლაშქრობაში, თუმცა ახლადდაპყრობილი ეს მიწები საუფლისწულოდ ყარა-ჩურინის უმცროს ძმას ტანხანს (ბიზანტიური წყაროების თურქსანფი) და ბიძაშვილს ბური ხანს გადაეცა (Гумилев, 1967. გვ. 105).
დასავლეთისაკენ მიმავალი ისტემის ლაშქარი წინ მიერეკებოდა ყველა იმ ხალხს, რომლებიც მას არ დამორჩილდა. ასეთები იყვნენ „უარისა“ და „ხუნუს“ ტომებიდან – დაახლ. 20000 კაცი (შემდეგში ისინი ჩრდილო კავკასაში ავარებს შეერწყნენ).
რაც შეეხება თურქებისაგან დევნილ ჟუჟანებს (რომელთაც არც ჯოგები ჰყავდათ და აღარც სამშობლო ჰქონდათ), მათი მდგომარეობა, თითქოს, უიმედო იყო. რადგან მათ წინაშე იდგნენ მრავალრიცხოვანი ხალხები, რომელთაც ძლიერი გაერთიანებები ჰქონდათ და გამარჯვებაც შეეძლოთ, მაგრამ ჟუჟანებმა ყოველგვარი წინააღმდეგობა დაძლიეს. ისინი თურქებისაგან მიუწვდომელნი გახდნენ (Гумилев, 1967. გვ. 35 – 36).

ავარებმა თურქების დევნას რომ თავი დააღწიეს, ეს შემდეგმა გარემოებამ განაპირობა. ვოლგის აღმოსავლეთ ველებზე მოსულმა ისტემიმ ვერ გარისკა ზურგს უკან შუა აზიაში არსებული ჰუნი ჰეფტალიტების ძლიერი გაერთიანება დაეტოვებინა. ირანთან კავშირში მათი დამარცხება ისტემიმ, მართალია, მხოლოდ 571 წელს შეძლო (Гумилев, 1967. გვ. 36 – 37), მაგრამ მანამდე, 558 წლის ივლისში, იუსტინიანე I-თან ელჩობა გაგზავნა, 567 წელს ჩრდილო კავკასიაში ილაშქრა და დერბენდის კედელს მიადგა.

თავის მხრივ, 558 წელს ჩრდილო კავკასიაში მოსულმა ჟუჟანებმა დიდი სისასტიკით დაიმორჩილეს საბირთა გაერთიანება (საბირთა ნაწილი ამიერკავკასიაში გადმოსახლდა). აღმოსავლეთ ევროპაში უკვე ავარებად სახელდებული ჟუჟუანები, რადგან მოკავშირეებსაც ეძებდნენ, ალანთა ბელადის საროსიას შუამდგომლობით ეგრისზე გავლით კონსტანტინოპოლში ჩავიდნენ. იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ავართა ელჩები უნდობლად მიიღო, თუმცა ავარებთან საპასუხო ელჩობა მაინც გააგზავნა და სთხოვა, როგორც მოკავშირეებს ომი მისი მტრის – ირანის წინაამდეგ დაეწყოთ (Гумилев, 1967. გვ. 37) (იმ ხანად ეგრისში, ბიზანტიასა და ირანს შორის ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ომი). ავარები პირიქით მოიქცნენ. მათი მსხვერპლი ბიზანტიის მოკავშირე საბირების შემდეგ აზოვის ზღვის აღმოსავლეთ ველებზე არსებული ოგორების გაერთიანება გახდა. უნდა ვიფიქროთ, რომ ავარები კონსტანტინოპოლში თურქთა ელჩობის კარგად მიღებამ გააღიზიანა, ხოლო 567 წელს ჩრდილო კავკასიაში ისტემის ლაშქრის გადმოსვლისთანავე მათ სასწარფოდ დატოვეს ჩრდილო კავკასია და დასაველთისაკენ გაემართნენ. მდ. დონის ქვემო დინების მარცხნივ მდებარე ველებზე თავს დაესხნენ ჰუნური მოდგმის ზალებს (Менандр, 1961. გვ. 323 – 324), გადალახეს მდ. დონი და სლავური წარმოშობის ანტების განსახლების არეალი მთლიანად გაანადგურეს (Гумилев, 1967. გვ. 37). მათი ნაწილი, როგორც ჩანს, თან გაიყოლეს. საბოლოოდ ბინა ავარებმა ბალკანეთში – პანონიაში დაიდეს. ასე გაუმეზობლდნენ იმპერიას ბალკანეთიდან და ამის შემდეგ მათ არაერთხელ სცადეს კონსტანტინოპოლის აღება (გოილაძე, 1997. გვ. 10 – 11).

567 წელს ჩრდილო კავკასიაში მისული ისტემი ავარებს არ დაედევნა. იგი უკან გაბრუნდა და ჰეფტალიტებთან ბრძოლა განაგრძო. 576 წელს კი გარდაიცვალა.

ისტემის გარდაცვალების შემდეგ კაგანატის დასავლეთ ნაწილში უმაღლესი ხელისუფალი სწორედ მისი უფროსი ძე – ყარა-ჩურინი გახდა. მან მემკვიდრეობით მიიღო კაგანატის დასავლეთი ნაწილი და ტარდუშ ხანად იწოდა. შორეულ ლაშქრობებს თავი დაანება და ძირითადად აკდაღის რეზიდენციაში იმყოფებოდა. მას და მის ძმას ტანხანს ემორჩილებოდა მდ. ვოლგის აღმოსავლეთით და დასავლეთით, ასევე ჩრდილო კავკასიაში მყოფი თურქული ძალები. დასავლეთში სამხედრო ოპერაციებს ზემოდასახელებული ბური ხანი ხელმძღვანელობდა. მან აიღო 576 წელს ბოსოფრი, 580 წელს სცადა ყირიმს დაუფლებოდა (Гумилев, 1967. გვ. 108).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, 558 – 567 წლებში ავარები ჩრდილო კავკასიასა და მის მიმდებარე ველებზე მცხოვრები ხალხების ბატონები იყვნენ. ბალკანეთში გადასვლის შემდეგ მათ ხელში აღმოჩნდა ვრცელი ტერიტორია ჩრდილო კავკასიიდან ბალკანეთამდე. 576 წლიდან ბური ხანმა ავართა მფლობელობაში მყოფი ტერიტორიების დამორჩილება დაიწყო. მკვლევართა მტკიცებით, 580 წელს ყირიმზე უშედეგო შეტევის შემდეგ, 582-583 წლებში, თურქები ეგრისში შეიჭრნენ (Гумилев, 1967. გვ. 107- 108).

582/583 წლებში თურქთა ეგრისში ლაშქრობა მე საეჭვოდ მივიჩნიე (გოილაძე, 2007. გვ. 21 – 23). ამჯერად ქვემოთ მის დასაბუთებას შევეცდები.

როგორც ავარები, ისე თურქები (ტურკიუტები) ძველ ავტორთა თხზულებებში „თურქებად“ და „ჰუნებად“ იხსენიებიან. ძველი თურქების ისტორიის ცნობილი მკვლევარი ლ. გუმილიოვი თეოფილაქტეს ცნობების გაანალიზებისას კოლხთა ბელადებისა და 300 ათასი კოლხის ამოხოცვას სწორედ თურქებს მიაწერს. მისი სიტყვით, ეს ამბავი 584 წლის წინა ხანაში ბიზანტია-ტურკიუტების ომის დროს მოხდა. ტურკიუტები, მისი ვარაუდით, აფხაზეთის მხრიდან შეიჭრნენ ეგრისის ტერიტორიაზე და დაახლოებით 160 კილომეტრი (4 დღის სავალი) გზის გასწვრივ მოფენილი გვამები იმ ტყვეებისა უნდა ყოფილიყო, რომელთა წაყვანა უკანდახეულმა არმიამ ვერ შეძლო (Гумилев, 1967. გვ. 108). „ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორიის“ ავტორთა თანახმად, 582/583 წლებში თურქებმა კავკასიიდან ბიზანტიაში შეღწევა სცადეს (История Народов…, 1988. გვ. 99).

აზარბაიჯანელი ა. იუნუსოვის თანახმად, 582-583 წლებში ტურკიუტები თავს დაესხნენ ბიზანტიის იმპერიის ქვეშევრდომ დასავლეთ საქართველოს. ამ ამბების თანამედროვე ბიზანტიელი ისტორიკოსის (მხედველობაში ჰყავს თეოფილაქტე სიმოკატა, რომელმაც VII ს. 30-იან წლებში დაწერა თავისი ისტორია – ვ. გ.) ცნობით, ტურკიუტებმა კოლხთა ბელადები დახოცეს. ომის დროს ამ ტომიდან განადგურებული იქნა სამასი ათასი კაცი, მაგრამ, მაშინ, როცა გამარჯვება კაგანის მხარეზე იყო, თურქთა შორის დაიწყო შინაბრძოლები და მათ დატოვეს საქართველო (Юнусов, 2000. გვ. 16).

თეოფილაქტეს ცნობამ კოლხთა შესახებ ი. კოლომიიცევის წიგნში უკვე რომანტიკული ელფერი მიიღო. მისი სიტყვით, ავარებისა და თურქების აზიიდან აღმოსავლეთ ევროპაში მოსვლით ხალხთა დიდი გადასახლების მეორე ეტაპი დაიწყო, როცა იღუპებოდნენ არა მარტო ცალკეული პირები, არამედ მთელი ტომები. „583 წელს კი ძველი თურქების ლაშქარმა ევროპაში შეღწევა კავკასიის მთავარი ქედის გავლით სცადა. მაგრამ ახლანდელ დასავლეთ საქართველოს მთებში ისინი ადგილობრივი ტომების ზუსტად მსროლელებმა შეაჩერა. შეტევის ჩაშლით განაწყენებულმა აზიატებმა სამსხვერპლო ცხოველების მსგავსად ველური მძვინვარებით ამოხოცეს, თითქმის, 300 ათასი – მილიონის მესამედი ტყვე, რომლებიც დამპყრობლებს ნებაყოფლობით ჩაბარდნენ. სიკვდილით დასჯილთა გვამები ჯგუფებად ეყარა გზის გასწვრივ ოთხი დღის სავალზე. ცოცხლად დარჩენილ იმ მცხოვრებთა დასაშინებლად, რომელბიც საშინელ მდგომარეობაში ტყეებსა და მთათა ხეობებს აფარებდნენ თავს. არავინ იყო, რომ მიწისათვის მიებარებინა თავმოკვეთილი გვამები, მხოლოდ მელიები, ტურები და ყვავები იხდიდნენ მათზე შავ აღაპს (Коломийцев, 2005. გვ. 150).

რა შეიძლება ითქვას თეოფილაქტეს ცნობის ზემომოტანილ ინტერპრეტაციათა შესახებ?

უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო: თურქებს ეგრისში რომ 300 ათასი კაცი დაეტყვევებინათ და დაეხოცათ (აღარაფერს ვამბობ იმათზე, ვინც ბრძოლებში დაიღუპებოდა), ეგრისის სამეფოს დიდი ნაწილი გაუკაცრიელდებოდა. რაც მთავარია, თეოფილაქტეს ცნობიდან არა ჩანს სამასი ათასი კოლხი ტურკიუტებმა მაინცდამაინც დასავლეთ საქართველოში რომ ამოხოცეს. ნ. პიგულევსკაიას იმ შენიშვნას თუ გავითალისწინებთ, რომლის თანახმად, თეოფილაქტეს თავისი „ისტორიის“ შედგენისას იმ ოლქების გეოგრაფიაზე, რომლებზეც წერდა, სათანადო მასალა არ ჰქონდა, მას ტურკიუტთა მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის ზუსტ მითითებაში შეიძლებოდა შეცდომა მოსვლოდა. ასევე, თეოფილაქტეს მიერ ნახმარი გამოთქმა „კოლხთა ბელადები“ საკუთრივ ეგრისის სამეფოს არ უნდა ეხებოდეს. ვფიქრობ, თეოფილაქტეს, როგორც ათენის უმაღლეს სკოლაში განათლებამიღებულ ისტორიკოსს, კარგად ეცოდინებოდა VI საუკუნის ეგრისში მცხოვრები ხალხის დიდი წარსული. თეოფილაქტეს წინამორბედი ბიზანტიელი ავტორის – აგათია სქოლასტიკოსის სიტყვით, ლაზები (კოლხები – ვ. გ.) ხომ ის ხალხი იყო, რომლებიც ამაყობდნენ „კოლხთა ძველი სახელით“, „სახელგანთქმულნი“ და „განდიდებულნი“ იყვნენ (Агафий, 1853. გვ. 73). ამიტომ, ვფიქრობ, თეოფილაქტეს (უფრო სწორად მის წყაროს) მხედველობაში საკუთრივ ეგრისის სამეფოს ტერიტორია არ უნდა ჰქონოდა.

582/583 წლებში ეგრისში თურქთა ასეთი გამანადგურებელი ლაშქრობა რადგან სხვა წყაროებით არ დასტურდება, ვფიქრობ, ზემოდასახელებულ მკვლევრებსაც ასე ხელაღებითა და უკრიტიკოდ თეოფილაქტეს ცნობა არ უნდა მიეღოთ.

თეოფილაქტეს ცნობაში საყურადღებოა მითითება თურქთა კაგანატში დაწყებული შინაომის გამო კოლხებთან მებრძოლმა თურქებმა გამრჯვებით ბოლომდე რომ ვერ ისარგებლეს. მკითხველი ალბათ იკითხავს, თურქებმა ეგრისში თუ 300 ათასი კაცი ამოხოცეს, გამარჯვებულები რატომ არ იყვნენო? ზემოდასახელებულ მკვლევართა პასუხი ერთი იქნება – თურქთა კაგანატში დაწყებულმა შინაომმა აიძულა თურქები ბრძოლის ველი (ე. ი. ეგრისის ტერიტორია) სასწრაფოდ დაეტოვებინათ, თითქოს, ისინი ისეთი სისწრაფით ტოვებდნენ ეგრისს, რომ ჩამორჩენილ ტყვეებს გზადაგზა ხოცავდნენ.

რომ გავერკვეთ ასეთი სისწრაფით ვის უნდა დაეტოვებინა ბრძოლის ველი, დეტალურად უნდა გავეცნოთ თურქთა კაგანატში დაწყებულ შინაომს და ვნახოთ, მართლაც, თუ იყო საჭირო თურქებს კოლხეთიდან (უფრო სწორად კავკასიიდან) ჯარი გაეწვიათ.

თურქთა კაგანატში დაწყებული შინაომი სპეციალურად აქვს გაანალიზებული ლ. გუმილიოვს. როგორც იგი წერს, ეს ომი ისტორიკოსთა მიერ, თითქმის შეუსწავლელია. მასზე ბიზანტიურ წყაროებში ფრაგმენტული ცნობებია, სპარსულმა და ქართულმა წყაროებმა ჩვენამდე არ მოაღწია. რაც შეეხება ჩინელ ავტორებს, მისი სიტყვით, ისინი ისე შორს იყვნენ ომის ასპარეზიდან, რომ ცუდი წარმოდგენა ჰქონდათ შავიზღვისპირეთის გეოგრაფიის შესახებ. ამიტომ, მეტად ძვირფასია იმპერატორ მავრიკიოსისადმი თეოფილაქტეს „ისტორიაში“ შემონახული თურქთა კაგანის – ყარა-ჩურინის წერილის ფრაგმენტული მონაცემები (Гумилев, 1967. გვ. 106).

კაგანის წერილსა და ჩინურ წყაროებში არსებულ ცნობებზე დაყრდნობით კაგანატში დაწყებული შინაომის ამბავს ლ. გუმილიოვი ასე გადმოგვცემს: 581 წლის ბოლოს დიდმა ხანმა ტობომ (მისი რეზიდენცია ჩრდილო-დასავლეთ მონღოლეთში მდ. ორხონის აუზში მდებარეობდა) გარდაცვალების წინ, კაგანატში არსებული ტახტის მემკვიდრეობის წესიდან გამომდინარე, მემკვიდრედ თავისი ძე ამრაკი კი არა, თავისი უფროსი ძმის – მუღან ხანის ძე ტორემანი (ჩინური წყაროების აბო ხანი. კაგანის წერილში იგი „ტურუმ“-ად იწოდება და მას მიეწერება შინაომის დაწყება – ვ. გ.) დაასახელა. კაგანატის ერთ-ერთი მხარის გამგებელმა (ხანმა), ტობოს მომდევნო ძმის, ადრე გარდაცვლილი ყარა ისიკ ხანის ძემ – შეთუმ (ჩინური წყაროების შაბოილო ხანი) მხარი ამრაკს დაუჭირა და განაცხადა: თუ მის წინადადებას არ მიიღებდნენ, ომს დაიწყებდა. შეთუს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ასე გახდა ამრაკი დიდი ხანი, მაგრამ ტორემანის წინააღმდეგობის გამო მან ჩქარა უარი სთქვა პირველი ხანის ტიტულზე და ეს ღირსება შეთუს დაუთმო – შეთუ გახდა კაგანი. მის შემდეგ კაგანატში მეორე პირად ისტემის უფროსი ძე ყარა-ჩურინი ითვლებოდა. ამრაკი მესამე, ტორემანი მეოთხე ხანი გახდა. ამ ოთხი დიდი ხანის გარდა, კაგანატში ოთხი მცირე ხანიც იყო. კაგანატის დასავლეთში სამხედრო ოპერაციებს ერთ-ერთი მცირე ხანი ბური აწარმოებდა. ლ. გუმილიოვის თანახმად, ყირიმში მისი შეჭრის უშედეგო მცდელობის შემდეგ თურქები კავკასიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციით შემოიფარგლნენ – ომი დაიწყეს ბიზანტიასთან (მისი მტკიცებით, ამ დროს ამოხოცეს თურქებმა 300 ათასი კოლხი). მეორე მხრივ, ამ ომის დასასრულს იგი რადგან კაგანატში სამოქალაქო ომის დაწყების (584 წლის დამდეგი) წლით ათარიღებს, ვნახოთ, თუ იყო საჭირო თურქებს სასწრაფოდ შეეწყვიტათ ეგრისში ლაშქრობა და სამხედრო ძალები კავკასიიდან შუა აზიაში გაეწვიათ.

როგორც ლ. გუმილიოვი წერს, ბიზანტიასთან დაწყებული ომის თანადროულად ტურკიუტები ჩინელებს ებრძოდნენ, მაგრამ თურქ ხანებს შორის ერთ-ერთმა უძლიერესმა ყარა-ჩურინმა 582 წელს ჩინეთთან სეპარატული ზავი დადო და ჩინეთიდან თავისი ლაშქარი გამოიყვანა. 583 წელს კი ჩინელებმა ტორემანი დაამარცხეს და ტურკიუტების ლაშქარი განადგურებისაგან კაგან შაბოილოს (შეთუს) გამარჯვებამ გადაარჩინა (Гумилев, 1967. გვ. 110). ამის შემდეგ ჩინურმა დიპლომატიამ მოახერხა, შაბოილო და ტორემანი ერთმანეთისათვის დაეპირისპირებინა. 584 წლის მარტში შაბოილო თავს დაესხა ტორემანის ბანაკს, ხოცვა-ჟლეტისას ტორემანის დედა დაიღუპა. ამ ფაქტმა თურქთა ყველა ხანი ისე გაანაწყენა, რომ ისინი (მათ შორის ყარა-ჩურინი და ტანხანი) ტორემანს სამხედრო ძალით დაეხმარნენ. ტორემანის ხელქვეით ისეთმა ძალამ მოიყარა თავი, რომ შაბოილოს ძმა – ჩოლოხოუ ხანიც მას მიემხრო. 584 წლის შემოდგომაზე შაბოილო იძულებული გახდა ჩინეთის იმპერიასთან არა მარტო ზავი დაედო, თავი იმპერატორის ქვეშევრდომადაც გამოაცხადა. ჩქარა ასე მოიქცა ყარა-ჩურინიც. მისი და ტანხანის დამხმარე ძალები ტორემანს ჩამოსცილდა (თურქთა ხანების ასეთი ქმედება, ძირითადად ჩინეთიდან აბრეშუმის გამოტანის აუცილებლობით იყო განპირობებული. Гумилев, 1967. გვ. 111). ტორემანის შესუსტებული ძალები შაბოილო ხანმა დაამარცხა. ჩქარა მისი ოჯახის წევრებიც დაატყვევეს, თვით ტორემანი თავისი ლაშქრის ნარჩენებით სამხრეთში (ახლანდელი ბუხარის რაიონში) გადავიდა, სადაც ყარა-ჩურინის ძემ დაამარცხა და დაატყვევა. მისი ბრძანებით ამბოხებული ხანი წითელი ფუტკრებით სავსე ტომარაში ჩასვეს, ასე მოუღეს ბოლო (Гумилев, 1967. გვ. 115).

სანამ ტორემანი ცოცხალი იყო, კაგანი შაბოილო თავს მშვიდად ვერ გრძნობდა. ტორემანს იგი ჩინეთში გაერიდა, 587 წელს გარდაიცვალა. შაბოილოს ძემ კაგანის ტახტი ბიძას – ჩოლოხოუს შესთავაზა და თავი მის ქვეშევრდომად აღიარა. ტახტის დაკავების შემდეგ ჩოლოხოუ ყარა-ჩურინის წინაამდეგ გამოემართა, მაგრამ ბრძოლაში დამარცხდა და დაიღუპა. ამის შემდეგ ტახტის მემკვიდრეობის წესიდან (უფროსი ხანი – კაგანი გვარში უფროსი ხდებოდა) გამომდინარე, კაგანატში პირველი პირი – კაგანი ყარა-ჩურინი გახდა. აი ამ ამბების შესახებ ატყობინებდა ყარა-ჩურინი იმპერატორ მავრიკიოსს.

ამრიგად, თუ ყოველივე ზემოთქმულს გავითალისწინებთ, 581 წლიდან კაგანატში დაწყებული შინააშლილობის დროს ისეთი არაფრი მომხდარა, ყარა-ჩურინსა და მის ძმას – ტანხანს კავკასიაში მებრძოლი, მათ დაქვემდებარებაში მყოფი ბური ხანის ლაშქარი სასწრაფოდ შუა აზიაში გაეხმოთ. პირიქით, 582 წელს ყარა-ჩურინმა თავისი ძალები ჩინეთიდან გამოიყვანა. ამის შემდეგ მას და მის ძმას – ტანხანს ათი ათასობით მეომარი ჰყავდათ რეზერვში. ასეც რომ არ ყოფილიყო, აკდაღის რეზიდენციიდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ კავკასიაში ომს, როგორც ითქვა, ყარა-ჩურინის ხელქვეითი ბური ხანი აწარმოებდა და 580 წელს ყირიმის დაუფლების უშედეგო ცდის შემდეგ სამხედრო ძალით დახმარება, პირიქით, მას სჭირდებოდა. ამიტომ, ლ. გუმილიოვის მტკიცება (რომელსაც სხვა მკვლევრებიც იზიარებენ), თითქოს, 582/83 წლებში ტურკიუტებმა უშედეგოდ სცადეს ეგრისის გავლით ბიზანტიაში შეჭრა, დამაჯერებლობას მოკლებულია. თურქთა ასეთი ქმედების შესახებ ხომ ყარა-ჩურინის წერილშიც არფერია ნათქვამი.

ამ უკანასკნელ გარემოებას ლ. გუმილიოვი დიპლომატიური დელიკატესობით ხსნის (Гумилев, 1967. გვ. 108). მაგრამ ყარა-ჩურინის ქვეშევრდომ ხანს ეგრისში ბიზანტიელთა 300 ათასი ქვეშევრდომი რომ ამოეხოცა, ამას დიპლომატიური ეტიკეტით ვერ უარყოფდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უფრო მისაღები ხომ არ იქნება იმ ხალხად, რომლებმაც კოლხები ამოხოცა, ავარები მივიჩნიოთ. აქ თუ იმასაც გავიხსენებთ, თეოფილაქტეს ცნობიდან გამომდინარე, ოგორთა და კოლხთა განადგურება იუსტინიანე I-ის ზეობაში (527 – 565 წწ.) მომხდარ ფაქტად ივარაუდება, და, როგორც ზემოთ ითქვა, თავისი „ისტორიის“ ამ ნაწილში, თეოფილაქტეს ქრონოლოგიაშიც აქვს შეუსაბამობანი, ასეთი ვარაუდი ისტორიულ რეალობასთან უფრო ახლოს უნდა იყოს. 558 წლის ივნისში იუსტინიანე I-ის მიერ თურქთა ელჩობის კარგად მიღებამ ავარები ხომ ისე გააღიზიანა, რომ ისინი იუსტინიანე I-ის მოკავშირეებს დაერივნენ. ხოლო 567 წელს ჩრდილო კავკასიაში ისტემის გამოჩენის შემდეგ სასწრაფოდ დატოვეს ჩრდილო კავკასიისა და აზოვის ზღვის ამოსავლეთით მდებარე ველები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სწორედ ავარები იჩენდნენ დაპყრობილი ხალხების მიმართ დიდ სისასტიკეს. მაშინ როცა ისტემი და ყარა-ჩურინი, თვით ლ. გუმილიოვის სიტყვით, დამორჩილებულ ქვეყნებში მოდუს ვივენდი-ს პოლიტიკას ატარებდნენ (Гумилев, 1967. გვ. 148).
ზემოგამოთქმული მოსაზრება რომ უფრო დამაჯერებელი გახდეს, სხვა მასალასაც მოვიხმობ, პირველ რიგში კი თეოფილაქტეს „ისტორიაში“ არსებულ ცნობებს გავაანალიზებ.

„ისტორიის“ მეშვიდე წიგნის VIII თავში, თეოფილაქტე როცა ბალკანეთში მიმდინარე ამბებზე საუბრობს, წერს: „რადგან მე მოგითხრობთ კავკასიასთან და ჩრდილოეთამდე მცხოვრებ სკვითებზე, საჭიროდ მიმაჩნია ამ დიდი ხალხის შესახებ ჩემს ისტორიაში დამატებითი თხრობა ჩავრთო“-ო და გვამცნობს: როცა ზაფხული დადგა (იგულისხმება 598 წ. – ვ. გ.) იმან აღმოსავლეთში თურქები რომ კაგანს უწოდებენ მავრიკიოსთან გააგზავნა ელჩები და წერილი, რომელშიც დიდი ქებით იყო აღწერილი ყველა მისი გამარჯვება“. თეოფილაქტეს იქვე მოაქვს კაგანის წერილის დასაწყისი, სადაც კაგანი (ე. ი. ყარა-ჩურინი) თავის თავს შვიდი ტომის მბრძანებელს უწოდებს. იმპერატორს ატყობინებს, რომ მან „დაამარცხა აბდელთა ტომი, ახლა რომ ეფტალიტებად არიან ცნობილნი“ (Феофилакт Симокатта, 1957. გვ. 159 – 160). ამის შემდეგ, თეოფილაქტე, როგორც ჩანს, წერილის შინაარსს გადმოსცემს და მას, მის ხელთ არსებული სხვა წყაროთა მონაცემებით ავსებს. მოგვითხრობს თურქთაგან ავარების დამარცხების ამბავს და წერს: კაგანმა სხვა საქმეებიც მოიმოქმედა – დაიმორჩილა ერთ-ერთი ძლიერი და მრავალრიცხოვანი ოგორის ტომის ხალხი, რომელთა ნაწილი დასაველთისაკენ გამოიქცა, დასახლდა ევროპაში და იქვე დასძენს, მოგითხრეთ რა ავარებზე, გადავალ შემდეგ ისტორიაზე – როცა ოგორთა ტომი საბოლოოდ იქნა დამარცხებული, კაცმა ნათესაობით კაგანის ახლობელმა ტურუმმა მოინდომა სახელმწიფო გადატრიალება, შეკრიბა დიდი ძალები, მაგრამ დამარცხდა. ყველა ამ გამარჯვებების შესახებ აცნობა კაგანმა იმპერატორსო (Феофилакт Симокатта, 1957. გვ. 161).

როგორც ვხედავთ, ყარა-ჩურინი იმპერატორ მავრიკიოსისადმი გაგზავნილ წერილში ყურადღებას ძირითადად თურქთა მიერ ჰეფტალიტების, ავარებისა და ოგორების დამარცხებაზე ამახვილებს. კაგანატში შინაომის დაწყება, ჩვენთვის ნაცნობი ტორემანის ამბოხებასთანაა დაკავშირებული.

ზემომოთხრობილ ამბავს, თეოფილაქტე, როგორც ითქვა, მხოლოდ კაგანის წერილზე დაყრდნობით არ გადმოგვცემს (წერილში კოლხთა დამარცხებაზე არაფერია ნათქვამი). რაც მთავარია, დასახელებული ხალხები ისტემიმ დაამარცხა, ამიტომ, ჩანს, ყარა-ჩურინი იმპერატორს, საერთოდ, თურქთა წარმატებების შესახებ ატყობინებდა. თეოფილაქტესთან კოლხთა ამოხოცვის ამბავი რადგან უშუალოდ ოგორთა დამარცხებას მოსდევს, მის წყაროს მხედველობაში დასავლეთ ციმბირში მცხოვრები ოგორები კი არა, იმ ხანად აზოვის ზღვის აღმოსავლეთით არსებული ის „ქვეყანა ონოგორია“ (ოგორთა ქვეყანა) უნდა ჰქონოდა, რომელსაც VII ს. რავენელი ანონიმი ასახელებს. „ქვეყანა ონოგორიის“ სამხრეთი კი ძველი ავტორები ლაზთა (კოლხთა) განსახლების შესახებ მიუთითებენ. ასე მაგალითად, ახ. წ. II ს. ავტორი, 131 – 137 წლებში კაპადოკიის გამგებელი ფლავიუს არიანე, რომელიც კარგად იცნობდა შავი ზღვის ამოსავლეთ სანაპიროს, როცა მოგვითხრობს ამ სანაპიროზე მდებარე ქალაქებს შორის რა მანძილი იყო, თანამედროვე ქ. ტუაფსეს ჩრდილოეთით „ძველ ლაზიკას“ ასახელებს (Арриан, 1948. გვ. 271-272).

არიანეს შემდგომი ხანის ავტორებიდან ფსევდო არიანე (V ს.) უფრო აკონკრეტებს „ძველი ლაზიკის“ მდებარეობას და წერს: ძველი ლაზიკის ადგილას ახლა ეგრეთ წოდებული ნიკოფსია მდებარეობსო (Псевдо-Арриан, 1948. გვ. 231-232). „ძველ ლაზიკას“ იხსენიებს სტეფანე ბიზანტიელიც (VI ს.). მისი განმარტებით, „ძველი ლაზიკის“ შესახებ ცნობა თუ არიანედან მომდინარეობს (Стефан Византийский, 1948. გვ. 322), ძველი ბერძენი გეოგრაფის კლავდიოს პტოლემაიოსის (გარდ. ახ. წ. 161 წ.) რუკაზე შავი ზღვი ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო ლაზთა ქვეყნადაა მითითებული (Гогия, 2005. გვ. 19). რუკის გამოცემლის ბ. გოგიას მითითებით, იმ ხანად კოლხეთის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი თუ აზოვის ზღვამდე არა, მდ. ყუბანმდე მაინც აღწევდა. ეს უფრო გვიანდელი წყაროებითაც ჩანს (Гогия, 2005. გვ. 18).

მოტანილი მასალიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: თეოფილაქტეს წყარო რომ თურქთა მიერ კოლხების (ლაზების) ამოხოცვის შესახებ წერდა, მას მხედველობაში ჩრდილო კავკასიის შავიზღვისპირეთში მდებარე, ანტიკური ავტორებისათვის კარგად ცნობილი „ძველი ლაზიკის“ მიმდებარე ტერიტორიებზე განსახლებული ხალხი ჰყავდა. ოგორების („ქვეყანა ონოგორიის“) განდგურების შემდეგ, როგორც ჩანს, ავარები მათ სამხრეთით მცხოვრებ ლაზებს დაესხნენ თავს.

„ქვეყნა ონოგორიის“ განადგურებისა და ლაზთა ამოხოცვის შემდეგ ამ ხალხთა საცხოვრებელი არეალი მეზობლად მცხოვრები ტომებისათვის უპრობლემოდ დასასახლებელი მხარე რომ გამხდარა, ამას VI ს. ბიზანტიელი ავტორის პროკოპიოს კესარიელის (გარდ. 562 წ.) ცნობა მოწმობს. პროკოპიოსი ჩრდილო კავკასიაში განსახლებული ხალხების აღწერისას აღნიშნავს: აი ახლა „ექვსინიის პონტოს ნაპირზე დამკვიდრდნენ ჯიქები“-ო (Прокопий из Кесарий. 1950. გვ. 383).

ჯიქების მიერ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს დაკავების ამბავი რადგან პროკოპიოსის თხზულებაშია ასახული, იგი კი თავის ისტორიას 562 წლის წინა ხანაში წერდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ დასახელებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის ამოხოცვა 562 წლის წინა ხანაში ავართა ლაშქრობას მოჰყვა.

ჯიქების ადგილგადანაცვლებისა და მათ მიერ შავიზღვისპირეთის დაკავება ვახტანგ გორგასლის „ცხოვრებაშიც“ არის ასახული. ვახტანგ გორგასლის ჩრდილო კავკასიაში ლაშქრობის აღწერისას, მასში ნათქვამია: „მაშინ მუნ იყო პაჭანიკეთი მოსაზღვრედ ოვსეთისა, მდინარესა მას ოვსეთისავე წიაღ, და ჯიქეთი მუნვე იყო. შემდგომად ჟამთა მრავალთა იოტნეს პაჭანიკნი და ჯიქნი თურქთაგან; და წარვიდეს პაჭანიკნი დასავლით კერძო, ხოლო ჯიქნი დაემკჳდრნეს ბოლოსა აფხაზეთისასა“ (ჯუანშერი, 1955, გვ. 156-157).

VI ს. შუახანებში შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე ჯიქების დამკვიდრების შესახებ ზემომოტანილ ცნობებს, ერთი შეხედვით, ძველი ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის (ძვ. წ. 64/63 – ახ. წ. 23/24) მონაცემები (იგი „ზიგებს“ შავიზღვისპირეთში ჰენიოხების ჩრდილოეთით ასახელებს. როგორც ვარაუდობენ, სარმატიიდან ამ ტერიტორიაზე ჯიქების ერთ ნაწილს ძვ. წ. I ს-ში კოლხეთის სამეფოს დაცემის შემდეგ უნდა შეეღწია. გ. მელიქიშვილი, 1970. გვ. 478 – 482), ეწინააღმდეგება. მაგრამ, გარდა იმისა, რომ ზოგი მკვლევარი სტრაბონისეულ ზიგებს სარმატული მოდგმის იაზიგებთან (რომლებიც შემდეგ ბალკანეთში გადასახლდნენ) აკავშირებს (ყაუხჩიშვილი, 1957. გვ. 253) აიგივებს, თვით სტრაბონის მონაცემები ჰენიოხებისა და ზიგების საცხოვრისი ადგილის შესახებ იმდენად ზოგადია (ყაუხჩიშვილი, 1957. გვ. 99, 11, 119 – 120), რომ მათი განსახლების ადგილის ზუსტი განსაზღვრა ჭირს. აღნიშნულთან ერთად, სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული მითითებით, ეთნონიმი კოლხი რადგან „სხვა უფრო წვრილ, როგორც ქართველურ (მეგრულ-ჭანურ და სვანურ), ისე შესაძლებელია, აფხაზურ-ადიღეურ ტომებსაც“ ფარავდა (ლომოური, 1994. გვ. 4 – 5), უნდა ვივარაუდოთ, რომ 558 წლის შემდგომ ახლო ხანაში შავი ზღვის ჩიდილო-აღმოსავლეთი სანაპიროზე მცხოვრებ კოლხებთან (ლაზებთან) ერთად აფხაზურ-ადიღეური მოსახლეობაც გახდა ავართა თავდასხმის მსხვერპლი. იმ მხარეში „ძველი ლაზიკის“ არსებობის გამო, შესაძლოა, თეოფილაქტეს წყარომ მთელი მოსახლეობა კოლხებად მიიჩნია. მოსახლეობისაგან დაცლილ ზღვისპირეთში კი სარმატიიდან ჯიქების ახალი, დიდი მასის ჩასახლება მოხდა, რაც აისახა პროკოპიოს კესარიელის თხზულებაში.

ახლა ისევ ვახტანგ გორგასლის „ცხოვრებაში“ არსებულ ცნობას დავუბრუნდეთ.

ქართული წყარო „ბოლო აფხაზეთისა“ სწორედ ფლავიუს არიანეს „ძველ ლაზიკას“ შეესაბამება. ჯიქების მიერ შავიზღვისპირეთის დაკავება წყაროში ჩრდილო კავკასიაში ვახტანგ გორგასლის ლაშქრობიდან (447 – 450 წწ.) „შემდგომად ჟამთა მრავალთა“ თურქთაგან პაჭანიკთა დამარცხებას უკავშირდება, ამიტომ იგი XI ს-ში მომხდარ ამბად იქნა მიჩნეული (ჯავახიშვილი, 1977. გვ. 190), მაგრამ ქართული წყაროს ცნობა რადგან პროკოპიოს კესარიელის მითითებას იმეორებს და ხალხთა ადგილგადანაცვლება ზუსტად ემთხვევა იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ჩრდილო კავკასიაში ავართა გამოჩენის შემდეგ შეიქმნა, ვფიქრობ, გარკვეული საფუძველი არსებობს პროკოპიოსისა და ვახტანგ გორგასლის „ცხოვრებაში“ არსებული ცნობები თეოფილაქტე სიმოკატას მონაცემთა ანალიზიდან გამომდინარე შედეგების (ე. ი. კოლხთა ამოხოცვის შემდეგ ზღვისპირეთის ტერიტორია ოთხი დღის სავალზე რომ უკაცრიელი შეიქმნა) დამადასტურებლად მივიჩნიოთ. მართალია, თეოფილაქტეს ცნობა თურქთა (იგივე ავართა) მიერ 300 ათასი კოლხის (ლაზის) ამოხოცვის შესახებ გარკვეულწილად გაზვიადებულია, მაგრამ იგი, როგორც ვნახეთ, ისტორიული რეალობის ამსახველი უნდა იყოს.

რა წყაროთი სარგებლობდა ის პიროვნება, რომელმაც ვახტანგ გორგასლის „ცხოვრებაში“ შეიტანა ცნობა თურქთა დაწოლით პაჭანიკებისა და ჯიქთა ადგილგადანაცვლების შესახებ, ძნელი სათქმელია. იმის ვარაუდი კი შეიძლება, ასეთი ჩანამატი ვახტანგის „ცხოვრების“ ტექსტში XI საუკუნეში „ქართლის ცხოვრების“ კრებულის შედგენა-რედაქტირებისას ლეონტი მროველს შეეტანა. ჩანართის ავტორმა (ლეონტიმ?) ჩრდილო კავკასიაში მოსული თურქთა დაწოლით როცა დასავლეთისაკენ პაჭანიკთა, ხოლო ჯიქთა „აფხაზეთის ბოლოს დამკვიდრების“ შესახებ ვახტანგის „ცხოვრებაში“ ცნობა ჩართო, მან არ იცოდა როდის მოხდა ასეთი ადგილგადანაცვლება, ამიტომ ეს ამბავი ჩრდილო კავკასიაში ვახტანგის ლაშქრობიდან „შემდგომადა ჟამთა მრავალთა“ განსაზღვრა, ხოლო თურქთაგან დევნილი ავარების სახელი მის თანადროული პაჭანიკებით შეცვალა (შდრ. ანჩაბაძე, 1993). ჯიქების აფხაზეთის ბოლოს დამკვიდრება ჩრდილო კავკასიაში თურქების მოსვლას დაუკავშირა.

ახ. წ. II – VI საუკუნეებში შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე რომ ლაზური მოსახლეობა იყო, შემთხვევითი არაა. როგორც ცნობილია, უძველესი დროიდან მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი ქართველური ტომები ფართოდ გავრცელდნენ ამიერკავკასიის ფარგლებს გარეთ და დაიკავეს სამხრეთით, თითქმის, მთელი ანატოლია, ხოლო ჩრდილოეთით ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასია გროზნოს მხარის ჩათვლით (ჯაფარიძე, 1984. გვ. 185 – 186). ეს ტერიტორია, არა თუ VI, XI საუკუნეშიც რომ ქართული მხარე იყო, კარგად სცოდნია ლეონტი მროველს. მისი ცნობით, ეგრისელთა (ლაზთა, კოლხთა) ეპონიმის – ეგროსის წილხვდომილი ქვეყნის ჩრდილო საზღვარი იყო „მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა“ (ლეონტი მროველი, 1955. გვ. 5).

ზემომოტანილ ცნობაზე დაყრდნობით, ივ. ჯავახიშვილმა ეგრისის ჩრდილოეთის „მოსაზღვრე ხაზად მდ. ყუბანის შესართავი და კავკასიის ქედის წვერი“ მიჩნია (ჯავახიშვილი, 1996. გვ. 4), მაგრამ, როგორც ზ. რატიანი წერს, ლეონტის მონაცემიდან გამომდინარე, ეგრისის ჩრდილოეთი საზღვარი მთლიანად მდ. ყუბანის დინება იყო (რატიანი, 1995. გვ. 10). მისი სიტყვით, ძველად საქართველოს გარკვეული ნაწილი ჩრდილო კავკასიაშიც მდებარეობდა – ეს იყო „პირიქითა საქართველო“ (რატიანი, 1995. გვ. 11). იგი მდ. ყუბანის დინების სამხრეთით მდებარე ტერიტორიას მოიცავდა ტამანის ნახევარკუნძულამდე და ლეონტი მროველის თანახმად, უძველესი დროიდან ქართველთა ისეთივე დედასამშობლო – პირველსაცხოვრისი ყოფილა, როგორც საქართველოს სხვა კუთხეები (რატიანი, 1995. გვ. 10). ზ. რატიანის მტკიცებით, მის ასეთ თვალსაზრისს XVI ს. ქართული საისტორიო ძეგლის „ბიჭვინთის იადაგარის“ (მასში ბიჭვინთელი კათალიკოსის სამწყსოს ჩრდილო საზღვრად კაფა/კოფინი – მდ. ყუბანი არის დასახელებული), რუსი ისტორიკოსის ვასილი ტატიშჩევისა (მის «История Российской»-ში აღნიშნულია: ჩვენი წინაპრები რომ ობეზებს უწოდებენ, ახლა მათი მიწების დიდ ნაწილს ყუბანელები ავსებენო – გვ. 171) და 1990 წელს მოსკოვში რუსულ ენაზე გამოცემული კასიმ მერეტუკოვის „ადიღეური ტოპონიმიკურ ლექსიკონში“ თვით მერეტუკოვის მიერ ქართული წარმომავლობის ტოპონიმებად მიჩნეული (ასევე თვით ზ. რატიანის მიერ გამოვლენილი – ვ. გ.) მასალა უჭერს მხარს (რატიანი, 1995. გვ. 16).

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ უნდა დავასკვნა:

I. თეოფილაქტე სიმოკატას ცნობის ანალიზისას მიღებული შედეგები (სხვა მასალასთან ერთად) იმის დასტურად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო, როგორც მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების ერთ-ერთი მხარე, ახ. წ. VI ს-ში (შემდგომაც) კვლავ ქართველური მოდგმის ტომების განსახლების არეალად რჩებოდა;

II. VII ს. ბიზანტიელი ავტორის – თეოფილაქტე სიმოკატას „ისტორიაში“ არსებული ცნობა, რომელიც დღემდე ქართული ისტორიოგრაფიისათვის უცნობი იყო, თურქთა მიერ კოლხთა ბელადებისა და 300 თასი კოლხის ამოხოცვის შესახებ, გარკვეულწილად გაზვიადებულია, მაგრამ იგი ისტორიულ რეალობას ემყარება;

III. დაახლ. 558 წელს (ან ცოტა გვიან – 562 წლამდე) ცენტრალური აზიიდან გამოქცეულმა ჟუჟანებმა (რომელნიც აღმ. ევროპაში ავართა სახელით გახდნენ ცნობილნი), აზოვის ზღვის აღმოსავლეთით არსებული ოგორების განადგურების შემდეგ, როგორც ჩანს, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსვლეთ სანაპიროს მოსახლეობაც ამოხოცეს, მათი განსახლების ყოფილი ტერიტორია სარმატიაში (უფრო სავარაუდოა, ჩრდილო კავკასიის მთისპირეთში) მცხოვრებმა ზიხებმა (ჯიქებმა) დაიკავეს, რაც აისახა ძველ ქართულ და უცხოენოვან წყაროებში.

 


 

 მითითებული წყაროები და ლიტერატურა

1. ანჩაბაძე გ., ეთნომიმ „ხაზარის“ მნიშვნელობისათვის „ქართლის ცხოვრებაში“, ქართული წყაროთმცოდნეობა, VIII, თბ., 1993.
2. ბოგვერაძე ა., ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფოები VI – VIII საუკუნეებში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ., 1973.
3. გოილაძე ვ., აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზა და საქართველო, თბ., 1997.
4. გოილაძე ვ., „მიწის ენა“ მრუდე სარკეში, თბ., 2007.
5. თეოფანე ჟამთააღმწერელი. წიგნში „გეორგიკა“, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა ს. ყაუხჩიშვილმა, ტ. IV, ნაკვ. I, თბ., 1941.
6. თეოფილაქტე სიმოკატა, წიგნში „გეორგიკა“, IV, ნაკვ. I, თბ., 1941.
7. ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. I, თბ., 1955.
8. ლომოური ნ., ძველი კოლხეთის Eეთნიკური სურათისათვის. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საშემოდგომო სამეცნიერო სესია (მოხსენებათა თეზისები), თბ., 1994.
9. მელიქიშვილი გ., ისტორიული კოლხეთის მოსახლეობა ძვ. წ. II – I საუკუნეებში. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970.
10. რატიანი ზ., წყაროთა ღაღადი ანუ პირიქითა საქართველო, თბ., 1995.
11. სილაგავა ვ., შენგელია კ., საქართველოს ისტორია, თბ., 2006.
12. ყაუხჩიშვილი თ., სტრაბონის გეოგრაფია, თბ., 1957.
13. ჯავახიშვილი ივ., საქართველოს საზღვრები. გამოცემა მოამზადა დ. ცინცაძემ, თბ., 1996.
14. ჯავახიშვილი ივ., ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V – XVIII სს.), თხზულებანი, ტ. VIII, თბ., 1977.
15. ჯაფარიძე ო., მტკვარ-არაქსის კულტურა, ქართ. საბჭ. ენციკლოპედია, ტ. 7. თბ., 1984
16. ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, ქართლის ცხოვრება. ტ. I, თბ., 1955.
17. Агафий, О царствовании Юстиниана. Перевод М. В. Левченко, М., 1953.
18.  Арриан, Объезд Эвксинского Понта, Вестник древней истории (ВДИ), 1948, № 1.
19. Гогия Б., Абхазия – историческая провинция Грузии. Париж-Тбилиси, 2005.
20. Гумилев Л., Древние тюрки, М., 1967.
21. История народов Северного Кавказа с древнейших времён до конца XVIII в., М., 1988.
22. Коломийцев И., Тайны великой Скифии, М., 2005.
23. Летопись византийца Феофана от Диоклетиана до царей Михаила и сына его Феофилакта. Перевод с греческого В. И. Оболенского и Ф. А. Терновского. М., 1884.
24. Менандр Византиец. Перевод с греческого. „Византийские историки“, СПб., 1861.
25. Пигулевская Н. В., Феофилакт Симокатта и его „История“. წიგნში, Феофилакт Симокатта, История. М., 1957.
26. Прокопий из Кесарии, Война с готами. Перевод с греческого С. П. Кондратьева. М., 1950.
27. [Псевдо-Арриан], Объезд Эвксинского Понта, ВДИ, 1948, № 4.
28. Стефан Византийский, Описание племен, ВДИ, 1948, № 3.
29. Феофилакт Симокатта, История. Перевод С. П. Кондратьева, примечания К. А. Осиповой, М., 1957.
30. Юнусов А., Месхетинские турки: дважды депортированный народ. Баку, 2000.

 


 

V. Goiladze
 
ONE ACCOUNT OF THEOPHILACT SIMOKATTA ABOUT KOLKHIS
AND THE QUESTION IT’S REALITY
 
SUMMARY
 

There is the account existent in VII-th century Bizantian author’s Theophilact Simokatta’s work “History” (This account was unknown till nowadays for Georgian historiography). This account, about kolkhi’s chiefs and 300 000 kolkhis killed by Turks is partly exaggerated, but it depicts historical reality.

At about 558 (or bit lately 562) the Jujans run from central Asia (they were known as Avars in Eastern Europe) devastated Ogors lived eastern beach of Azov sea. After this the Jujans killed Kolkhis and population lived on North-eastern beathch of Black sea. This was depicted in Theophilact Simokatta’s “History”. After this Kolkhi’s territory occupied Zikhs (Jiks). This is depicted georgian “Life of Vakhtang Gorgasali” and foreign Prokopios Kesarian written sources.

The results received by analyze of Theophilact Simokatta’s account confirms that the North-eastern beach of the Black Sea was territory of Georgian tribes in VI-th century (and in next times too). This territory was the part of the culture of Mtkvar-Araksi. All denoted agreed that the river Kuban was the North-western range of Lazika.